¹105საზ ქ. თბილისი
25 დეკემბერი,2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),
დ. სულაქველიძე, პ. სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. გ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განჩინების გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 23 თებერვლის განაჩენით დ. გ., _ დაბადებული ..... წლის ........, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 7 მაისიდან.
ამავე განაჩენით გ. გ., _ დაბადებული .... წლის ......., საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 109-ე მუხლის „ი”, „ლ” პუნქტებით და საბოლოოდ მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2004 წლის 6 მაისიდან.
აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილადაა მიჩნეული, რომ დ. გ-მ ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში შეღწევით; ასევე _ ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა; ასევე _ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება.
მსჯავრდებული დ. გ. საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ითვალისწინებდა 6-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას; სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით შემსუბუქდა 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი, რის გამოც ითხოვს მისი ქმედების ახალ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას, რადგან სასჯელის მიზანი მაქსიმალურადაა მიღწეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმე სრული მოცულობით, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით დ. გ-სა და გ. გ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და „გ” ქვეპუნქტებითაც (ყაჩაღობა ჯგუფურად და ბინაში შეღწევით).
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილია სამართლებრივი გარემოებები, რომლებითაც შეპირობებულია უკანონო ან დაუსაბუთებელი სასამართლო გადაწყვეტილების გადასინჯვა და ასეთ გარემოებებს მიუკუთვნებიან:
ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების დადგენისას გამოყენებული კანონი;
ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
სისხლის სამართლის კანონში შეტანილი ცვლილებები, რომელზეც მიუთითებს საჩივრის ავტორი, ამოქმედდა საკასაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება სასჯელის შემსუბუქებას, საკასაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი, იმსჯელოს სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 568-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ. გ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ივნისის განჩინება დ. გ-სა და გ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.