#ბს-126-125(გ-17) 22 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი _ გ. ნ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო
დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 13 იანვარს გ. ნ-მა საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საჩივრის ავტორმა 2016 წლის 4 დეკემბრის №ეი663088 საჯარიმო ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის №20-24-3241602 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის დადგენილებით გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
საქალაქო სასამართლომ სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან მიმართებაში მიუთითა - ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაზე, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტზე, ასევე - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციაზე და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (GOLDER v. THE UNITED KINGDOM. Judgment of 21 February 1975).
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში 2012 წლის 26 აპრილს განხორციელებული ცვლილებების შედეგად კოდექსის მე-6 მუხლის ,,ბ” პუნქტით იმპერატიულად განისაზღვრა, რომ საქმეები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით, რამაც გამორიცხა ამ კატეგორიის საქმეთა სხვა (სასარჩელო) სამართალწარმოების წესით განხილვა, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების წესი და ვადა დადგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით. ამასთან, ხსენებული კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით განსაზღვრული წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს რაიონის (ქალაქის) სასამართლოში.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სამართალდარღვევის ჩადენის ადგილს წარმოადგენდა დაბა სურამი, ამდენად, გ. ნ-ის საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ხაშურის რაიონული სასამართლო წარმოადგენდა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით ასევე აღსანიშნავი იყო ის გარემოებაც, რომ საჩივრის ავტორი №ეი663088 საჯარიმო ქვითართან ერთად სადავოდ ხდიდა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს დადგენილებასაც, რომლის ტერიტორიული მისამართი არ შედიოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს განსაჯადი საქმეების სამოქმედო ტერიტორიულ ფარგლებში.
საქალაქო სასამართლო მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მიიჩნია, რომ გ. ნ-ის საჩივარი განსჯადობით განსახილველად უნდა გადაგზავნოდა ხაშურის რაიონულ სასამართლოს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე: საჩივრის ავტორი - გ. ნ-ი, მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველო, განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
რაიონული სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის განსჯადობა, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595-1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 116-ე-125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს, აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-71 ნაწილით. სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი იყო ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ხოლო სამართალდამრღვევის საცხოვრებელი ადგილი - ქ. თბილისი, ... №23, ბინა №3ა. ამდენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმის განსჯად სასამართლოებს წარმოადგენდა ხაშურის რაიონული და თბილისის საქალაქო სასამართლო.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლით დადგენილია განსჯადი სასამართლოს მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტის პრინციპი. ეს კოდექსი არეგულირებს ერთი და იმავე საქმის რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტის წესს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მიხედვით, სასამართლოს არჩევის უფლება, თუ საქმე რამდენიმე სასამართლოს განსჯადია, ეკუთვნის მოსარჩელეს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, საჩივრის ავტორმა - გ. ნ-მა გამოიყენა კანონით მისთვის მინიჭებული უფლება სასამართლოს არჩევის შესახებ და დავის გადასაწყვეტად მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მომჩივნის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების შემდეგ საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი ერთადერთი სასამართლო გახდა თბილისის საქალაქო სასამართლო. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხაშურის რაიონულ სასამართლოში საქმის განსჯადობით გადაგზავნა არ შეესაბამებოდა ზემოაღნიშნული ნორმების მოთხოვნებს, რის გამოც საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ხაშურის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად ამ ეტაპზე უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავით (განსჯადობა) გათვალისწინებული განსჯადობის წესები. აღნიშნულ თავში შემავალი მე-15 მუხლით რეგლამენტირებულია საერთო განსჯადობის შესახებ წესები. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, აღნიშნული მუხლი საერთო განსჯადობას განსაზღვრავს და ერთნაირად ვრცელდება ნებისმიერ დავაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამავე კოდექსით განსხვავებული წესია დადგენილი.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი რამდენიმე სასამართლოს განსჯადობის შემთხვევაში არჩევანის უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს, შესაბამისად, თუ სარჩელში დასახელებულია სხვადასხვა სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მოპასუხე, განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა და ერთპიროვნული საპროცესო უფლებაა, რასაც იგი განსაზღვრავს სარჩელის წარდგენის დროს, ანუ ირჩევს იმ სასამართლოს, სადაც წარადგენს სარჩელს. ამასთან, მოსარჩელის მიერ არჩეული სასამართლოს შეცვლა სხვა სასამართლოთი დაუშვებელია როგორც მოპასუხის მოთხოვნით, ისე სასამართლოს ინიციატიცით. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლი (განსჯადობა მოსარჩელის არჩევით) უზრუნველყოფს მოსარჩელის ინტერესების დაცვას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია 2016 წლის 4 დეკემბრის №ეი663088 საჯარიმო ქვითრის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის №20-24-3241602 დადგენილების ბათილად ცნობა. დადგენილია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-71 ნაწილის შესაბამისად, ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმების კანონიერების საკითხს იხილავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება მისი ჩადენის ადგილას, გარდა ამ კოდექსის 1595–1599 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებისა, რომლებსაც განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო; ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 116-ე–125-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები შეიძლება განხილულ იქნეს აგრეთვე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ამდენად, კანონმდებლობა 125-ე მუხლთან დაკავშირებით ითვალისწინებს ალტერნატიულ განსჯადობას, კერძოდ, 125-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა შესაძლებელია როგორც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილას, ასევე დამრღვევის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. გასაჩივრებულ აქტს საფუძვლად უდევს 125-ე მუხლი. შესაბამისად, გ. ნ-ი ნამდვილად იყო უფლებამოსილი გამოეყენებინა სასამართლოს არჩევის უფლება და მიემართა სასამართლოსათვის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ანუ ქ. თბილისში ცხოვრების შემთხვევაში მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის. 2017 წლის 13 იანვარს გ. ნ-მა საჩივრით სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მისი საცხოვრებელი მისამართი გარკვეულწილად ბუნდოვანია, რადგან საქმეში არსებული მისამართი - ქ. თბილისი, ... ქ. №23, ბინა №3ა, გ. ნ-ის წარმომადგენლის - საადვოკატო ფირმა შპს „...“ მისამართს წარმოადგენს. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველ რიგში უნდა დაადგინოს დამრღვევის - გ. ნ-ის საცხოვრებელ ადგილს ნამდვილად წარმოადგენს თუ არა ქ. თბილისი და შემდეგ განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი საქმის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე, რადგან დამრღვევის საცხოვრებელ ადგილად ქ. თბილისის დადგენის შემთხვევაში - საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილ სასამართლოს სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლო წარმოადგენს, ხოლო აღნიშნული ფაქტის დაუდგენლობის შემთხვევაში კი საქმის განხილვასა და გადაწყვეტაზე უფლებამოსილი სასამართლო - ხაშურის რაიონული სასამართლო (ანუ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილის მიხედვით სასამართლო) გახდება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ნ-ის საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს მიმართ ამ ეტაპზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;
2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი