საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-833-825(კ-16) 9 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გე. და გ. პ-ეების საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის - სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.
2015 წლის 7 სექტემბერს სსიპ შემოსავლების სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების გე. და გ. პ-ეების მიმართ.
მოსარჩელემ ი/მ გე. პ-ის და გ. პ-ის ცრუმაგიერ პირებად აღიარება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდა; დადასტურებულად იქნა ცნობილი ი/მ გე. პ-ე და გ. პ-ე ერთმანეთის ცრუმაგიერ პირებად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი/მ გე. პ-ემ და გ. პ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით ი/მ გე. პ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 5 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გე. პ-ემ და გ. პ-ემ, რომელთაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ გე. პ-ის და გ. პ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ" ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო ხელმოწერილი, არ შეიცავდა გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებს (კასაციის მიზეზები) და მას არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით კასატორებს - გე. და გ. პ-ეებს დაუდგინათ ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრათ განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა. ამასთან, კასატორებს განემარტათ, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს - გე. და გ. პ-ეებს და 2016 წლის 17 ნოემბერს ჩაჰბარდათ მათთვის გაგზავნილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინების შემცველი გზავნილი, რაც დასტურდება გზავნილზე კასატორების - გე. და გ. პ-ეების ხელმოწერით.
2016 წლის 28 ნოემბერს (შაბათ-კვირის გათვალისწინებით) საკასაციო სასამართლოს მომართეს გე. და გ. პ-ეებმა და წარმოადგინეს ცალ-ცალკე საკასაციო საჩივრები, რომლებიც კვლავ არ იყო დასაბუთებული. მასში არ იყო მითითება გასაჩივრებული განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებზე და საკასაციო საჩივრებს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დედნის სახით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებებით გე. და გ. პ-ეებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა კვლავ 10 დღით, დაევალათ წარმოედგინათ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამასთან, კასატორებს დამატებით განემარტათ, რომ მოცემული დავის შემთხვევაში ცალ-ცალკე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია ცალ-ცალკე სახელმწიფო ბაჟი, ხოლო ორივე კასატორის მიერ ერთი საკასაციო საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში გადაიხდება ერთი სახელმწიფო ბაჟი.
ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებების შემცველი გზავნილები კანონით დადგენილი წესით საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ კასატორებს - გე. და გ. პ-ეებს და 2016 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდათ პირადად, რაც დასტურდება გზავნილებზე კასატორების - გე. და გ. პ-ეების ხელმოწერით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. ხოლო 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
გამომდინარე იქიდან, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებების ასლები კასატორებს - გე. და გ. პ-ეებს 2016 წლის 26 დეკემბერს ჩაჰბარდათ პირადად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2016 წლის 27 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10_დღიანი ვადა 2017 წლის 5 იანვარს 24 საათზე იწურებოდა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გე. პ-ისა და გ. პ-ის საკასაციო საჩივრები დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს გ. პ-ისა და გე. პ-ის საკასაციო საჩივრები;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი