Facebook Twitter

საქმე №ბს-84-83(გ-17) 22 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

მოსარჩელე _ ლ. ს-ი

მოპასუხე _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

დავის საგანი _ სასამართლოთა შორის განსჯადობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2016 წლის 29 დეკემბერს ლ. ს-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ.

მოსარჩელემ ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის №318919 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ს-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 3 იანვრის განჩინებით ლ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე და მე-2 მუხლზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე მოპასუხედ მითითებული იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის N318919 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ს-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება. სადავო აქტი ეხებოდა ნინოწმინდის ტერიტორიაზე მდებარე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განხორციელებული რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლის საკითხს. ამდენად, საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სადავო გადაწყვეტილების მიღებისას საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ თავის უფლებამოსილება განახორციელა ტერიტორიული სამსახურის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ოფისის მეშვეობით, რომლის ადგილსამყოფელსაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა.

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან განთავისუფლების შესახებ, აგრეთვე ქონების გაყოფასთან, განაწილებასთან და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილი ყოფილიყო სასამართლოში ნივთის ადგილსამყოფლის მიხედვით. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა დაკავშირებული იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაციასთან, რის გამოც, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავის განხილვა წარმოადგენდა იმ სასამართლოს კომპეტენციას, რომლის მოქმედების სფეროშიც შედიოდა მოცემული ქონება.

ამდენად, ვინაიდან, სადავო უძრავი ნივთის ადგილსამყოფელი იყო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ამასთან, ქალაქ ნინოწმინდის ადმინისტრაციული საზღვრები შედიოდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაში, სარჩელი, დავის საგნიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, ნივთობრივი განსჯადობის შესაბამისად, უნდა გადაგზავნოდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით მოცემული საქმე განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლზე და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-2 ნაწილზე. რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის №ბს-721-707(გ-14) განჩინებაზე.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დავა ეხებოდა არა უძრავ ქონებას, არამედ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ზემდგომი ორგანოს მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას. შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის განხილვა იყო იმ სასამართლოს კომპეტენცია, რომლის მოქმედების სფეროშიც აქვს ადგილსამყოფელი მითითებულ ორგანოს.

ამასთან, რაიონული სასამართლოს განმარტებით მხედველობაში იყო მისაღები ის გარემოება, რომ არც თავდაპირველი გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაციული ორგანოს ადგილსამყოფელი იმყოფებოდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი კი მდებარეობდა ქალაქ ახალციხეში, სადაც ვრცელდებოდა ახალციხის რაიონული სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა.

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილი იყო დაეწყო დავა მოცემულ საქმეზე განსჯადობის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიისა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს ამ ეტაპზე წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის (საერთო განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს სარჩელი წარედგინება მოპასუხის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო სარჩელი იურიდიული პირის მიმართ სასამართლოს წარედგინება იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით. ამდენად, მითითებული ნაწილი შეიცავს სარჩელის ტერიტორიული განსჯადობის განმსაზღვრელ საპროცესო ნორმას და პირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი იურიდიული პირის, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ორგანოს მიმართ წარედგინება სასამართლოს მისი ადგილსამყოფლის მიხედვით და შესაბამისად, სარჩელის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს სწორედ ის სასამართლო, რომლის იურისდიქციაც ვრცელდება შესაბამისი მოპასუხის ადგილსამყოფელზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის (ნივთობრივი განსჯადობა) პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი საკუთრების უფლების, ქონების უფლებრივი დატვირთვის ან ასეთი დატვირთვისაგან გათავისუფლების შესახებ, აგრეთვე, ქონების გაყოფასთან, განაწილებასა და ფლობასთან დაკავშირებული სარჩელი, თუ დავა ეხება უძრავ ნივთებზე, მათ შორის, მიწის ნაკვეთზე უფლებას, შეიძლება შეტანილ იქნეს სასამართლოში ნივთების ადგილსამყოფლის მიხედვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის N318919 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ლ. ს-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ხოლო სარჩელში მოპასუხედ მითითებულია ადმინისტრაციული ორგანო _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომლის იურიდიული მისამართია, ქ. თბილისი, … ქ. N2.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს არა უძრავი ქონება, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება. ამდენად, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის საფუძველზე დადგენილი საერთო განსჯადობის წესები. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ისეთ მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა დისპოზიციურობის პრინციპი. ეს უკანასკნელი სამართალწარმოებაში წარმოადგენს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მხარეთა გარანტირებულ შესაძლებლობას, თავისუფლად ისარგებლონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებებით ან განკარგონ ისინი. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მხარეთა თავისუფალი ნება, დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით სარჩელი აღძრან სასამართლოში და მიუთითონ მოპასუხე, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სასარჩელო მოთხოვნაზე.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა დაადგინოს აღძრულია თუ არა სარჩელი იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე ან სწორად აქვს თუ არა მოსარჩელეს ყველა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ დასახელებული მოპასუხე. მითითებულ მუხლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის თანხმობითაა უფლებამოსილი თავდაპირველი მოპასუხე შეცვალოს სათანადო მოპასუხით. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. ს-ის საკუთრების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების ნაწილში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო, მოცემულ შემთხვევაში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისი, რომლის მისამართია ქ. ახალციხე, … ქუჩის მიმდებარედ. ამასთან, სასარჩელო მოთხოვნაც დასაზუსტებელია, ვინაიდან, სადავო - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 დეკემბრის N318919 გადაწყვეტილება ეხება სწორედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ოფისის გადაწყვეტილების (ძირითადი აქტი) კანონიერების შესწავლის საკითხს.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოსარჩელეს უნდა დააზუსტებინოს სასარჩელო მოთხოვნა, მისი თითოეული სასარჩელო მოთხოვნის მიმართ მოპასუხე და შემდეგ განიხილოს თბილისის საქალაქო სასამართლოს უფლებამოსილების საკითხი საქმის ტერიტორიული განსჯადობის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მოცემული საქმის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლო, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ლ. ს-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ს-ის სარჩელი მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ ამ ეტაპზე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

2. საქმე გადაეგზავნოს განსჯად სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი