Facebook Twitter

საქმე №ბ-80-1(ა-17) 21 თებერვალი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

რ. ჩ-ემ 2015 წლის 8 ივნისის სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ რ. ჩ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აპრილის №846027 ბრძანების ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის რ. ჩ-ის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინის დავალება და მოპასუხისათვის მოსარჩელე რ. ჩ-ის სასარგებლოდ განაცდურის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 21 აპრილის №846027 ბრძანება რ. ჩ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში და დაევალა მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონით დადგენილ ვადაში; სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმყოფილდა. აღნიშნული გადაწყვტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

საკასაციო პალატამ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 15 ნოემბერს. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა კი 2016 წლის 16 ნოემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 6 დეკემბერს ამოიწურა. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანა 2016 წლის 7 დეკემბერს, ანუ სამოქალაქო საროცესო კოდექსის 297-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი განხილული ვერ იქნებოდა, სსსკ-ის 396-ე მუხლის შესაბამისად, დაუშვებლობის გამო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვიის სააგენტომ 2017 წლის 26 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.

განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე გასაჩივრების ვადის ბოლო დრეს 2016 წლის 6 დეკემბერს ჩააბარეს საკასაციო საცივარი საქართველოს ფოსტას, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად განმცხადებელმა წარმოადგინა შპს „...” 2016 წლის 6 დეკემბრის №477 რეესტრი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით, სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატას საქმის მასალების გაცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას, ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 7 ოქტომბრის განჩინება სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 15 ნოემბერს. საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადის დენა 2016 წლის 16 ნოემბრიდან დაიწყო და 2016 წლის 6 დეკემბერს ამოიწურა. სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დართული შპს „...” 2016 წლის 6 დეკემბრის №477 რეესტრში მე-3 რიგში მითითებულია საკასაციო საჩივარზე დართული №3041774 მიმართვა, რომელის ადრესატი არის საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით უტყუარად დასტურდება საკასაციო საჩივრის 2016 წლის 6 დეკემბერს ფოსტის მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაგზავნის ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საკასაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილ ვადაში შეტანილად. ვინაიდან გასაჩივრების ვადის დარღვევის მოტივით არ არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება და შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინება;

3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარზე განახლდეს საქმის წარმოება;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი