359საზ. 27 მარტი, 2008 წელი
Q ქ. თბილისიU
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე დავით სულაქველიძე
მოსამართლეები: მაია ოშხარელი
იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ ი-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განაჩენით ვ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ”, ,,გ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტების (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით. მასვე დაზარალებული ორგანიზაციის სასარგებლოდ დაეკისრა 775 (შვიდასსამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
მსჯავრდებული ვ. ი-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტს გამოტანილი განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ ვ. ი-ს პირადი საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ქურდობისათვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ექვს წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), ბინაში, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად გათვალისწინებული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტი (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შეესაბამება საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტს (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), რომელიც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. ი-ს ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია), ხოლო მისი ქმედების კვალიფიკაცია, განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტთან (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).
რაც შეეხება გასაჩივრებული განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ ვ. ი-ს ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით (2000 წლის 30 მაისის რედაქცია), უნდა დარჩეს უცვლელად, ვინაიდან ამ ნაწილთან მიმართებით არ არსებობს ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, კანონს, რომელიც სასჯელს ამსუბუქებს, აქვს უკუძალა, რის გამოც ვ. ი-ს სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელი _ 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა _ უნდა შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას საბოლოო სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ ვ. ი-ს სასიკეთოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. ი-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 15 მარტის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება: მსჯავრდებულ ვ. ი-ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტებიდან (2000 წლის 30 მაისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია). ამასთან, ვ. ი-ს გასაჩივრებული განაჩენით განსაზღვრული საბოლოო სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით _ შეუმცირდეს 1 (ერთი) წლით და მას სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში მსჯავრდებულ ვ. ი-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.