¹378/საზ ქ. თბილისი
21 იანვარი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. შ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 16 იანვრის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2002 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ი. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენითი დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 3 თვე და 11 დღე და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 16 იანვრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ი. შ-ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი _ 10 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განჩინებით ი. შ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა.
მსჯავრდებული ი. შ-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წლის 28 აპრილს შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ი. შ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია განსაზღვრული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით (2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისათვის, იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტი (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, იმის მიერ ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) ხსენებული ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს. ამდენად, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებული ქმედება ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 16 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ი. შ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2003 წლის 16 იანვრის განჩინება მსჯავრდებულ ი. შ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.