ბს-785-777(2კ-16) 16 თებერვალი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2016წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-მა 21.09.2015წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ და მოითხოვა „დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. N128/ნ ბრძანებით დამტკიცებული დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების 9.10 და 9.11 მუხლების ბათილად ცნობა, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისათვის წერილობითი ფორმით იმ ექსპერტთა ვინაობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დავალება, რომლებმაც შეაფასეს გ. კ-ის მიერ ფონდში წარდგენილი საგრანტო პროექტი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 19.11.2015წ. გადაწყვეტილებით გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი „დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 30.09.2014წ. N128/ნ ბრძანებით დამტკიცებული დოქტურანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების მე-9 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტები, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს დაევალა წერილობით აცნობოს გ. კ-ს იმ ექსპერტთა ვინაობა, რომლებმაც შეაფასეს მისი საგრანტო-საკონკურსო პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2016წ. განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გააასაჩივრეს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 18.07.2016წ. განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი