#ბს-927-919(2კ-16) 23 თებერვალი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 27 აგვისტოს გ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა გ. ჩ-ის დისციპლინური წესით დასჯის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 15 მარტის #489001 ბრძანების, გ. ჩ-ის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 11 მარტის დასკვნისა და გ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის #1853120 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმ თანამდებობაზე და იმავე პირობებით აღდგენა, საიდანაც მოხდა მისი განთავისუფლება, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასისა და 2014 წლის 20 სექტემბრიდან გ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის #1853120 ბრძანების ძალაში შესვლამდე - 2014 წლის 8 აგვისტომდე ხელფასის ანაზღაურების დაკისრება და პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სასარჩელო მოთხოვნის არაერთხელ დაზუსტების შედეგად მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა გ. ჩ-ის დისციპლინური წესით დასჯის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 15 მარტის #489001 ბრძანების, გ. ჩ-ის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 11 მარტის დასკვნისა და გ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის #1853120 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში იმ თანამდებობაზე და იმავე პირობებით აღდგენა, საიდანაც მოხდა მისი განთავისუფლება, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ მისი თანამდებობაზე არყოფნის მთელი პერიოდისთვის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდური ხელფასის, 2014 წლის 20 სექტემბრიდან გ. ჩ-ის საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის #1853120 ბრძანების ძალაში შესვლამდე - 2014 წლის 8 აგვისტომდე ხელფასის, ასევე 2012, 2013 და 2014 წლებში მოსარჩელის მიერ თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით გამოუყენებელი შვებულების სრული ანაზღაურებისა და პროცესის ხარჯის - 13,80 ლარის და ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის 2000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის განჩინებით სასარჩელო მოთხოვნის - გ. ჩ-ის სამსახურეობრივი შემოწმების შედეგებზე 2013 წლის 11 მარტის გენერალური ინსპექციის დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის თანახმად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 15 მარტის #489001 ბრძანება გ. ჩ-ის დისციპლინური წესით დასჯის შესახებ და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრის ბრძანება #1853120 და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პროცესის ხარჯის სახით 13,80 ლარის და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით; მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს დაევალა გადაეწყვიტა მოსარჩელისათვის იძულებით განაცდურის ანაზღაურების საკითხი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით, ასევე 127-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესების დაცვით; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელფასის ანაზღაურება 2014 წლის 20 სექტემბრიდან, გ. ჩ-ის საქართველოს შსს ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის 2013 წლის 19 სექტემბრით დათარიღებული #1853120 ბრძანების ძალაში შესვლამდე - 2014 წლის 8 აგვისტომდე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე დაეკისროს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს გ. ჩ-ის სასარგებლოდ 2012, 2013 და 2014 წლებში მოსარჩელის მიერ გამოუყენებელი შვებულების სრული ანაზღაურება, თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. გ. ჩ-მა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ნოემბრისა და 19 დეკემბრის, 2015 წლის 13 თებერვლის, 17 აპრილის, 13 მაისისა და 29 მაისის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტ გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე გ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეკისრათ გ. ჩ-ის სასარგებლოდ 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების ნაწილის 16 დღის და 2013 წლის გამოუყენებელი შვებულების სრულად ანაზღაურება თანამდებობრივ სარგოში შემავალი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით; გ. ჩ-ის სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; აპელანტ გ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე წერილობითი მტკიცებულებების საქმეზე დართვასთან დაკავშირებით, ასევე წერილობითი მტკიცებულებების დედნის სახით გამოთხოვაზე უარის თქმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ნოემბრის, 2014 წლის 19 დეკემბრის, 2015 წლის 13 თებერვლის, 17 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე - საქმის ზეპირი მოსმენით სხვა დროისათვის გადადებების შესახებ; არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 17 აპრილის, 13 მაისის, 29 მაისის საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე - საქმეზე შემაჯამებებლი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოსაცხადებლად გადადების შესახებ; გ. ჩ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორმა ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინებების გაუქმება მოითხოვა. ამასთან, კასატორმა იშუამდგომლა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის საფუძველზე საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე, ასევე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს მიერ მიღებული/მისაღები ყველა შუალედური სასამართლო აქტის დამოწმებული ასლების მხარისათვის გადაცემის, საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვისა და საკასაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის დაკისრების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ის შუამდგომლობა საქმის დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების/საოქმო განჩინებების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული ყველა სასამართლო აქტის ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ მხარეებს/წარმომადგენელს.
საკასაციო ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარისთვის სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების თაობაზე კასატორის - გ. ჩ-ის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან გ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისთვის მის სასარგებლოდ საკასაციო სასამართლოში გაღებული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.
რაც შეეხება კასატორის - გ. ჩ-ის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან, აღნიშნული განჩინებით წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოცემულ შუამდგომლობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საოქმო განჩინებები;
3. გ. ჩ-ის შუამდგომლობები არ დაკმაყოფილდეს;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი