Facebook Twitter

#ბს-1349-1334(კ-11) 20 დეკემბერი, 2011წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ჩ-ი, მ. ხ-ე, გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია; სს ,,...”

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

გასაჩივრებული განჩინება _ ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მოსარჩელე: მ. ჩ-ი, მ. ხ-ე, გ. მ-ი

მოპასუხე: ქ. ქუთაისის მერია, სს ,, ...”

წარმომადგენელი: ი. გ-ე

სარჩელის სახე: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე.

სარჩელის საგანი:

სახელფასო დავალიანების: მ. ჩ-ის მიმართ _ 2596 ლარის, მ. ხ-ის მიმართ _ 1373 ლარისა და გ. მ-ის მიმართ _ 1798 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის საფუძველი :

ფაქტობრივი: მოსარჩელეები წარმოადგენენ სს ,, ...” თანამშრომლებს და მათზე რიცხული დავალიანება წარმოადგენს : მ. ჩ-ის მიმართ – 2596 ლარს, მ. ხ-ის მიმართ – 1373 ლარს და გ. მ-ის მიმართ – 1798 ლარს.

სამართლებრივი: მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოპასუხეს მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თანხის გადახდა საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე. ასევე სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად (იხ. ს.ფ. 1-9).

მოპასუხის შესაგებელი :

ფაქტობრივი : მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელში აღნიშნა, ვინაიდან მოსარჩელეების დავალიანების ნაწილი წარმოშობილია სს ,, ...” ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ, ქ. ქუთაისის მერიას არ ეკისრება მისი ანაზღაურების ვალდებულება. რაც შეეხება ხელშეკრულებამდე არსებულ სახელფასო დავალიანებას, აღნიშნული აღიარებულია ქ. ქუთაისის მერიის მიერ, თუმცა მისი გადახდის ვალდებულება ჯერ არ დამდგარა.

სამართლებრივი : მოპასუხის მითითებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით მასსა და მოსარჩელეებს შორის არ წარმოშობილა სამართლებრივი ურთიერთობა, ხოლო ჩუქების ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე ქ. ქუთაისის მერია ვერ განიხილება სს ,, ...” უფლებამონაცვლედ. (იხ. ს.ფ. 35-42)

2009 წლის 28 მაისის საოქმო განჩინებით მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მიუთითა სს ,, ...” (იხ. ს.ფ. 21-22)

2009 წლის 14 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვეს, ქ. ქუთაისის მერიას დაკისრებოდა სს ,, ...” მიერ არსებული სახელფასო დავალიანების, კერძოდ: მ. ჩ-ისათვის – 2596 ლარის, ამასთან, დავალიანების გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0,07%, ერთი თვის შრომის ანაზღურების - 120 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის; მ. ხ-ისათვის - 1373 ლარის, გადახდის დღემდე ყოველი ვადაგადაცილებეული დღისათვის ხელფასის 0,07 %, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის - 60 ლარის, გ. მ-ისათვის – 1798 ლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადახდის დღემდე ხელფასის 0,07%, ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარისა და შვებულების კომპენსაციის – 60 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან, ქ. ქუთაისის მერიამ აღნიშნული დავალიანების გადახდა იკისრა 2008 წლის #2195 ბრძანებით (იხ. ს.ფ. 29-33).

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეები მუშაობდნენ სს ,, ...”. სს ,, ...” და ქ. ქუთაისის თვითმმართველ ერთეულს შორის 2008 წლის 2 ოქტომბერს გაფორმდა #296 ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულება, რომლითაც თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში გადავიდა სს ,, ...” მთლიანი ქონება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისისათვის გადაცემული, ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტში ჩამოთვლილი ქონების პრივატიზებისას, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მერიამ იკისრა სს ,, ...” საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულება (იხ. ს.ფ. 48)

რაიონული /საქალაქო/ სასამართლოს გადაწყვეტილება/სარეზოლუციო/

მოსარჩელეების: მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,, ...” მ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 1299.52 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1914 ლარის 0.07% - ის, ასევე შვებულების კომპენსაციის _ 120 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 120 ლარის გადახდა. მ. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 91.73 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 957 ლარის 0.07% - ის, ასევე შვებულების კომპენსაციის _ 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა. გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ 91.83 ლარის, მისი დაყოვნების ყოველი დღისათვის გადახდის დღემდე 1060 ლარის 0.07% - ის, ასევე შვებულების კომპენსაციის _ 60 ლარისა და ხელშეკრულების მოშლისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების – 60 ლარის გადახდა.

სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიის მიმართ არ დაკმაყოფილდა. (იხ. ს.ფ. 60-67)

სასამართლოს მიერ უდაოდ მიჩნეული ფაქტები:

სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი გარემოება, სს ,, ...” დირექტორის მიერ გაცემული ცნობით, 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მ. ჩ-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა - 614.48 ლარს, გ. მ-ის _ 968.17 ლარს და მ. ხ-ის _ 865.27 ლარს.

მხარეთა ახსნა-განმარტებისა და 2010 წლის 11 მაისის სახელფასო დავალიანების შესახებ გაცემული ცნობის მიხედვით 2006 იანვრიდან 2010 წლის 11 მარტამდე მ. ჩ-ის მიმართ გადასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1914 ლარს, რომელსაც ემატება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0.07 %-ი, რაც ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს 442 ლარს, შვებულების კომპენსაცია _ 120 ლარი და ერთი თვის შრომის ანაზღაურება _ 120 ლარი. მ. ხ-ის მიმართ გადასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს - 957 ლარს, რომელსაც ემატება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0.07 %-ი, რაც ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს - 596 ლარს, შვებულების კომპენსაცია _ 60 ლარი და ერთი თვის შრომის ანაზღაურება _ 60 ლარი. გ. მ-ის მიმართ გადასაცემი სახელფასო დავალიანება შეადგენს - 1060 ლარს, რომელსაც ემატება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის ხელფასის 0.07 %-ი, რაც ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენს 618 ლარს, შვებულების კომპენსაცია _ 60 ლარი და ერთი თვის შრომის ანაზღაურება _ 60 ლარი. (იხ. ს.ფ. 43-44)

სასამართლოს მიერ სადაოდ მიჩნეული ფაქტები:

მოპასუხე მხარემ ქ. ქუთაისის მერიამ სადავო გახადა უფლებამონაცვლეობა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე.

მხარეთა მიერ სადაოდ გახდილი ფაქტების შეფასება _ სასამართლოს მსჯელობით ქალაქ ქუთაისის მერია, როგორც სს ,, ...” ქონების მესაკუთრე, ხელშეკრულების შესაბამისად არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს იმ დავალიანებაზე, რომელიც საწარმოს წარმოშობილი აქვს 2008 წლის 2 ოქტომბრიდან ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო აღნიშნულ ხელშეკრულებამდე მოსარჩელეთა მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიას ჯერ არ წარმოშობია გადაცემული ქონების აუქციონის წესით რეალიზაციის არარსებობის გამო.

სასამართლოს მიერ თავისი ინიციატივით მოპოვებული და დადგენილი ფაქტების შეფასება

სასამართლოს თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია ფაქტები.

სასამართლოს დასკვნები _ სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე სს ,, ...” მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. ქუთაისის მერიის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სამართლებრივი შეფასება /კვალიფიკაცია/

სასამართლოს შეფასებით საქართველოს შრომის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობები წარმოიშობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან, ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 %-ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება, რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. დადგენილია, რომ მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნა სს ,, ...” მიმართ სრულადაა დადასტურებული საქმეში არსებული მასალებით. ამდენად, არსებობს ამ უკანასკნელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობენ ისევე, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირები. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებაში მისი თანხმობით. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 2 ოქტომბრის ხელშეკრულება წარმოადგენს ჩუქების ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმდა ქ. ქუთაისის მერიასა და სს ,, ...” შორის. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე ქ. ქუთაისის მერიამ ქონების მიღების სანაცვლოდ იკისრა სს ,, ...” საგადასახადო და სახელფასო დავალიანებების დაფარვის ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საფუძვლების შესაბამისად წარმოეშობოდათ ქ. ქუთაისის მერიის მიმართ სახელფასო დავალიანების მოთხოვნის უფლება და მათ შორის არსებული ურთიერთობა მოწესრიგებული იქნებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში კრედიტორისა და მოვალის უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ნორმებით. მოცემული შემთხვევის გათვალისწინებით მოსარჩელე არ შეიძლება განხილული იქნეს ქ. ქუთაისის მერიის, როგორც სს ,, ...” უფლებამონაცვლის კრედიტორად, რადგან სახეზეა ჩუქების ხელშეკრულება, რომელიც ასეთ ურთიერთობას არ ითვალისწინებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების დადებით სს ,, ...”, როგორც სააქციო საზოგადოებამ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება ქონების არარსებობის გამო. ამასთან, ქონების ახალ მესაკუთრეს არ დაუდია სააქციო საზოგადოებაში დასაქმებულ პირებთან ახალი ხელშეკრულება, რის გამოც სს ,, ...” მხრიდან დასახელებული ხელშეკრულების დადების შემდეგ წარმოშობილი სახელფასო თანხების ანაზღაურების ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის მოვალედ აღიარება უსაფუძვლოა.

,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის I პუნქტის თანახმად, სააქციო საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელეების სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ქ. ქუთაისის მერიის დავალდებულების ნაწილში (იხ. ს.ფ. 60-67).

აპელანტი: მ. ჩ-ი, მ. ხ-ე, გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ქ. ქუთაისის მერია, სს ,, ...”

წარმომადგენელი: ი. გ-ე

აპელაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება, სახელფასო დავალიანების მხოლოდ სს ,, ...” დაკისრების ნაწილში. ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრება სს ,, ...” და ქ. ქუთაისის მერიისათვის.

აპელაციის მოტივები.

ფაქტობრივი: აპელანტების მითითებით ქ. ქუთაისის მერიამ აღიარა სახელფასო ვალდებულება სს ,, ...” თანამშრომლების მიმართ, რომელიც 2008 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს - 45612 ლარს. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკისრა მოპასუხე მხარეს ვალდებულების შესრულება.

ქ. ქუთაისის მერიას სს ,, ...” ქონება გადაეცა ხელშეკრულებით, რომლითაც დაევალა მერიას გადაცემული ქონების პრივატიზაციით მოახდინოს საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვა. მართალია, მერიამ ქონება მიიღო საკუთრებაში, მაგრამ ამასთანავე მას დაეკისრა ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია და ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მას არ ჰქონდა უფლება საკუთრებაში ქონება დაეტოვებინა და ამით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებისათვის თავი აერიდებინა.

სამართლებრივი : სასამართლო თავისი ინიციატივით გასცდა როგორც სასარჩელო მოთხოვნას, ასევე მოპასუხის პოზიციას. მოპასუხე ქუთაისის მერიას არ დაუფიქსირებია თავის პასუხში, რომ იგი არ არის ვალდებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. მან განმარტა, რომ ჩუქებით გადაცემული ქონების პრივატიზება არ მომხდარა და ამიტომ არ იხდიდა დავალიანებას (იხ. ს.ფ. 73-82).

მოწინააღმდეგე მხარის შეპასუხება

მოტივები:

ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენელმა წარმოადგინა წერილობითი შეპასუხება, რომლითაც არ დაეთანხმა მოსარჩელეების მოთხოვნას, შემდეგი საფუძვლით: რომ იგი არ წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს იმ დავალიანებაზე, რომელიც საწარმოს წარმოშობილი აქვს 2008 წლის 2 ოქტომბრის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ (იხ. ს.ფ.92-100).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბის განჩინებით საქმე განსჯადობით გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ვალდებულების შესრულებასთან ერთად ქ. ქუთაისის მერიისათვის ვადაგადაცილებული დროისათვის ზიანის ანაზღაურებაც წარმოადგენს (იხ. ს.ფ. 125-131).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა არ დაეთანხმა სამოქალაქო საქმეთა სასამართლოს მსჯელობას დავის ადმინისტრაციული წესით განსახილველად მიჩნევის თაობაზე და საქმე განსჯადობის საქმის გადასაწყვეტად გადაუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. (იხ. ს.ფ. 142-148)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით, მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. (იხ. ს.ფ. 156-165)

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება /სარეზოლუციო/

მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება. (იხ. ს.ფ. 198-203).

აპელაციის მოტივების არგაზიარების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა:

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად იმსჯელა მოცემული სამართალურთიერთობის ირგვლივ და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების გაზიარების თაობაზე სასამართლოს მსჯელობა

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს მთლიანად და აღნიშნა რომ რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა კანონი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. დამატებითი მოტივაცია სააპელაციო სასამართლოს არ წარმოუდგენია. (იხ. ს.ფ. 196-203)

კასატორი: მ. ჩ-ი, მ. ხ-ე, გ. მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე: ქ. ქუთაისის მერია, სს ,, ...”

კასაციის საგანი და მოცულობა /ფარგლები/

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრება სს ,, ...” და ქ. ქუთაისის მერიის მიმართ.

კასაციის მოტივები: სამართლებრივი :

პროცესუალური: კასატორის მითითებით გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 მუხლის “ე” და “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად.

მატერიალური:

სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში იმსჯელა ისეთ საკითხებზე, რომელიც არ წარმოადგენს დავის საგანს. ქ. ქუთაისის მერის ბრძანებით დასაჩუქრებულმა თავად იჩუქა ქონება და ისე გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოცემული შემთხვევა უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით გათვალისწინებული არარა აქტი.

მოწინააღმდეგის შეპასუხება : სამართლებრივი

მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შეპასუხება არ წარმოუდგენია.

საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინამძღვრები: (სასკ 34.3 მ.)

საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კასატორების მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა, გ. მ-ის საკასაციო საჩივარი შეიცავს მითითებებს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით, კერძოდ „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები.

სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გადაწყვეტილება იურიდიულად სრულიად დაუსაბუთებელია.

საქმის მასალებით ირკვევა და ეს სადავო არ გამხდარა არცერთი ინსტანციის სასამართლოში, რომ მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ სს ,, ...”, რომელსაც დაუგროვდა მოსარჩელეთა მიმართ სახელფასო დავალინებები /იხ. ს.ფ. 13,14,15).

ასევე დადგენილია, რომ ქ. ქუთაისის მერმა 2008 წლის 2 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება #2195 ,,თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის საკუთრებაში არსებული სს ,, ...” ქონების ჩუქების ფორმით საკუთრებაში გადაცემის შესახებ, გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რომლის მიხედვით ბრძანა:

,,სს ,, ...” დირექტორმა თვითმმართველი ქ. ქუთაისს ჩუქების ფორმით საქართველოს კანონმდებლობასთან დადგენილი წესით საკუთრებაში გადასცეს საზოგადოების კუთვნილი ქონება #1 და #2 დანართების შესაბამისად. ჩამოთვლილი ქონების გადაცემასთან ერთად ქ. ქუთაისის თვითმმართველობაზე გადავიდა საგადასახადო დავალიანების - 751 721, 16 ლარისა და სახელფასო დავალიანების – 45612,0 ლარის დაფარვის ვალდებულება, რომელიც დაფარულ უნდა იქნეს გადაცემული ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან” /იხ. ს.ფ. 46/.

იმავე დღეს, 2008 წლის 2 ოქტომბერს ქ. ქუთაისის მერიისა და სს ,, ...” შორის დაიდო ხელშეკრულება ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რომლის მე-3 მუხლში განსაზღვრულია ქონების მიმღებზე – ქ. ქუთაისის მერიაზე საგადასახადო და სახელფასო დავალიანების დაფარვის ვალდებულებები /იხ. ს.ფ. 47-53/.

საქმის მასალებით და ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ გადაცემული ქონება არა თუ არ ყოფილა პრივატიზებული, არც ყოფილა საპრივატიზაციოდ მომზადებული და გამოტანილი საქმის საკასაციო სასამართლოში განხილვის მომენტისათვისაც კი.

სასამართლომ ისე გადაწყვიტა დავა, რომ სათანადოდ არ გამოურკვევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არ შეუფასებია ისინი. სასამართლოს დასკვნები არ გამომდინარეობს მტკიცებულებების ობიექტური გამოკვლევისა და შეფასებიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელფასი წარმოადგენს პირის გასამრჯელოს გაწეული შრომისათვის და მისი მიღება საერთაშორისო და შიდა სამართლებრივი აქტების მიხედვით დასაქმებულის ძირითად სოციალურ უფლებათა ჯგუფს განეკუთვნება.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელის – სახელფასო დავალიანების ნაწილში არ დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა ქუთაისის მერიის ბრძანებაში მითითებული დათქმა – სახელფასო დავალიანების ნაჩუქარი ქონების რეალიზაციის შემდეგ გასტუმრების თაობაზე, რომ რაკი ქონების რეალიზაცია არ მომხდარა, მერიას ანაზღაურების ვალდებულება ჯერ არ წარმოშობია. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს აღნიშნულ მსჯელობასა და დასკვნას, მისი სრული კანონსაწინააღმდეგობის გამო, კერძოდ:

1996 წლის 3 მაისის ევროპის სოციალური ქარტიის I ნაწილის IV პუნქტების მიხედვით, ხელმომწერი მხარეები (სახელმწიფოები) აღიარებენ საყოველთაო უფლებას შრომის სამართლიან ანაზღაურებაზე, ხოლო I მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ეფექტურად დაიცვან მუშაკის მიერ ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 34-ე მუხლით განსაზღვრულია დამსაქმებლის ვალდებულება – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

განსახილველ შემთხვევაში საწარმოს სახელფასო დავალიანებების გადახდის ვალდებულება ინდივიდუალური აქტის საფუძველზე იკისრა ქ. ქუთაისის მერიამ ხოლო, პირობა – გადახდა ნაჩუქარი ქონების რეალიზაციის შემდეგ, ვერ გახდება სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანომ სახელფასო დავალიანების გადახდის მომენტი განსაზღვრა ცალმხრივად, დასაქმებულთა თანხმობის გარეშე. სახელფასო დავალიანების გადახდის რაიმე პირობის დათქმა წარმოადგენს მესამე პირების (დასაქმებულთა) უფლებრივ ინტერესთა სფეროს და მათი მოსაზრებების გათვალისწინება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით სავალდებულოა. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ეცნობებინა დაინტერესებულ მხარეთათვის. თუ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მათი სამართლებრივი მდგომარეობა, შესაბამისად ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მესამე პირთა მოწვევა და მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. საქმის მასალების მიხედვით არ ირკვევა, რომ აღნიშნული დანაწესი დაცული იყო. ამგვარი დათქმა დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით უდავოდ აუარესებს მოსარჩელეთა სამართლებრივ მდგომარეობას, მით უფრო იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს არც თარიღი ან მაქსიმალური ვადა განუსაზღვრია პირობის შესასრულებლად. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქ. ქუთაისის მერიას ოფიციალურად არ განუხორციელებია რაიმე სამართლებრივი ღონისძიება ნაჩუქარი ქონების სარეალიზაციოდ და ვერც საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მისმა წარმომადგენელმა ახსნა, თუ რითია გამოწვეული ამ პირობის შეუსრულებლობა ან დასახულია თუ არა რაიმე პერსპექტიული გეგმა. ადმინისტრაციული ორგანოს ამგვარი ნეგატიური რეალაქტი (უმოქმედობა), რომელიც არ არის ახსნილი და დასაბუთებული რაიმე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების ან აღმატებული საჯარო ინტერესის არსებობით, მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დამაჯერებლობას და პირდაპირ მიმართულია მესამე პირთა კანონიერი უფლებების აბსოლუტური იგნორირების და შელახვისაკენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს, როგორც გაცხადებული სამართლებრივი სახელმწიფოს პოლიტიკის კურსის გატარებასთან.

სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო საქმის განხილვისას გამოერკვია ვალდებულების გადახდის პირობის შეუსრულებლობის ობიექტური გარემოებები მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგნორირებულია ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპი – პირის კანონიერი ნდობის უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს წარმოადგენს კანონიერი ნდობა. კანონიერი ნდობის უფლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობას თავისი არსით სუბორდინაციული ხასიათი გააჩნია. კანონიერი ნდობის უფლება იცავს პირს ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეცდომის და მომავალში განსახორციელებელი მოქმედების შეუსრულებლობისაგან. აღნიშნული ინსტიტუტის სრულფასოვანი დამკვიდრება უზრუნველყოფს მმართველობის კანონიერებას, სტაბილურობას, მის ავტორიტეტს საზოგადოებაში.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა: ქ. ქუთაისის მერია, როგორც ქონების შემძენი-ჩუქების ხელშეკრულების შესაბამისად არ წარმოადგენდა პასუხისმგებელ პირს იმ დავალიანებაზე, რომელიც საწარმოს წარმოეშვა 2008 წლის 2 ოქტომბრის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო, მანამდე მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია, რამდენადაც არ მომხდარა გადაცემული ქონების პრივატიზაცია.

ქ. ქუთაისის მერია, ჩუქების ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სახელფასო დავალიანების მოთხოვნებთან დაკავშირებით არ წარმოადგენდა სს ,, ...” უფლებამონაცვლეს იმ ურთიერთობებზე, რაც წარმოიშვა ამ უკანასკნელთან დადებული ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ. ამასთან, მერიას არ დაუდია მოსარჩელეებთან ახალი ხელშეკრულება, რის გამოც ჩუქების შემდეგ სახელფასო თანხების ანაზღაურების ნაწილში მერიის მოვალედ აღიარების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა სრულიად წინააღმდეგობრივია და არ არის მიმართული სასამართლო დავის კვალიფიციური, ობიექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტისაკენ, კერძოდ: იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ დაასკვნა, რომ ქ. ქუთაისის მერიას ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ სს ,, ...” თანამშრომლებთან, მათ შორის მოსარჩელეებთან, არ დაუდია შრომითი ხელშეკრულებები, თანაც ისე, რომ სასამართლოს ეს ფაქტი საერთოდ არ გამოუკვლევია, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების საფუძველზე მინიჭებული კომპეტენციის ოფიციალობის პრინციპის გამოყენებით თავისი ინიციატივით არ მოუპოვებია თუ რა სამართლებრივი ან ფაქტობრივი წინაპირობა ჰქონდა ქონების გაჩუქების შემდეგ მოსარჩელეთა საქმიანობას გადაცემული ქონების ობიექტებზე, რამდენადაც წარმოუდგენელია, რომ ქონების ახალმა მესაკუთრემ თავისი ნების გამოხატვის (ზეპირი თუ წერილობითი) გარეშე დაუშვას საკუთარ ქონებასთან უცხო, გარეშე პირების თვითნებური საქმიანობა ან სათანადო ანაზღაურების დაპირების გარეშე რა ამოძრავებდათ პირებს რამდენიმე წელი ემუშავათ ამ ობიექტებზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო დამაჯერებლად ვერ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ ქ. ქუთაისის მერიის წარმომადგენლის უკრიტიკოდ გაზიარებულ და სასამართლოს დასკვნად ჩამოყალიბებულ განმარტებას, რომ ქუთაისის მერიას მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულება არ დაუდია.

საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილში განსაზღვრული სამართალწარმოების ყველა სახისათვის იმპერატიულად განსაზღვრული პრინციპი – სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, რომ შეაფასოს მტკიცებულებები თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ^ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

სასამართლომ ისე დაადგინა მხარეებს შორის შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის ფაქტი, რომ საერთოდ არ უმსჯელია ზემომოყვანილ საკითხზე. ამასთან, სასამართლოს ეს ფაქტობრივად და იურიდიულად დაუსაბუთებელი დასკვნა ეწინააღმდეგება მისივე პროცესუალურ მოქმედებებს, ვინაიდან, სასამართლოს ასეთ პირობებში უნდა ემსჯელა მოთხოვნის ამ ნაწილში ქ. ქუთაისის მერიის – არასათანადო მოპასუხის სტატუსზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლო ქ. ქუთაისის მერიას პროცესუალური თვალსაზრისით სათანადო მოპასუხედ მიიჩნევს, თუმცა გადაწყვეტილებაში ასკვნის, რომ მისი მოვალედ აღიარება ქონების გადაცემის შემდეგ პერიოდზე – უსაფუძვლოა. ანუ თუკი მხარეებს შორის შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობს, მაშასადამე, მხარისადმი მოთხოვნის უფლებაც არ არსებობს, ე.ი. მოპასუხე არ არის ის სუბიექტი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოთხოვნაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული საკითხი საპროცესო სამართლის ელემენტარული ფუნდამენტია და თუ ის არ არსებობს, არ არსებობს შესაბამისი სამართალწარმოება, რადგან მოცემული დავა მოცემულ მხარეებს შორის მოცემულ საგანზე არ არსებობს!

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვემდგომ სასამართლოებში პრობლემატურია მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისი პროცესუალური კონტექსტის გათვალისწინებით განხილვა.

მოთხოვნის ამ ნაწილში დავის ობიექტურად და კვალიფიციურად გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლომ გამოიყენოს საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, მოიპოვოს მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეებად დაკითხოს ქ. ქუთაისის მერიის მოხელეები, მათ შორის 2008 წლის 2 ოქტომბრის – პერიოდისათვის მოქმედი მერი, ხელშეკრულებაზე ხელმომწერი თანამდებობის პირები და სხვა მოხელეები, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ქონების გადაცემასთან, მოიძიოს მერიის ადმინისტრაციული აქტები, რომლებიც დაადასტურებს ან გააქარწყლებს მოსარჩელეთა შრომით-სამართლებრივ კავშირს ქ. ქუთაისის მერიასთან. გამოარკვიოს, თუ რის საფუძველზე საქმიანობდნენ მოსარჩელენი გადაცემული ქონების ობიექტებზე და თუ ეს საქმიანობა იყო თვითნებური, რატომ და როგორ დაუშვა ეს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ. აღნიშნული გარემოებების გამორკვევაში სასამართლოს დაეხმარება იმ საკითხის გარკვევაც თუ ვინ საქმიანობს დღეის მდგომარეობით ამ ობიექტებზე და რის საფუძველზე.

მოთხოვნის ამ ნაწილში სათანადო მოპასუხის განსაზღვრისათვის სასამართლომ უნდა გამოარკვიოს სს ,, ...” სამართლებრივი და ფაქტობრივი საქმიანობის სტატუსი, მისი ფუნქციონირების საკითხი, მოწმედ დაკითხოს საწარმოს საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები (დირექტორი და სხვა), რომლებიც ახსნიან, თუ რას ეფუძნებოდა მოსარჩელეთა საქმიანობა მერიისთვის ნაჩუქარ ქონებასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსით დაშვებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობების როგორც წერილობითი ისე ზეპირი ფორმით დამყარება, ვინაიდან ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა სამოქალაქო სამართალურთიერთობის ფუნდამენტს – მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპს ეფუძნება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გამორკვევისა და დადგენის შედეგად, სასამართლომ უნდა განსზაღვროს მოცემულ სამართალურთიერთობაში ადგილი აქვს თუ არა მოპასუხეთა სოლიდარულ პასუხისმგებლობას ან სარჩელის მოთხოვნიდან რომელ ნაწილში რომელი სუბიექტია ის, რომელმაც პასუხი უნდა აგოს მოთხოვნაზე /სათანადო მოპასუხე/, შედეგად სასამართლომ ჩაატაროს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, განსაზღვროს მოთხოვნათა დარგობრივი ხასიათის მიხედვით, ადეკვატური სამართალწარმოების სახე.

ასევე სრულიად დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა მერიის მიერ თავისი ვალდებულებად აღიარებულ სახელფასო დავალიანებების მერიისათვის არ დაკისრების ნაწილშიც, მითუმეტეს სავსებით კანონსაწინააღმდეგოა ქ. ქუთაისის მერიის მიერ აღიარებული დავალიანების გადახდის სს ,, ...” დაკისრება, ისე, რომ სასამართლოს არც გამოურკვევია სს-ბის ფუნქციონირების საკითხი და აღნიშნულის გამორკვევის შედეგადაც, ჩუქების ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე თვალნათელია სს-ბას რა სამართლებრივი ვალდებულება აკავშირებს სახელფასო დავალიანებასთან მიმართებით მოსარჩელეებთან. სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნები, რომ არ უმსჯელია სააპელაციო საჩივრის მოტივებზე, არ გაუქარწყლებია ისინი და იურიდიულად არ დაუსაბუთებია.D

საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმეზე #ბს-52-52(კ-08) მ. ხ-ის სარჩელისა გამო მოპასუხის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ, 2008 წლის 25 მარტის განჩინებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ: ,,სააპელაციო სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება განჩინებაში გადმოსცეს მოკლე დასაბუთება, არცერთ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, რომ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით ახორციელებს მართლმსაჯულებას. მითითებული ნორმით დადგენილი პროცესუალური უფლებამოსილების გამოყენება არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში ამავე კოდექსის 377.1 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო სასამართლოს იურისდიქციასა და კომპეტენციასთან, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს სწორედ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შემოწმების ვალდებულების დადგენით. გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების და დასაბუთებულობის შემოწმების ვალდებულება პროცესუალურ-სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით უცილობლად გულისხმობს და მოიაზრებს სააპელაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შეფასებას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, რომელიც აგებულია მხარეთა დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, სააპელაციო და საკასაციო საჩივარს აკუთვნებს მხარის უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, ამასთან, სწორედ მხარის ამ საპროცესო უფლების რეალიზაცია თანაზომიერია მხარისავე საპროცესო ვალდებულებასთან _ დაასაბუთოს საჩივარი, კერძოდ, სსსკ-ის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის ე) და ვ) ქვეპუნქტებში მითითებულია თუ რა უნდა იყოს ასახული სააპელაციო საჩივრის შინაარსში. მხარის ამგვარი პროცესუალური ვალდებულება შეიცავს მხარის საპროცესო უფლებრივ გარანტიას, ზემდგომმა სასამართლომ შეაფასოს მისი საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, გაიზიაროს ან უარყოს, გააქარწყლოს ისინი იურიდიულად არგუმენტირებული სახით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ) ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების გამოყენება ზემომითითებული საპროცესო ნორმების ობიექტური შინაარსის კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, სააპელაციო სამართალწარმოებას გახდის ზედაპირულს და განაპირობებს მის უკიდურესად ფორმალისტურ ხასიათს, რაც წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სამართალწარმოების არსსა და მართლმსაჯულების პრინციპებთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო ნორმა შეუძლებელია გამოყენებულ იქნას მხარის პროცესუალური უფლების შეზღუდვის თვალსაზრისით, ასეთ შემთხვევაში სასამართლოს პროცესუალური უფლებამოსილება უნდა შეიზღუდოს, რათა არ მოხდეს მხარის საპროცესო უფლების იგნორირება, უკიდურეს შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონით გათვალისწინებული საპროცესო ზედამხედველობა განუხორციელებელი დარჩება“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.2, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ჩ-ის, მ. ხ-ისა და გ. მ-ის საკასაციო საჩივრი დაკმაყოფილდეს; გაუმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. წკეპლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

პ. სილაგაძე