Facebook Twitter

საქმე Nბს-22-21(კს-17) 21 თებერვალი, 2017 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ქ-ე

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მესამე პირი - ... უნივერსიტეტი ...

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმის შესახებ განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ქ-ემ 2015 წლის 19 მაისს აღძრა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბათილად ცნოთ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების ხარისხის დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოპასუხის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315898 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; ... უნივერისტეტ „...“ მიერ გაცემული დიპლომის (GUIUI #000024) აპოსტილით დამოწმების შესახებ ლ. ქ-ის განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება .

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 აგვისტოს საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინიტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ... უნივერსიტეტი ....

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315998 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ქ-ის ნაწილში; დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ქმედების განხორციელება, კერძოდ,... უნივერსიტეტ „...“ მიერ ლ. ქ-ის სახელზე გაცემული GUIUI №000024 დიპლომის აპოსტილით დამოწმება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მხარეთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეში №3ბ/1442-16, მოსარჩელე ლ. ქ-ე, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მესამე პირი - ... უნივერსიტეტი „...“, თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და მისი გაქუმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 1 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315898 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც ლ. ქ-ეს უარი ეთქვა დიპლომის აპოსტილით დამოწმებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის აპოსტილით დამოწმების დავალება წარმოადგენს.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ლ. ქ-ის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ადმინისტრაციულ საქმეში N3ბ/1442-16, მოსარჩელე ლ. ქ-ე, მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, მესამე პირი - ... უნივერსიტეტი „...“, თანამოპასუხედ ჩაბმული იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დიპლომის აპოსტილით დამოწმება აღარ განეკუთვნება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას და იგი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის, რის გამოც გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რასაც კერძო საჩივრის ავტორი არ დაეთანხმა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას; აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები; ხოლო ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №93/ნ-№170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის“ მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ ბრძანების ამოქმედებამდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №93/ნ-№170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე - 2016 წლის 10 აგვისტომდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს №93/ნ-№170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულება ვრცელდება 2016 წლის 10 აგვისტომდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებულ განცხადებებზე და ვერ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასამართლო არსებითად ბათილად ცნობს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტს და თავისი გადაწყვეტილებით ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 23 აპრილის №MES 9 15 00315898 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც ლ. ქ-ეს უარი ეთქვა დიპლომის აპოსტილით დამოწმებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის აპოსტილით დამოწმების დავალება წარმოადგენს, შესაბამისად, სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეა მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო ლ. ქ-ის სახელზე გაცემული დიპლომის აპოსტილით დამოწმების დავალების ნაწილში - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, დიპლომის აპოსტილით დამოწმება უნდა დაევალოს მოქმედი კანონმდებლობით დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე