¹106-საზ-08 ქ. თბილისი
20 მაისი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ა. ლ-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენით:
ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ძვ.რედაქცია) _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის მე-40 მუხლის თანახმად, საბოლოოდ ა. ლ-ს მოსახდელად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1998 წლის 23 სექტემბრიდან.
გ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 1999 წლის 26 იანვრიდან.
ა. ლ-სა და გ. კ-ს სოლიდარულად დაეკისრათ დაზარალებულ რ. ჯ-ის სასარგებლოდ 129 ლარის გადახდა, ხოლო ა. ლ-ეს დაზარალებულ ჯ. ჭ-ს სასარგებლოდ _ 661 ლარის გადახდა.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 5 ივლისის განაჩენით:
ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით _ 2 წლით, 3 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 6 თვე და 3 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 მარტიდან.
ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით _ 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 წელი, 9 თვე და 14 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 8 წლით, 3 თვითა და 29 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 მარტიდან.
ე. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით _ 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 5 წელი, 3 თვე და 10 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 6 წლით, 9 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 მარტიდან.
შ. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით _ 1 წლით, 6 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 2 წელი, 7 თვე და 28 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 2 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 მარტიდან.
რ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ა» პუნქტით _ 1 წლით, 9 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 7 წელი, 8 თვე და 20 დღე და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 9 წლით, 6 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2003 წლის 20 მარტიდან.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენით ა. ლ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ასეთი ძალადობის მუქარა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, მიმართული სხვისი ქონების დიდი ოდენობით დაუფლების მიზნით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე. ი სხვისი ქონების ფარული გატაცება განმეორებით, ბინაში შეღწევით; მანვე ჩაიდინა ცივი იარაღის სათანადო ნებართვის გარეშეE ტარება.
მსჯავრდებული ა. ლ-ე საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენის გადასინჯვას, მის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ ა. ლ-ის პირადი საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენით ა. ლ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი, მეხუთე, მეექვსე პუნქტებით (ძვ.რედაქცია), სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 238-ე მუხლის V ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) (ყაჩაღობა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის VI პუნქტით (ძვ.რედაქცია) (ყაჩაღობა, ჩადენილი ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. მართალია, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ზედა ზღვარმა დაიწია, მაგრამ, ვინაიდან არ შეცვლილა დანაშაულის კატეგორია და მსჯავრდებულ ა. ლ-ის განსაზღვრული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის VI პუნქტის (ძვ.რედაქცია) ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლთან შესაბამისობაში მოყვანაზე.
ამასთან, მსჯავრდებულ ა. ლ-ის მიერ ყაჩაღობის ეპიზოდში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი _ 129 ლარი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად არ წარმოადგენს დიდ ოდენობას, ვინაიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შესაბამისი მუხლის, კერძოდ: სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. ლ-ეს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია) წარდგენილი ბრალდება.
გარდა ამისა, ა. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმ დროს მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით _ ცივი იარაღის _ დანის უნებართვოდ ტარებისათვის. ა. ლ-ს მიერ ჩადენილ ამ ქმედებას ითვალისწინებს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 2381-ე მუხლის I ნაწილი, თუმცა 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არ ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ცივი იარაღის ტარებისათვის.
საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის I-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, აქვს უკუძალა. ამასთან, თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი. ამდენად, კანონერ ძალაში შესული განაჩენიდან ა. ლ-ს მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი სსკ-ის 238-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ძვ. რედაქცია) (ქურდობა, ე.ი სხვისი ქონების ფარული გატაცება, ბინაში შეღწევით) სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით სამიდან რვა წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ძვ.რედ.) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ არ იცვლება და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, პალატამ სარევიზიო წესით იმსჯელა ამავე საქმეზე მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართაც და მიიჩნია, რომ ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
განაჩენით გ. კ-ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I-V-VI პუნქტებით (ძვ.რედ.) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც ზემოთ იყო აღნიშნული, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან იგი სანქციის ფარგლებშია. გ. კ-ს განაჩენიდან უნდა ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია) წარდგენილი ბრალდება.
რაც შეეხება განაჩენის იმ ნაწილს, რომლითაც მსჯავრდებულ გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დაკვალიფიცირებულია საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის VI პუნქტით, უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან განაჩენის ამ ნაწილში გადასინჯვის ახლად გამოვლენილი სამართლებრივი გარემოება არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 567-ე მუხლის პირველი ნაწილით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა. ლ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 28 ივნისის განაჩენი შეიცვალოს შემდეგი მიმართებით:
მსჯავრდებულების _ ა. ლ-სა და გ. კ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის I პუნქტით (ძვ.რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტზე.
მსჯავრდებულებს _ ა. ლ-ესა და გ. კ-ეს მოეხსნათ საქართველოს სსკ-ის 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-5 პუნქტით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში მათ მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
მსჯავრდებულ ა. ლ-ეს მოეხსნას 2000 წლის 1 ივნისამდე მოქმედი საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის მეხუთე ნაწილით (ძვ. რედაქცია) გათვალისწინებული მსჯავრი და ბრალდების ამ ნაწილში მის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის მსჯავრდებულების _ ა. ლ-სა და გ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.