Facebook Twitter

ბს-782-774(2კ-16) 09 თებერვალი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2016წ. განჩინებაზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. დ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სსიპ მომსახურების სააგენტოს მიმართ ი. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.07.2015წ. N1595177 ბრძანების, ი. დ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.11.2015წ. N2594117 ბრძანების ბათილად ცნობის, სსიპ მომსახურების სააგენტოს ადამიანური რესურსების სამმართველოს ადმინისტრირების განყოფილებაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე ი. დ-ის აღდგენის, ი. დ-ის სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურების (თვეში 1140 ლარის ოდენობით თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისათვის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე), გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების თანხის ანაზღაურების და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 500 ლარის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილებით ი. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 21.07.2015წ. N1595177 ბრძანება ი. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 20.11.2015წ. N2594117 ბრძანება ი. დ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის ნაწილში და დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. დ-ემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტომ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2016წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოსა და ი. დ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 18.02.2016წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამონისტორს მომსახურების სააგენტომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთანავე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (ს.კ.205190513) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2016წ. N21037 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, როგორც შეცდომით გადახდილი, რადგან განსახილველი დავა თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.06.2016წ. განჩინება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს (ს.კ.205190513) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.10.2016წ. N21037 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ.როინიშვილი