Facebook Twitter

№ბს-860-852(უს-16) 12 იანვარი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი - შპს „...“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016წ. განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „...“ 14.07.2014 წ. სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.2014 წ. №17884 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.05.2014 წ. №24005 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.06.2014 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2007 წლის 4 ოქტომბრიდან 2013 წლის 1 მაისამდე პერიოდში განხორციელდა შპს „...“ საგადასახადო შემოწმება. თელავის რაიონული სასამართლოს 17.02.2014წ. განჩინების საფუძველზე შპს „...“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში ნაწარმოები ყველა სახის იურიდიული, საფინანსო-ეკონომიკური, სალარო, საბანკო და საბუღალტრო დოკუმენტაციის დედნები და ელექტრონული ინფორმაცია. 14.03.2014წ. შემოსავლების სამსახურმა მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მეწარმის განმეორებით შემოწმების მოთხოვნით 2008 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 1 მაისამდე პერიდოზე, რაც არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება უცვლელად იქნა დატოვებული სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ. 29.04.2014წ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის N22835 ბრძანებით შპს „...“ დაიწყო სასაქონლო - მატერიალური ინვენტარიზაციის ჩატარება, ინვენტარიზაციის პერიოდად განისაზღვრა 2014 წლის 30 აპრილიდან 29 მაისის ჩათვლით პერიოდი. ინვენტარიზაცია ვერ ჩატარდა სრულყოფილად, რის შესახებაც შპს-ს მიერ ეცნობა უფლებამოსილ ორგანოებს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 17.02.2014 წ. მდგომარეობით ყველა დოკუმენტი ამოღებულია საწარმოდან. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ინვენტარიზაცია და შემოწმება რამდენჯერმე ჩატარდა საწარმოზე ზეწოლის მიზნით, გამოთხოვილ იქნა დოკუმენტები, რითაც ხელი ეშლება საწარმოს ნორმალურ ფუნქციონირებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.03.2015წ. განჩინებით სასკ-ის 16.2 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაერთო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.06.2015წ. გადაწყვეტილებით შპს „...“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

შპს „...“ 20.09.2016 წ. განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით და აღნიშნა, რომ სასამართლოში დავის მიმდინარეობის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი ითხოვს შპს-სგან საბუღალტრო, საბანკო და სხვა პირველადი დოკუმენტების გადაცემას, რაც ეწინააღმდეგება სასამართლოში საქმის განხილვის წესებს. მისი მოსაზრებით მოწინააღმდეგე მხარეები ახდენენ სასამართლოში დავის მიმდინარეობის იგნორირებას და მოქმედებენ თვითნებურად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „...“ იშუამდგომლა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სსიპ შემოსავლების სამსახურს (მათ შორის აუდიტის დეპარტამენტს) აეკრძალოს სასამართლო დავის დასრულებამდე სასამართლო წესით განსახილველი სადავო პერიოდის ირგვლივ შპს „...“ მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენა ან/და რაიმე დოკუმენტის მიწოდების დავალება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2016 წ. განჩინებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა შპს „...“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების გამოცემის ერთ-ერთ საფუძველს ქმნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 04.03.14 წ. წერილი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს დადგენილება რევიზიის დანიშვნის შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 58.5 მუხლის თანახმად, კანონის შესაბამისად გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა ყველა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, თანამდებობის პირისა და მოქალაქისთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, თუ აუდიტის დეპარტამენტის 16.09.16 წ. №21-14/88595 წერილში ასახული ინფორმაცია მოთხოვნილია საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს აუკრძალოს იმ ქმედების განხორციელება, რომლის შესრულების ვალდებულება განსაზღვულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით.

სასამართლომ მიუთითა, რომ საქმის მასალების თანახმად, საგამოძიებო ორგანოების მიერ თელავის რაიონული სასამართლოს 17.02.2014 წ. განჩინებით შპს „...“ ამოღებული იქნა 2007 წლის 04 ოქტომბრიდან 2014 წლის 17 თებერვლამდე პერიოდში საზოგადოების მიერ წარმოებული ყველა სახის იურიდიული, საფინანსო-ეკონომიკური, სალარო, საბანკო და საბუღალტრო დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს, სისხლის სამართალის N092170214001 საქმეზე დოკუმენტური რევიზიის ჩატარების მიზნით გაეგზავნა აგრეთვე შპს „...“ საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია. შესაბამისად, თუ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.09.2016წ. N21-14/88595 წერილში ასახული ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საწარმოდან ამოღებულია საგამოძიებო ორგანოების მიერ, აღნიშნული საწარმოს ათავისუფლებს მათი შემდგომი წარდგენის ვალდებულებისაგან და გამორიცხავს საწარმოს მიმართ ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესაძლებლობას.

აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოსარჩელემ და აღნიშნა, რომ არც ერთ მხარეს, მიუხედავად იმისა იქნება ის მოსარჩელე, მოპასუხე თუ საპროცესო ურთიერთობაში მონაწილე სხვა პირი, არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე დავის საგანთან დაკავშირებით ისეთი მოთხოვნების გავრცელების უფლება, რომელზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. განსახილველი დავის საგანია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების ბათილად ცნობა. შპს „...“ დავის საგანთან დაკავშირებული ძირითადი დასაბუთება შეეხება სწორედ გამომძიებლის მიერ მიწერილი დავალების არაკანონიერებას, რომლის მიხედვითაც გამომძიებელი მიუთითებს, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2007, 2008 წლებთან მიმართებით დოკუმენტის გაყალბების ფაქტზე და იქვე ამ მოტივის გამოყენებით ითხოვს 2013 წლიდან 2014 წლის 17 თებერვლამდე შპს „...“ საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმებას და რევიზიას, რაც მოსარჩელის აზრით საერთოდ არ უკავშირდება საგამოძიებო მოტივებსა და საფუძვლებს. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების ბათილად ცნობა, თუმცა დავის საგნის მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარემ სასამართლოს გვერდის ავლით მოითხოვა შპს „...“ ისეთი ქმედების განხორციელება, რაც დავის საგანს შეადგენს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.10.16წ. განჩინებით შპს „...“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.16 წ. განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა, დადგინდა საჩივრისა და თანდართული მასალების გადაგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში შპს „...“ არ მიუთითებია თავისი მოსაზრების დამადასტურებელ ისეთ დამატებით გარემოებებზე, რაც გააბათილებდა სასამართლოს მიერ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ საფუძვლებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სამართლებრივ შეფასებებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამავე კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახეა მოპასუხისთვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა მიზნად ისახავს, სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურების ან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. ამასთან, სწორედ მოსარჩელეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით (სსკ 191-ე მუხლის პირველი ნაწილი). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, სასამართლოს მიერ აღიარებული უფლების განხორციელების გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის უფლების შეზღუდვის კანონიერ საფუძველს. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მსჯელობისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება დავის განხილვის სამართლებრივი შედეგის - გადაწყვეტილების აღსრულება.

განსახილველ შემთხვევაში საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს მიმდინარე დავის საგანთან დაკავშირებით ისეთი მოთხოვნების გავრცელების უფლება, რომელზეც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს გვერდის ავლით ითხოვს შპს „...“ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომლის საფუძველიც სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების კანონიერების შემოწმება მიმდინარე დავის საგანია, ამდენად, შპს „...“ ითხოვს აეკრძალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს სასამართლო დავის დასრულებამდე სასამართლო წესით განსახილველი სადავო პერიოდის ირგვლივ შპს „...“ მიმართ რაიმე მოთხოვნის წარდგენა ან/და რაიმე დოკუმენტის მიწოდების დავალება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შპს „...“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.05.2014 წ. №24005 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.06.14 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ადმინისტრაციული სამართლისათვის დამახასიათებელია სუსპენზიური ეფექტის არსებობა, რაც გულისხმობს უფლების დაცვის იმ პრევენციული საშუალების გამოყენებას, რომლის მეშვეობითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება დროებით ჩერდება. სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით ავტომატურად, მხარის შუამდგომლობის გარეშე, იწვევს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერებას. სასკ-ის 29-ე მუხლით განსაზღვრული სარჩელის სუსპენსიური ეფექტი უფლების დროებით დაცვას ემსახურება და მისი მიზანია დაიცვას პირი მმართველობის ღონისძიებების შედეგებისაგან დავის საგანზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში გადაწყვეტილების მიღებამდე. თუმცა სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს საერთო წესიდან გამონაკლისს და ადგენს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება ავტომატურად არ იწვევს მის შეჩერებას და სადავო აქტის შეჩერებისათვის აუცილებელი წინაპირობა მხარის დასაბუთებული შუამდგომლობაა. სასკ-ის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აქტი დაკავშირებულია სახელმწიფო ან ადგილობრივი გადასახადების, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელების გადახდასთან. განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სადავო 26.03.2014წ. ბრძანებით დაინიშნა შპს „...“ კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგად გადასახადის ცვლილების გამომწვევი შეცდომების გამოვლენის შემთხვევაში, დგება საგადასახადო შემოწმების აქტი (საგადასახადო კოდექსის 263.4 მუხ.), რაც თავის მხრივ, გადასახადის დარიცხვის საფუძველს ქმნის (საგადასახდო კოდექსის 61.2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ექცევიან სასკ-ის 29.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედების სფეროში, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი გასაჩივრება არ იწვევს მათი მოქმედების ავტომატურ შეჩერებას.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასკ-ის 29.2 მუხლით განსაზღვრულ საგამონაკლისო შემთხვევებში სასამართლო უფლებამოსილია დასაბუთებული განჩნებით შეაჩეროს აქტის მოქმედება, უკეთუ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დასტურდება დასაბუთებული ეჭვის არსებობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე ან თუ აქტის გადაუდებელი აღსრულება არსებით ზიანს აყენებს მხარეს ან შეუძლებელს გახდის მისი კანონიერი უფლების ან ინტერესის დაცვას. განსახილველ შემთხვევაში მხარეს არ მოუთხოვია გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერება, სასამართლოს არ მიუღია განჩინება სადავო აქტების მოქმედების შეჩერების შესახებ, ამდენად, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის 07.05.2014 წ. №24005 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 20.06.14 წ. გადაწყვეტილება მოქმედი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, შესაბამისად, ორგანოს არ ერთმევა შესაძლებლობა მათ საფუძველზე განახორციელოს გარკვეული ქმედებები.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ იკვეთება აგრეთვე უზრუველყოფის ღონისძიების გამოყენების პატივსადები სამართლებრივი ინტერესი, კამერალური შემოწმება შეუმოწმებელ პერიოდზე დაინიშნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 26.03.14 წ. №17884 ბრძანების საფუძველზე ქმედების განხორციელება ზიანის მომტანი ვერ იქნება შპს „...“, ვინაიდან სასამართლოს მიერ შემდგომში სადავო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, აქტის ბათილობა თავისთავად გამოიწვევს მის საფუძველზე განხორციელებული ქმედებათა შედეგების ანულირებას. საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაციის მოთხოვნის უფლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.09.16წ. N21-14/88595 წერილის მსგავსი შინაარსის 26.03.14წ. N21-14/2099 წერილზე, რომლითაც საგადასახადო ორგანო მოითხოვდა 2013 წლის 1 მაისიდან 2014 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, შპს „...“ 31.03.14წ. წერილით დეპარტამენტს ეცნობა, რომ ყველა სახის დოკუმენტაცია რაიონული სასამართლოს 17.02.14წ. განჩინების საფუძველზე უკვე ამოღებულია. აღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 16.09.16წ. N21-14/88595 წერილში ასახული ინფორმაცია/დოკუმენატაცია უკვე ამოღებულია საწარმოდან საგამოძიებო ორგანოების მიერ, აღნიშნული საწარმოს ათავისუფლებს მათი შემდგომი წარდგენის ვალდებულებისაგან და გამორიცხავს მოთხოვნის შეუსრულელობის გამო საწარმოს მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს შპს „...“ საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 193-ე, 198-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.09.2016 წ. განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი