საქმე № ბს-135-134 (კ-კს-16) 14 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, სასკ-ის 1.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, განიხილა ი. ხ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, რის შემდეგაც
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ი. ხ-მა სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის და მესამე პირების ქ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 30.03.2015წ. გადაწყვეტილების გამოცემის დღიდან ბათილად ცნობა და ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება სადავო უძრავი ქონების ი.ხ-ის სახელზე რეგისტრაციის შესახებ, ასევე სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯის მოპასუხისა და მესამე პირისათვის დაკისრება.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 05.06.2015წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ყვარლის სარეგისტრაციო სამსახურის 30.03.2015წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს 19.11.2015წ. განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება, სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 30.03.2015წ. გადაწყვეტილების გაუქმების გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს 05.06.2015წ. გადაწყვეტილება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა.
ი. ხ-მა კერძო საჩივარი შემოიტანა საკასაციო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინების გაუქმება და მითითებული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოში საქმის წარმოებისას მის მიერ გაღებული იქნა საადვოკატო ხარჯი 600 ლარის ოდენობით. ვინაიდან მისი სასარჩელო მოთხოვნიდან ერთი მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება, თვლის, რომ სახეზეა მის მიერ გაღებული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ და ი. ხ-ს სრულად ეთქვა უარი საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაზე. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ხარჯების გადანაწილების ნაწილში სააპელაციო პალატამ დაარღვია სსკ-ის 393.3, 394-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა კერძო საჩივრის საკასაციო საჩივრის ნაწილად მიჩნევის საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. მხარეთა მიერ საქმის წამოებისას გაღებული ხარჯები მოიცავს სასამართლო ხარჯებს და სასამართლოსგარეშე ხარჯებს. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს (სსკ-ის 37 მუხ.). საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე სასამართლო მსჯელობს საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით და რაიმე სპეციალური დანაწესი მითითებულ ხარჯებზე ცალკე მსჯელობის საჭიროებაზე არ არის გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზეა მითითებულ ხარჯებზე მსჯელობის არარსებობის პირობებში დამატებით გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საბოლოო შემაჯამებელი გადაწყვეტილებით იმსჯელა ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხზე, ცალკე განჩინება ამ საკითხთან მიმართებით არ მიღებულა, რის გამოც კერძო საჩივრის წარმოდგენა მითითებულ საკითხზე უმართებულოა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სახეზეა კერძო საჩივრის საკასაციო საჩივრის ნაწილად მიჩნევის წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 414-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. ხ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს საკასაციო საჩივრის ნაწილად.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი