საქმე Nბს-56-55 (2კ-17 ) 28 თებერვალი, 2017 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. ა. ბ-ე, ს. ს-ე; 2. საქართველოს მთავარი პროკურატურა
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ-ემ და ს. ს-ემ 2015 წლის 17 ნოემბერს აღძრეს სარჩელი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართ, რომლითაც საქართველოს მთავარი პროკურტურისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის 22,168.50 ლარის და მორალური ზიანის 200 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოიტხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფიანსთა სამინისტრო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 22168,50 (ოცდაორი ათას ას სამოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით; მოპასუხე მთავარ პროკურატურას მოსარჩელე ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 22168,50 (ოცდაორი ათას ას სამოცდარვა ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურება 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ა. ბ-ემ და ს. ს-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მთავარი პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა. ბ-ის და ს. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ა. ბ-ის და ს. ს-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს მთავარ პროკურატურას ს. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; საქართველოს მთავარ პროკურატურას ა. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, ა. ბ-ემ და ს. ს-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს მთავარი პროკურატურის, ა. ბ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის, ა. ბ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველო სადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ემუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საქართველოს მთავარი პროკურატურის, ა. ბ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მთავარი პროკურატურის, ა. ბ-ისა და ს. ს-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება;
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე