საქმე №ბს-709-702 (გ-16) 12 იანვარი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ი/მ ა. პ-ის სარჩელთან დაკავშირებით დავა მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ, განსჯადობის თაობაზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, ახალციხის რაიონულ სასამართლოსა და ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს შორის.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ ა. პ-მა 05.05.2016წ. საჩივრით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ მოპასუხის 08.04.2016წ. N007105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 06.05.2016წ. განჩინებით ი/მ ა. პ-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა სარჩელად და მიენიჭა შესაბამისი სააღრიცხვო-სტატისტიკური ნომერი.
ი/მ ა. პ-მა 20.05.1016წ. სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიმართ მოპასუხის 08.04.2016წ. N007105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 24.05.2016წ. განჩინებით მოსარჩელე ი/მ ა. პ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალციხის რაიონულ სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის იურიდიული მისამართია ქ. ახალციხე, ... ქ. N6, ხოლო სსკ-ის მე-15 მუხლის მიხედვით სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხევით.
ახალციხის რაიონული სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებისას, 21.06.2016წ. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სამმართველომ წერილობითი იშუამდგომლა არასათანადო მოპასუხის - სსიპ საურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს სათანადო მოპასუხით - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოთი შეცვლა და სსკ-ის 15.1 მუხლის საფუძველზე საქმის განსჯადობით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 23.06.2016წ. განჩინებით ა. პ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ 08.04.2016წ. N007105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (საჯარიმო ქვითრის), ბათილად ცნობის თაობაზე გადაეგზავნა გასჯად სასამართლოს - თბილისის საქალაქო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ მიუთითა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის ადგილსამყოფელი მდებარეობს ტერიტორიაზე, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება, ამდენად, საქმე განსჯადობით უნდა გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სასკ-ის 1.2, 26-ე მუხლებისა და სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 05.07.2016 წ. განჩინებით ი/მ ა. პ-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიმართ განსჯადი სასამართლოს განსაზღვრის მიზნით გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 63.1 მუხლის იმპერატიული დანაწესის თანახმად, პირის პასუხისმგებლობა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ თავითა და სართველოს ადმინისტრაციულ სამართალდართვევათა კოდექსით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად არის განსაღვრული, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რითაც გამოირიცხება ამ კატეგორიის საქმეთა სხვა წესით განხილვა, ხოლო ადმინისტარციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების (საჯარიმო ქვითარი-სამართალდარღვევის ოქმი) გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალღვევათა კოდექსის 261-ე, 272-ე და 273-ე მუხლებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე მიღებული გადაწეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261.1 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქ. ახალქალაქი, ამასთანავე, სადავო საჯარიმო ქვითარი, სამართალდარღვევის ოქმი (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შედგენილია (გამოცემულია) სართალდარღვევის ჩადენის ადგილას ქ. ახალქალაქში. ამრიგად, სარჩელი გასაჩივრებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობის თაობაზე განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება დასახელებული მოპასუხედ. სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განსახილველი დავაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, ახალციხის რაიონული სასამართლოსა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებების გაცნობის შედეგად, სასკ-ის 26.3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, თვლის, რომ ი/მ ა. პ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასკ-ის 26.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვიტოს სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოებს შორის განსჯადობასთან დაკავშირებით დავა ეხება არა საგნობრივ, არამედ ტერიტორიულ განსჯადობის საკითხს. სასკ-ის 26.3 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის დაშვება ითვალისწინებს სასამართლოებს შორის დავას არა მხოლოდ საგნობრივ, არამედ ტერიტორიული განსჯადობის საკითხზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებზე ტერიტორიული განსჯადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადმინისტრაციული ორგანოს ტერიტორიულ განსჯადობაზე, რომლის მიხედვით კონკრეტულ ტერიტორიაზე სამართალურთიერთობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ის ადმინისტრაციული ორგანო, რომლის ტერიტორილ საზღვრებშიც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა. სარჩელის სათანადო კავშირი ტერიტორიასთან უნდა დადგინდეს სარჩელის წარდგენის მომენტისთვის. ტერიტორიული განსჯადობის არსი მდგომარეობს პრინციპში, რომლის მიხედვით მოსარჩელე მიმართავს მოპასუხის სასამართლოს. საერთო წესის თანახმად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მოპასუხის - ადმინისტრაციული ორგანოს ადგილმდებარეობის მიხედვით (სსსკ-ის მე-15 მუხლი). ამდენად, საერთო წესის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ტერიტორიული იურისდიქცია ეკუთვნის იმ სასამართლოს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც განლაგებულია ადმინისტრაციული ორგანო.
განსახილველ შემთხვევაში, ი/მ ა. პ-მა სარჩელი აღძრა სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს 08.04.2016წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის N007105 ოქმის (საჯარიმო ქვითრის) ბათილად ცნობის მოთხოვნით. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ მოსარჩელე დაჯარიმდა 1200 ლარით სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68.2 მუხლის საფუძველზე, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების ახალი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ შეუსრულებლობის გამო.
სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ხდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით (1.1 მუხ.), რომლის 63.1 მუხლის მიხედვით პირის პასუხისმგებლობა სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. განსახილველ შემთხვევაში სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი არ ადგენს განსჯადობის სპეციალურ წესს კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან მიმართებით, ამდენად გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული რეგულაციები, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (261-ე მუხ.). განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლში ჩამოთვლილი გამონაკლისის არსებობა არ დასტურდება, ამასთანავე, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ შესაძლო სამართალდარღვევა ჩადენილ იქნა ქ. ახალქალაქში, შესაბამისად, დავა ტერიტორიულად ახალქალაქის რაიონული სასამართლოს ქვემდებარეა.
მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს სპეციალურ მოწესრიგებას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით ტერიტორიული განსჯადობის სპეციალურ წესს ითვალისწინებს: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლსების გარდა (261-ე მუხ.). დავის ტერიტორიული კუთვნილების განსაზღვრისას განსჯადობის სპეციალურ წესს უპირატესობა ენიჭება განსჯადობის ზოგად წესთან მიმართებით.
სასამართლოებს შორის განსჯადობის საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ხელს უწყობს მართლმსაჯულების ადგილზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, პროცესის ეკონომიურობას და ოპერატიულობას, ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეთა დივერსიფიკაციას, სასამართლოებს შორის დატვირთვის თანაბარ განაწილებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ა. პ-ის სარჩელი ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განსჯადია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 26-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15, 390-ე და 399-ე მუხლებითა და:
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ ა. პ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ.სხირტლაძე
მოსამართლეები: მ.ვაჩაძე
ვ. როინიშვილი