ბს-884-876(კ-16) 02 თებერვალი, 2017წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა მ. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.16წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-მა 26.12.14წ. სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურისა და ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სარჩელის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის 31.10.14წ. №1 მითითების, 07.11.14წ. №01 შემოწმების აქტის, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 28.11.14წ. სამშენებლო სამართალდარღვევის №01 ოქმის, 11.12.14წ. №218 ბრძანებისა და 05.02.15წ. №49 ბრძანების ბათილად ცნობა.
10.03.15წ. განცხადებით მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 11.12.14წ. №218 ბრძანებისა და 05.02.15წ. №49 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 12.03.15წ. განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 11.12.14წ. №218 და 05.02.15წ. №49 ბრძანებების მოქმედება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 20.04.15წ. განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 05.05.15წ. განჩინებით არასათანადო მოპასუხე ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახური შეიცვალა სათანადო მოპასუხით - ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიით. ამავე განჩინებით სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 16.06.15წ. გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის 05.02.15წ. №49 ბრძანება საურავის დარიცხვის შესახებ, სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ხ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.16წ. განჩინებით მ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც მ. ხ-მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთანავე, მ. ხ-ს (პ.ნ. ...) სსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.15წ. N5 საგადასახადო დავალებით ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.16წ. განჩინება;
3. მ. ხ-ს (პ.ნ. ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 21.12.15წ. N5 საგადასახადო დავალებით ნ. გ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70%, _ 210 ლარი;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ.როინიშვილი