გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-113-112(კ-17) 22 თებერვალი, 2017 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ე
მესამე პირი - გ. მ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება, მორალური ზიანის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. მ-ემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის №7 სხდომის ოქმისა და 2015 წლის 27 მარტის №8 სხდომის ოქმის ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე გ. მ-ის წარდგენისა და თ. მ-ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე გ. მ-ის წარდგენის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 მარტის №25 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ... ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თანამდებობაზე გ. მ-ის დანიშვნის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 აპრილის №21 ბრძანებისა და ... ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლის თ. მ-ის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 7 ნოემბრის №გ-1266 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, ასევე, დისკრიმინაციული შედეგის აღმოფხვრის მიზნით მოითხოვა ... ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ხელახლა დანიშვნა გასაუბრების ეტაპიდან - გასაუბრების მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცესის მაქსიმალური უზრუნველყოფით, ხოლო ამ მიზნით მოითხოვა: ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის ცვლილების განხორციელება და მისი წევრებიდან ი. მ-ისა და გი. მ-ის გაყვანა; ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში ხმის მიცემის უფლებით დამოუკიდებელი სპეციალისტების დანიშვნა. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის თ. მ-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 1500 ლარის ანაზღაურება.
ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საქმეში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაება ადიგენის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი - გ. მ-ი.
ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. მ-ის მიერ.
საქმის სააპელაციო სასამართლოში წარმოებისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის №7 სხდომის ოქმისა და 2015 წლის 27 მარტის №8 სხდომის ოქმის ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე გ. მ-ის წარდგენისა და თ. მ-ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში ბათილად ცნობა, ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე გ. მ-ის წარდგენის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 მარტის №25 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ... ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თანამდებობაზე გ. მ-ის დანიშვნის შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 აპრილის №21 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, ასევე, მოითხოვა თ. მ-ის მიმართ დადგინდეს მოპასუხე მხარის მიერ განხორციელებული დისკრიმინაცია და მისი აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, მოპასუხეს დაევალოს ... ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის ხელახლა დანიშვნა გასაუბრების ეტაპიდან - გასაუბრების მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პროცესის მაქსიმალური უზრუნველყოფით, ხოლო ამ მიზნით მოითხოვა: ა) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობის ცვლილების განხორციელება და მისი წევრებიდან ი. მ-ისა და გი. მ-ის გაყვანა; ბ) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 სექტემბრის №47 დადგენილების მე-4 მუხლის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში ხმის მიცემის უფლებით დამოუკიდებელი სპეციალისტების დანიშვნა, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 1500 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 20 მარტის №7 სხდომის ოქმი ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად დასანიშნი კანდიდატის გამოვლენის ნაშილში, ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 27 მარტის №8 სხდომის ოქმი ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე გ. მ-ის წარდგენილს ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო- საატესტაციო კომისიის 2015 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება გ. მ-ის ... ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 აპრილის N21 ბრძანება გ. მ-ის ადიგენის მუნიციპალიტეტის ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად დანიშვნის შესახებ, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ... ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად დასანიშნი კანდიდატის გამოვლების მიზნით კონკურსის ჩატარება გასაუბრების ეტაპიდან და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა, თ. მ-ის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში, მათ შორის, დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის განჩინებით კასატორს - ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა სსსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2017 წლის 9 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებებზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო 63-ე მუხლის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ვადის დენა 2017 წლის 10 თებერვლიდან დაიწყო და 2017 წლის 14 თებერვალს (სამშაბათს) ამოიწურა. კასატორმა კი ხარვეზის გამოსწორების განცხადება საქართველოს ფოსტაში წარადგინა 2017 წლის 16 თებერვალს (რაც დასტურდება კონვერტზე არსებული „...“ ბეჭდით), ხოლო საკასაციო სასამართლოში დარეგისტრირდა საკასაციო სასამართლოში 2017 წლის 17 თებერვალს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 374-ე, 396-ე, 401-ე, 447-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვ. როინიშვილი