№ბს-685-678(კს-16) 26 იანვარი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე. უ-ი, ლ. უ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვოლთა სამინისტრო
მესამე პირი - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.16წ. განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა; ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. უ-მა და ლ. უ-მა 05.01.16წ. სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვოლთა სამინისტროს მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვოლთა მინისტრის 14.12.15წ. №1955 და №1956 ბრძანებების ბათილად ცნობა, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, დევნილის სტატუსის ჩამორთმევის დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის განმავლობაში მისაღები შემწეობის ოდენობით ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 21.03.16წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.16წ. გადაწყვეტილებით ე. უ-ისა და ლ. უ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.16წ. განჩინებით ე. უ-ისა და ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებისთვის დაწესებული 14 დღიანი ვადის დარღვევით იქნა სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.16წ. გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მოსარჩელეებს ე. უ-სა და ლ. უ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდათ 13.07.16წ., ჩაბარების დასტურზე ხელს აწერს ოჯახის წევრი - ე. უ-ის ძმის ცოლი, ეთ. უ-ი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც, მხარის ერთ-ერთი საპროცესო უფლება - სააპელაციო წესით გაასაჩივროს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიცავს საპროცესო მოვალეობას - უფლების რეალიზაცია მოახდინოს კანონისმიერ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა საპროცესო მოვალეობა კანონით დადგენილ ვადაში. ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი კანონით დადგენილი წესით 13.07.16წ. ჩაბარდა მოსარჩელე მხარეს, მას სააპელაციო საჩივრის წარდგენა სასამართლოში შეეძლო 27.07.16წ. ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი 28.07.16წ. არის სასამართლოში წარდგენილი. სააპელაციო პალატის მითითებით, საჩივარი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება, რადგან სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ე. უ-ისა და ლ. უ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.16წ. განჩინების გაუქმების მოთხოვნით ე. უ-მა და ლ. უ-მა კერძო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვლისა და საპროცესო ვადების ათვლისათვის კანონი იმპერატიულად მოითხოვს მის ჩაბარებას პირადად მხარისათვის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრისათვის. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.16წ. გადაწყვეტილება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელმაც აღნიშნული მოგვიანებით გადასცა მათ და ჩაბარების ზუსტი თარიღი ვერ დაუსახელა, რამაც გამოიწვია სააპელაციო საჩივრის 1 დღის დაგვიანებით წარდგენა. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, ეთ. უ-ი არ წარმოადგენს მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრს, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ეთ. უ-ი ცხოვრობს გორში, სოფ. ..., №446 სახლში, ხოლო ე. უ-ი და ლ. უ-ი - №443 სახლში. მხარის მითითებით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში გზავნილი უკან უნდა დაბრუნებულიყო და არ უნდა ჩაბარებოდა არაუფლებამოსილ პირს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ ე. უ-ისა და ლ. უ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.16წ. გადაწყვეტილება ე. უ-ისა და ლ. უ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელეებს გაეგზავნათ საქმეში მითითებულ მისამართზე: სოფ. ..., სახლი 443, გორი (ს.ფ. 173). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათი ხელმოწერილია ე. უ-ის ძმის ცოლის ეთ. უ-ის მიერ და ჩაბარების თარიღად მითითებულია 13.07.16წ. (ს.ფ.173).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს (სსკ-ის 73.5 მუხ.). სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. განსახილველ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების შესახებ წერილობით კორესპონდენციაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღად მითითებულია 13.07.16წ. და გზავნილზე ე. უ-ის ძმის ცოლის ეთ. უ-ის ხელმოწერაა.
კერძო საჩივრის ავტორები უარყოფენ უფლებამოსილი პირის მიერ გზავნილის ჩაბარებას და აღნიშნავენ, რომ პირი, რომელმაც ჩაიბარა გადაწყვეტილება, არ წარმოადგენს მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრს, ამასთან, ჩაბარება განხორციელდა სხვა მისამართზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 71-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამასთან, სსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო, 74-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შეტყობინება ჩაბარდა ე. უ-ის ძმის ცოლს - ეთ. უ-ს, რომელიც არ მიიჩნევა მოსარჩელე მხარესთან მცხოვრებ ოჯახის წევრად, რადგან მისი საცხოვრებელი მისამართი განსხვავდება ე. უ-ისა და ლ. უ-ის საცხოვრებელი მისამართისგან. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი დევნილის მოწმობებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორები ცხოვრობენ გორში, სოფ. ..., №443 სახლში (ს.ფ. 21), ხოლო გზავნილის ჩაბარების დასტურზე ხელმომწერი პირი - №446 სახლში (ს.ფ. 203). ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 369.1 მუხლის საფუძველზე მხარეებს განემარტებათ დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება შესაძლებლობა. სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. სსკ-ის 60.2 მუხლის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ ე. უ-სა და ლ. უ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.05.16წ. გადაწყვეტილება ჩაბარდათ 13.07.16წ., შესაბამისად, არ დასტურდება სასამართლოში სააპელაციო საჩივრის კანონით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის დარღვევით წარდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. უ-ისა და ლ. უ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.09.16.წ. განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი