Facebook Twitter

¹102საზ ქ. თბილისი

29 ოქტომბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

სხდომის მდივან _ ო. დუმბაძის

პროკურორ _ ი. ჩ-ის

ადვოკატ _ ხ. ვ-ის

მონაწილეობით განიხილა ა. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ხ. ვ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 3 სექტემბერს საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ლ-მ განიხილა სომხეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ძებნილ ა. კ-ის ძე ა-ის სომხეთის რესპუბლიკისათვის გადაცემასთან დაკავშირებით და მოტივირებული დადგენილებით დაკმაყოფილდა შუამდგომლობის მოთხოვნა ა. კ-ის ძე ა-ის სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით.

ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის თანახმად, 2006 წლის 23 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის გეგარკუნიკის ოლქში აღიძრა სისხლის სამართლის ¹.. საქმე ა. ა-ის მიმართ, სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტებითა და 139-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ნიშნებით.

2006 წლის 25 აგვისტოს სომხეთის რესპუბლიკის გეგარკუნიკის ოლქის პროკურატურამ გამოიტანა ახალი დადგენილება ა. ა-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და აღნიშნული დადგენილების საფუძველზე ზემოთ ხსენებულ პირს წარედგინა დამატებითი ბრალდება სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის I-ლი ნაწილით.

2008 წლის 28 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, ბუხაიძის ქუჩის ¹5-ში, დააკავეს სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ა. ა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2008 წლის 29 ივნისის ბრძანებით ა. ა-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით.

2008 წლის 17 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ა-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა და ითხოვა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ლ-ს 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ ა. ა. ბრალდებულია ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც დასჯადია როგორც სომხეთის რესპუბლიკის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით და იგი უნდა გასამართლდეს საქართველოს კანონმდებლობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილებით საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ლ-ის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება ა. ა-ს სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით დარჩა უცვლელად.

ბრალდებულ ა. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ხ. ვ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის გადაცემის შესახებ მეოთხე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» პუნქტის თანახმად, არ მოხდეს ა. ა-ს ექსტრადიცია და გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება.

საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ა-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ხ. ვ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.

პროკურორმა ი. ჩ-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება მიიჩნია კანონიერად და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის XXXII თავით განსაზღვრულია უცხოეთის სახელმწიფოთა შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის წესი. ა. ა-ს სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს „ექსტრადიციის შესახებ 1957 წლის ევროპული კონვენცია» და სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული, 1997 წლის 3 მაისის ორმხრივი ხელშეკრულება გადაცემის შესახებ, რომლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, გადასცენ ერთმანეთს სისხლის სამართალწარმოებას დაქვემდებარებული პირი.

საკასაციო პალატა თვლის, რომ დადგენილება ა. ა-ს ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 247-ე, 254-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს. კასატორი საჩივარში ვერ უთითებს და არც სასამართლო სხდომაზე წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან დასაბუთება, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მოსალოდნელია ა. ა-ის წამება ან მის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ასევე _ სხვა გარემოება, რაც, საქართველოს სსსკ-ის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა. პალატა ეთანხმება გასაჩივრებული დადგენილების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ლ-ის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას სომხეთის რესპუბლიკის სამართლის შესაბამისად, დასჯადობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე იმას, რომ ა. ა-ს ქმედებები შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 138-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების დასჯადობას, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს _ ნე ბის ინ იდემ; ამასთან, ა. ა. არ ექვემდებარება სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციას სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვინაიდან ხსენებული მუხლით დაკვალიფიცირებული ა. ა-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით არ წარმოადგენს დანაშაულს და მისი ჩადენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 29 სექტემბრის დადგენილება, რომლითაც ძალაში დარჩა საქართველოს გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ გ. ლ-ის 2008 წლის 3 სექტემბრის დადგენილება ა. ა-ს სომხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისათვის გადაცემის შესახებ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.