Facebook Twitter

№ბს-706-699(კს-16) 16 თებერვალი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს. მ-ი

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის გაცემა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2016წ. განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

15.12.2003 წ. მ. კ-ემ სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე საბურთალოს რაინულ სასამართლოში მოპასუხეების დაბა წყნეთის გამგეობის, ს. მ-ის, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიმართ და მოითხოვა: დაბა წყნეთში, ... ქუჩა N3-ში მცხოვრები ს. მ-ისათვის დაბა წყნეთში ე.წ „...“ მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე ბინათმშენებლობისათვის N12 ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე დაბა წყნეთის გამგეობის 13.06.2002 წ.ს N7112.11 დადგენილების ბათილად ცნობა და ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ამ ნაკვეთის წითელი ხაზები და პროექტების ბათილად ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 27.02.2004 წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.01.2005 წ. განჩინებით ქალაქ თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა ქალაქ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.04.2007 წ. განჩინებით დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სხდომაზე აპელანტმა მ. კ-ემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა წითელი ხაზებისა და პროექტების ბათილად ცნობის ნაწილში, ვინაიდან გაირკვა, რომ ასეთი წითელი ხაზები და პროექტები არ გაცემულა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2007 წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე- საბურთალოს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის 13.06.2002 წ. N7.112/111 და 19.07.2002 წ. N9.127/111 დადგენილებები დაბა წყნეთში ... ქუჩა N 3-ში მცხოვრები ს. მ-ისათვის ბინათმშენებლობისათვის დაბა წყნეთში, ე.წ „...“ ტერიტორიაზე - ნაკვეთი N12-ის გამოყოფის ნაწილში და დაევალა ქ. თბილისის დიდგორის რაიონის გამგეობას (დაბა წყნეთის გამგეობის უფლებამონაცვლე) საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრა ს. მ-ის მიერ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 25.06.2008 წ. განჩინებით ს. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 03.10.2008 წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.10.2009 წ. განჩინებით ს. მ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2007 წ. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ს. მ-ის და მ. კ-ის განცხადებები გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის და აშკარა არითმეტიკული შეცდომის გასწორების შესახებ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2007 წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის „13.06.2002 წლის N7.112/111“ დადგენილების ნაცვლად, მიეთითა ქ. თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის დაბა წყნეთის გამგეობის „13.06.2002 წლის N7.112“ დადგენილება.

05.05.2016 წ. ს. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა სააპელაციო პალატის 11.10.2007წ. გადაწყვეტილებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2016წ. განჩინებით ს. მ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.1 მუხლის საფუძველზე აღნიშნა, რომ სააღსურლებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 11.10.2007წ. გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოს მიერ 03.10.2008წ. გაიცა სააღსრულებო ფურცელი კრედიტორ მ. კ-ეზე. განმცხადებელი ს. მ-ი არის მოპასუხე მხარე - მოვალე, რომლის სასარგებლოდაც სააღსრულებო ფურცლის გაცემას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ს. მ-ის მიერ.

კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ორგანოს დღემდე არ შეუსრულებია სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული ვალდებულება: საქმის გარემოებათა სათანადოდ გამოკვლევის შემდეგ არ გამოუცია ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან მიმართებით. ს. მ-ი მიიჩნევს, რომ მას გააჩნია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების აღსრულების გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რადგან ეზღუდება ბინათმშენებლობის უფლების მოპოვებისა და გამოყენების შესაძლებლობა. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სააპელაციო პალატის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს. მ-საც წარმოეშვა გარკვეული უფლებები, მის ინტერესებშიც შედის ადმინისტრაციულმა ორგანოებმა ხელახლა გამოიკვლიონ საქმის გარემოებები და გამოსცენ ახალი აქტი, შესაბამისად, ს. მ-ი გარკვეულწილად კრედიტორია და არა მოვალე, ს. მ-ი მოპასუხე იყო მ. კ-ის და არა ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 15.1 მუხლის მიხედვით, კრედიტორს წარმოადგენს პირი, რომლის სასარგებლოდ ან ინტერესებისათვის მიღებულია აღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილება, ამდენად, ვინაიდან ს. მ-ის ინტერესშიც შედის ორგანომ გამოსცეს ახალი აქტი, ამიტომ იგი მიჩნეულ უნდა იქნეს კრედიტორად და მასზე გაცემულ უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. მ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 20.2 მუხლის მიხედვით, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას, სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე.

განსახილველ შემთხვევაში ს. მ-ი სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვს მ. კ-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.10.2007წ. გადაწყვეტილებაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში მოსარჩელე იყო მ. კ-ე, ხოლო მოპასუხეს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად წარმოადგენდა ს. მ-ი, რომელიც არ ცნობდა სარჩელს და ითხოვდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, გასაჩივრებული აქტის ძალაში დატოვებას. ამდენად, უსაფუძვლოა ს. მ-ის მოსაზრება, რომ იგი მ. კ-ესთან ერთად წარმოადგენს კრედიტორს და აქვს სააღსრულებო ფურცლის მიღების უფლება. ის, რომ ს. მ-ს სურს გადაწყვეტილების დროული აღსრულება, არ ასაბუთებს სააღსრულებო ფურცლის მის სახელზე გაცემის შესაძლებობას, რადგან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 151.1 მუხლის მიხედვით სააღსრულებო წარმოებაში კრედიტორი არის პირი, რომლის სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია აღსრულების ქვემდებარე გადაწყვეტილება. გასახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება, რომ ს. მ-ი სააღსრულებო ფურცლის გაცემას ითხოვს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულია მ. კ-ის სასარგებლოდ, რადგან სწორედ ამ უკანასკნელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთანავე, სააპელაციო პალატის მიერ კრედიტორ მ. კ-ის სასარგებლოდ 03.10.2008წ. გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ერთ-ერთ მოწინაღმდეგე მხარედ მითითებულია ს. მ-ი.

საფუძველს მოკლებულია აგრეთვე ს. მ-ის მიერ სააპელაციო პალატაში 05.05.2016წ. წარდგენილ განცხადებაში არსებული მითითება, რომ სააღსრულებო ფურცელი ერთხელ უკვე გაცემული იყო ს. მ-ის სასარგებლოდ, რადგან საქმის მასალების მიხედვით აღნიშნული გარემოება არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ კრედიტორ მ. კ-ის სასარგებლოდ 03.10.2008წ. გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლის დედანიც გადაეცა კრედიტორ მხარეს და არა ს. მ-ს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის დაკარგვის შემთხვევაში ორგანოს, რომელმაც გასცა პირველი ეგზემპლარი, შეუძლია გასცეს დუბლიკატი. საკასციო პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმა ითვალისწინებს სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემას იმ უფლებამოსილ პირზე, რომლის სახელზეც ერთხელ უკვე გაცემული სააღსრულებო ფურცელი დაიკარგა. განსახილველ შემთხვევაში, ს. მ-მა სააპელაციო პალატაში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის დუბლიკატის გაცემა, თუმცა ვერ დაადასტურა, რომ მასზე, როგორც კრედიტორზე იყო გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2016წ. განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.06.2016.წ. განჩინება;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი