104საზ-08 ქ. თბილისი
20 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
იური ტყეშელაშვილი, დავით სულაქველიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 სექტემბრის განაჩენით:
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა _ 3000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით.
მას სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავების მომენტიდან _ 2007 წლის 21 ივნისიდან.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება:
ვ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 21 ივნისიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
მსჯავრდებული ვ. გ-ი საჩივრით ითხოვს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებანი, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა. ასეთ გარემოებებს მიეკუთვნება:
a) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
b) კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულ ვ. გ-ის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ სამართლებრივ გარემოებად, რის გამოც საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 599-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი ვ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.