Facebook Twitter

№ბს-682-675(კს-16) 12 იანვარი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე - ი.უ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.16წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. უ-მა 02.09.15 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ მოპასუხის 01.07.15წ. №MCLA91500001421, 10.08.15წ. №MCLA21500003161 ბრძანებების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2016წ. გადაწყვეტილებით ი. უ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №MCLA91500001421 და №MCLA21500003161 ბრძანებები და მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მოსარჩელის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს უარი ეთქვა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. უ-მა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 04.07.16წ. განჩინებით ი.უ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, როგორც გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილი. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მომზადდა 03.06.2016წ. , რაც დასტურდება სამინისტროს მიმართვით, თუმცა სააპელაციო საჩივარი საფოსტო დაწესებულებას ჩაბარდა ერთი დღის დაგვიანებით, რაც გამოწვეული იყო ტექნიკური ხარვეზებით. სასამართლომ არ გამოიკვლია რეალურად როდის განხორციელდა სამინისტროს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ნების გამოვლენა და რა მიზეზებმა განაპირობა საჩივრის დაგვიანებით წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ გაშვებული ვადა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია, შესაბამისად არსებობს სააპელაციო პალატის მიერ მისი გაუქმების დიდი ალბათობა, თუ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნება მიღებული. ამასთანავე, მოსარჩელე ი. უ-ის მიერ არაერთი შუამდგომლობა და კერძო საჩივარი იქნა წარდგენილი სასამართლოში, რომელთა განხილვის მიზნით საქმე სააპელაციო პალატის მიერ გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. უ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.2016წ. გადაწყვეტილება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 25.05.2016წ., რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერასთან ერთად განთავსებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბეჭდით (ტ.1, ს.ფ. 401). თბილისის საქალაქო სასამართლოს 22.02.2016წ. გადაწყვეტილების საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებას არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, თუმცა აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა ხარვეზებმა განაპირობა ფოსტისათვის სააპელაციო საჩივრის ერთი დღით დაგვიანებით - 09.06.16წ. ჩაბარება.

სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 25.05.16წ., დასტურზე დასმულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა (ტ.1, ს.ფ. 401). საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კორესპონდენციის ჩაბარების დასტურის არასარწმუნოობას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ჩაბარდა 25.05.16წ.. ამასთანავე, საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, სსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე, მხარეებს განმარტებული ჰქონდათ, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო წესით შესაძლებელი იყო მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.02.16წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა 25.05.16წ., სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 09.06.16წ., რაც დასტურდება სააპელაციო საჩივრის კონვერტზე დასმულ საფოსტო შტამპზე მითითებული თარიღით (ტ.1, ს.ფ. 463). კონვერტზე მითითებულ თარიღში სააპელაციო საჩივრის შეტანას წარმოდგენილ კერძო საჩივარში ადასტურებს აგრეთვე კერძო საჩივრის ავტორიც (ტ.2, ს.ფ.54). ამდენად, საკსაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია რეალურად როდის განხორციელდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების ნების გამოხატვა, რა მიზეზებმა განაპირობა სასამართლოში საჩივრის ერთი დღის დაგვიანებით წარდგენა და ითხოვს ვადის საპატიოდ ჩათვლას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 59.4 მუხლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადებს აღმკვეთი ხასიათი აქვთ. ამასთანავე, საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ მოსარჩელე ი. უ-ის მიერ სასამართლოში არაერთი შუამდგომლობა იყო წარდგენილი, რის გამოც საჭირო გახდა საქმის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2016წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.07.2016.წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი