Facebook Twitter

358საზ-07 13 ივლისი, 2009 წელი

Q ქ. თბილისიU

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განაჩენით დ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა’’, «ბ’’ ქვეპუნქტების (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

მსჯავრდებული დ. ნ-ი სასჯელს იხდის 2004 წლის 6 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 13 იანვრის განკარგულებით მსჯავრდებული დ. ნ-ი შეწყალებულ იქნა და გათავისუფლედა ძირითადი სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით მსჯავრდებული დ. ნ-ი თავისი საჩივრით ითხოვს მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების მოქმედ სისხლის სამართლის კანონთან შესაბამისობაში მოყვანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. ნ-ის პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 15 წლამდე. ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ» ქვეპუნქტი (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა, ხოლო სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია). ამასთან, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს აღნიშნული მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებაზე, ვინაიდან ამ მუხლით მისთვის დანიშნული სასჯელი ახალი კანონის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებულ ფარგლებშია განსაზღვრული.

რაც შეეხება თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განაჩენით დ. ნ-ის მსჯავრდებას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ბ’’ ქვეპუნქტის (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) საფუძველზე, ამ ნაწილში არ არსებობს ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება, რის გამოც აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი დ. ნონიკაშვილის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. ნ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 9 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

მსჯავრდებულ დ. ნ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტიდან (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტზე (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, ასევე მსჯავრდებულ დ. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.