საქმე №ბს-74-73(კს-17) 21 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ფ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მესამე პირი - ს. კ-ი
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
დ. ფ-მა 2016 წლის 4 იანვარს სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და მესამე პირის ს. კ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ნოტარიუსი ი. ა-ის მიერ 2001 წლის 29 მარტს №1პ-05 დამოწმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით დ. ფ-ის სარჩელი მოპასუხის - მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, მესამე პირის - ს. კ-ის მიმართ, პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ფ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით აპელანტ - დ. ფ-ს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღე, სასამართლოს მიერ მითითებული ხარვეზის შესავსებად და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდის (დედნის სახით) დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოსთვის წარდგენა; განემარტა მხარეს, რომ თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნებოდა შევსებული, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინებით დ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ბოლნისის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, ხარვეზის დადგენილ ვადაში გამოუსწორებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს, დ. ფ-ს, ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: დმანისი სოფელი ... და ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს, მამას - ჰ. ფ-ს, 2016 წლის 7 დეკემბერს. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს, დ. ფ-ს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება ჩაბარდა 2016 წლის 7 დეკემბერს, მხარისათვის ვადის ათვლა 2016 წლის 8 დეკემბერს დაიწყო და 2016 წლის 14 დეკემბრის 24 საათზე ამოიწურა. სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი განჩინებით დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ იქნა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ დ. ფ-ის მიერ არ იქნა შევსებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ფ-მა წარმოამადგენელმა ნ. ა-მა.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ დ. ფ-ის სახელით, როგორც წარმომადგენელი სათანადო აქტის საფუძველზე მონაწილეობდა საქმის განხილვაში, შესაბამისად სარჩელი და სააპელაციო საჩივარიც მის მიერ იქნა შეტანილი. სააპელაციო პალატას ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ გადაუგზავნა მოსარჩელის წარმომადგენელს ნ. ა-ს და გადაუგზავნა მხოლოდ მოსარჩელე დ. ფ-ს, რომელიც იმ პერიოდისათვის საცხოვრებელ ადგილზე არ იმყოფებოდა, რის გამოც განჩინება ჩაბარდა ამ უკანასკნელის მოხუც მამას. მოსარჩელის მამამ - ჰ. ფ-მა ვერ გააცნობიერა დოკუმენტის შინაარსი და რამოდენიმე დღის დაგვიანებით აცნობა ამის შესახედ დ. ფ-ს. მოსარჩელემ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ იმის გამო, რომ 14 დეკემბერს სამუშაო საათები ამოწურული იყო ვეღარ შეძლო სახელმწიფო ბაჟის ქვითრის სასამართლოში დროულად წარდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს, რის გამოც არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის დაცვით მოხდა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნა და შესაბამისად, ხარვეზის ვადაში გამოუსწორებლობის საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გამოტანა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის 70-78-ე მუხლებით დადგენილია სასამართლო შეტყობინების და დაბარების წესი, რომელიც ასევე გამოიყენება სასამართლო აქტის მხარისათვის ჩაბარებასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინება დ. ფ-ს გაეგზავნა მოსარჩელის მიერ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე - დმანისი, სოფელი .... საქმეში დაცული წერილობითი კორესპონდენციის ჩაბარების შესახებ უკუგზავნილით დგინდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება 2016 წლის 7 დეკემბერს ჩაბარდა ადრესატის ოჯახის წევრს (მამას) - ჰ. ფ-ს (ტ.2, ს.ფ. 6). აღნიშნულს ადასტურებს უკუგზავნილზე ჰ. ფ-ის პირადი ნორმის მითითება და მისი ხელმოწერა, რომლის ნამდვილობას მხარეც ადასტურებს წარმოდგენლი კერძო საჩივრით. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება არ გაეგზავნა წარმომადგენელს და გაეგზავნა მხოლოდ მოსარჩელეს, რომელიც იმ დროს საცხოვრებელ ადგილზე არ იმყოფებოდა და განჩინება ჩაბარდა მის მოხუც მამას, რომელმაც დოკუმენტის შინაარსის გაუცნობიერებლობის გამო რამოდენიმე დღის დაგვიანებით აცნობა ამის შესახებ დ. ფ-ს, რის გამოც აპელანტმა ერთი დღის დაგვიანებით შეავსო ხარვეზი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ერთი დღის დაგვიანებით სასამართლოში წარდგენას არ უნდა მოჰყოლოდა ასეთი მძიმე შედეგი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. საგულისხმოა, რომ საქმეში არ არსებობს მხარეთა მოთხოვნა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესისგან ჩაბარების განსხვავებული წესის თაობაზე, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო სააჩივრის ავტორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივარში ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მხოლოდ აპელანტი მხარისათვის გაგზავნასთან დაკავშირებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დ. ფ-ს დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება დ. ფ-ის ქმედუნარიან ოჯახის წევრს ჩაბარდა 2016 წლის 7 დეკემბერს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ითვლება განჩინების ჩაბარებად დ. ფ-ისათვის, თუმცა მას ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ საპროცესო ვადაში არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. ამასთან, კერძო საჩივარში მითითებული გარებოებები არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენილ საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო, სააპელაციო პალატას გააჩნდა დ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ. ფ-ის წარმომადგენილის ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება დ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე, 372-ე, 399-ე, 414-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე