Facebook Twitter

#ბს-900-892(გ-16) 12 იანვარი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი _ ნ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2016 წლის 14 სექტემბერს ნ. გ-ამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოწინააღმდეგე მხარის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

საჩივრის ავტორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 29 აგვისტოს №ათ000027429 დადგენილების, №ათ000027429 საჯარიმო ქვითრის და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის №20/12-2888 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 ოქტომბრის დადგენილებით ნ. გ-ას საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლის თანახმად, რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადობა, ასევე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობა განისაზღვრება კანონით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით, საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე, განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. ამავე ნორმის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილია ქალაქი ხაშური. ამდენად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. გ-ას საჩივრის განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული სასამართლო.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე: საჩივრის ავტორი - ნ. გ-ა, მოწინააღმდეგე მხარე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ხაშურის რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილად მითითებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია; საჩივრის ავტორის საცხოვრებელ ადგილად აღნიშნულია - ქ. თბილისი, ... ქუჩა №10, ბინა №38. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველი საქმის განსჯადი სასამართლოებია ხაშურის რაიონული და თბილისის საქალაქო სასამართლო.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან. იმავე კოდექსის 231-ე მუხლის მე-2 აბზაცის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების წესი სასამართლოებში განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.

რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმის მასალების მიხედვით საჩივრის ავტორმა სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად საცხოვრებელ ადგილად აღნიშნა თბილისი, გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამება აღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორად განსაზღვრა მოცემული დავის განსჯადობის საკითხი და მართებულად მიიჩნია საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განსჯად ადმინისტრაციულ დავად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატიცით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 29 აგვისტოს №ათ000027429 დადგენილების, №ათ000027429 საჯარიმო ქვითრის და მასზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2016 წლის 5 სექტემბრის №20/12-2888 დადგენილების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ხოლო საჩივრის ავტორის - ნ. გ-ას საცხოვრებელი ადგილია - ქ. თბილისი, ... ქუჩა №10, ბინა №38.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ამდენად, კანონმდებლობა 116-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 116-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებულ აქტებს საფუძვლად უდევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლი, ხოლო ნ. გ-ას საცხოვრებელი ადგილია ქ. თბილისი და მან საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ხაშურის რაიონული სასამართლოს მსჯელობას, რომ საჩივრის ავტორმა - ნ. გ-ამ გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ. შესაბამისად, საქმე ტერიტორიული განსჯადობის მიხედვით, განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ას საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: მ. ჩინჩალაძე

ნ. სხირტლაძე