Facebook Twitter

№ბს-647-640(2კ-კს-16) 9 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ მ. უ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 11 სექტემბერს მ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში - საჰაერო თავდაცვის დარგში, მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმართულ ბრძოლებში და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანია. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს მრავალი ჯილდო მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდადებისათვის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ივლისის #1772 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს დაეკისრა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ... მოვალეობის შესრულება. 2015 წლის 18 მარტის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით მ. უ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში. მოსარჩელემ რამდენიმეჯერ მიმართა განცხადებით საქართველოს თავდაცვის მინისტრს იმ მიზეზით, თუ რამ განაპირობა მისი კადრების განკარგულებაში გადაყვანა, ასევე მიუთითა, რომ 2015 წლის 18 ივლისს იწურებოდა მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა, მაგრამ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს ბრძანებით კადრების განკარგულებაში მყოფი, ავიაციის პოლკოვნიკი მ. უ-ა შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2015 წლის 18 ივლისიდან იქნა დათხოვნილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მისი დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მ. უ-ას შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის საჰაერო თავდაცვის დარგში ... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მ. უ-ას სასარგებლოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან - 2015 წლის 18 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე ყოველთვიურად 3500 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. უ-ა 1993 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის დარგში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ივლისის #1772 ბრძანების საფუძველზე მას დაეკისრა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ... მოვალეობის შესრულება. 2015 წლის 18 მარტის თავდაცვის მინისტრის №MOD 715 00000881 ბრძანებით მ. უ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და კადრების განკარგულებაში იქნა გადაყვანილი, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმავე წლის 12 აგვისტოს ბრძანებით მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2015 წლის 18 ივლისიდან იქნა დათხოვნილი.

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამსახურე თავისუფლდება შესაბამისი თანამდებობიდან და გადაყავთ კადრების განკარგულებაში: ა) სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას); ბ) მინისტრის ან მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლებამოსილი თანამდებობის პირის შესაბამისი გადაწყვეტილებით სამსახურებრივი გადაადგილებისას შესაბამისი თანამდებობის შერჩევამდე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარებში მ. უ-ას კადრების განკარგულებაში აყვანის დროს რეორგანიზაცია და შტატების შემცირება არ განხორციელებულა. შესაბამისად, მისი კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი იყო თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც მითითებული იყო 2015 წლის 18 მარტის ბრძანებაში. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. უ-ასათვის კადრების განკარგულებაში ყოფნისას სხვა თანამდებობა არავის შეუთავაზებია. ამდენად, ბრძანება მოსარჩელის შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან არ იკვეთებოდა, თუ რა ღონისძიებები გაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მ. უ-ასათვის ახალი თანამდებობის შერჩევისას.

საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, რომ მ. უ-ა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო უნდა დაეთხოვათ სამსახურიდან, რადგან სავალდებულო იყო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისათვის შეერჩიათ და შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რა ქმედითი ღონისძიებები განახორციელა ადმინისტრაციულმა ორგანომ მოსარჩელისათვის სხვა თანამდებობის შერჩევისას და იყო თუ არა შესაძლებელი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადაში მ. უ-ას სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან დანიშვნა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევდა მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებული იყო ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოეცა სამსახურიდან გათავისუფლებას ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მხულით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენდა სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდებოდა. ვინაიდან, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო გადაწყვეტილება მოსარჩელის კონკრეტულ თანამდებობაზე აღდგენისა და ამ აღდგენის თანმდევი იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 მარტის სხდომაზე აპელანტ (მოსარჩელე) მ. უ-ას მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აპელანტმა მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონკრეტული თანამდებობის შეთავაზება (მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას სადავოდ ხდის ერთ-ერთი საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ შეუთავაზებია შესაბამისი თანამდებობა).

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება, რომ თავდაცვის მინისტრის 21/07/2011 წლის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე კადრების განკარგულებაში გადაყვანილი პირისათვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა-შეთავაზება წარმოადგენდა სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის მინისტრის 21/07/2011 წლის №583 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანაწესზე: „მოსამსახურეს შეეთავაზება თანამდებობა, თუ არსებობს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა“, რაც გულისხმობს თავდაცვის სამინისტროს იმპერატიულ ვალდებულებას დაადგინოს/მოიძიოს/შეარჩიოს კონკრეტული თანამდებობა კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ, თუ სამინისტრო დაადგენს, რომ არ არსებობს კადრების განკარგულებაში მყოფი პირის შესაფერისი თანამდებობა, თავდაცვის სამინისტრო უფლებამოსილია დაითხოვოს კადრების განკარგულებაში მყოფი პირი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მითითება იმ გარემოებაზე, რომ მ. უ-ასათვის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში იყო ცნობილი, რომ მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა, იმავდროულად, წარმოადგენდა გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ. რადგან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის ამოწურვამდე, იგი არ დაინიშნა შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტრო უფლებამოსილი იყო, გამოეცა მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება. აპელანტმა ზემოაღნიშნული მოსაზრება დააფუძნა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 21/07/2011 წლის №583 ბრძანების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნაზე. ამ ნორმის თანახმად, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით მოსამსახურის დათხოვნის/განთავისუფლების შემთხვევაში, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა იყოს ორ თვეზე ნაკლები. მოსამსახურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა იმავდროულად წარმოადგენს გაფრთხილებას სამსახურიდან შესაძლო დათხოვნის/განთავისუფლების შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლით გათვალისწინებული ზოგადი დათქმა არ ათავისუფლებდა თავდაცვის სამინისტროს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კადრების განკარგულებაში მყოფი პირისათვის დაედგინა/მოეძია/შეერჩია კონკრეტული თანამდებობა, რაც უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი გარემოება იყო მოცემული საქმისათვის.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ თავდაცვის მინისტრის 21/07/2011 წლის №583 ბრძანების მე-13 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუტარებია შესაბამისი ზომები მ. უ-ას ახალი თანამდებობის შერჩევისათვის. პალატის მოსაზრებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისთვის შეერჩია და დაედგინა შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არსებობა-არარსებობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეეთავაზებინა შესაბამისი თანამდებობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეარჩიოს და შესთავაზოს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობა მ. უ-ას.

პალატამ მიუთითა „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის (საქმე №3ბ-167-17) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. უ-ას საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; მ. უ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, მ. უ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

კასატორის - მ. უ-ას მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი და სამინისტროს დაევალა მ. უ-ას შეურჩიოს და შესთავაზოს კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ხოლო იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ნაწილში მას უარი ეთქვა. ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე და 127-ე მუხლები გაგებულია იმგვარად, რომ თუ საჯარო მოხელეს სასამართლო აღადგენს იმ კონკრეტულ თანამდებობაზე, რომელი თანამდებობაც მას ეკავა და გათავისუფლებული იქნა უკანონოდ, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ანაზღაურდება განაცდური ხელფასი, სხვა შემთხვევაში თანხა ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

კასატორის განმარტებით, იგი ავიაციის პოლკოვნიკია, რომელიც 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის დარგში, მისი წელთა ნამსახურობისა და ღვაწლის მიხედვით განისაზღვრა ყოველთვიური ხელფასი 3500 ლარის ოდენობით; მითითებული ბრძანებულებების შესაბამისად, მ. უ-ას წოდებრივი სარგო იქნება უცვლელი, რა თანამდებობაზეც არ უნდა დაინიშნოს იგი. ამ კატეგორიის მოხელეებისთვის ცალსახად დადგენილია ყოველთვიური ხელფასი - 3500 ლარი. კასატორის მითითებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით კასატორი დაუყოვნებლივ იქნა აღდგენილი სამსახურში და გამოიცა ახალი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის #MOD 216 00002595 ბრძანება, სადაც მიეთითა, რომ „ავიაციის პლკოვნიკ მ. გ. უ-ას გაცდენილი დრო ჩაეთვალოს ნამსახურების წლებში“, ასეთ ვითარებაში, აღნიშნული პერიოდი ექვემდებარება თუ არა ანაზღაურებას. აქედან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და იძულებითი განაცდური ხელფასისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. უ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. უ-ა 1993 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის დარგში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ივლისის #1772 ბრძანების საფუძველზე მას დაეკისრა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ... მოვალეობის შესრულება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №MOD 715 00000881 ბრძანებით მ. უ-ა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, ხოლო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანებით მოსარჩელე დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2015 წლის 18 ივლისიდან. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში რაიმე თანამდებობა არ შეუთავაზებია.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, მ. უ-ამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში კონკრეტული თანამდებობის შეთავაზების დავალება მოითხოვა (მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნას სადავოდ ხდის ერთ-ერთი საფუძვლით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, მისი კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში არ შეუთავაზებია შესაბამისი თანამდებობა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; მ. უ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, მ. უ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მ. უ-ას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალდებულება შეარჩიოს და შესთავაზოს კონკრეტული ვაკანტური თანამდებობა მ. უ-ას, არ ქმნის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის მეორე წინადადებით გათვალისწინებულ ფაქტობრივ წანამძღვრებს, რათა ანაზღაურდეს მოთხოვნილი განაცდური ხელფასი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული დასკვნა არ გამომდინარეობს საქმის მასალებისა და მტკიცებულებების ობიექტური შეფასებიდან, რადგან გასაჩივრებული ბრძანება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის #583 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის“ მე-13 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუტარებია შესაბამისი ზომები მ. უ-ასათვის ახალი თანამდებობის შერჩევისათვის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვალდებული იყო კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურისათვის შეერჩია და დაედგინა შესაბამისი თანამდებობის არსებობა-არარსებობა და ასეთის არსებობის შემთხვევაში შეეთავაზებინა შესაბამისი თანამდებობა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის შერჩევის პროცედურა არ უწარმოებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არსებითად ბათილად ცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა არა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა მ. უ-ას სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არამედ დაავალა მ. უ-ასთვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა და შეთავაზება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ამასთან, 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის (საქმე №3ბ-167-17) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 127.5 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 37.1 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის - მ. უ-ას მოსაზრებებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა მ. უ-ასთვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა და შეთავაზება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში (რაც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად), რის საფუძველზეც გამოიცა მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში აღდგენის და თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 15 ივლისის #MOD 216 00002595 ბრძანება. მითითებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „ავიაციის პოლკოვნიკ მ. გ. უ-ას გაცდენილი დრო ჩაეთვალოს ნამსახურების წლებში“.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. უ-ა 2016 წლის 15 ივლისიდან აღდგენილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში და დანიშნულ იქნა თანამდებობაზე, მას შეეძლო ესარგებლა კუთვნილი შვებულებით, შესაბამისად, მოთხოვნა კუთვნილი შვებულების ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.

ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მ. უ-ას წელთა ნამსახურობისა და ღვაწლის მიხედვით, განესაზღვრა ყოველთვიური ხელფასი - 3500 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს წოდებრივ უცვლელ სარგოს, რა თანამდებობაზეც არ უნდა დაინიშნოს იგი. ამ კატეგორიის მოხელეებისთვის ცალსახად დადგენილია ყოველთვიური ხელფასი - 3500 ლარი.

საკასაციო სასამართლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით მიუთითებს საკასაციო სასამართლოს არსებულ პრაქტიკაზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 სექტემბრის განჩინება საქმე #bs-171-160(k-07)).

„საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტი წარმოშობს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც მიზნად ისახავს პირის უფლებებში აღდგენას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისაკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფებამდე, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ითვალისწინებს სამომავლო უფლების აღდგენას. კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევით სამსახურიდან გათავისუფლების დადგენა, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 05.01.05წ. #24-კ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოშობს ადმინისტრაციის ვალდებულებას აღადგინოს მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა არ ადასტურებს იმას, რომ მუშაკი იმავდროულად პასუხობდა იმ სალიკვიდაციო მოთხოვნებს, რომლებიც წარედგინებოდა ა. ი.-ს სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ გაზრდილი ხელფასის მქონე მოსამსახურეს. კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება აუნაზღაუროს ა. ი-ს განაცდური ხელფასი გათავისუფლებიდან კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ანუ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე ნიშნავს იმას, რომ განაცდური ხელფასის ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საშუალო ანაზღაურება, რომელსაც ა. ი. იღებდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, განაცდური ხელფასის ანაზღაურება უნდა მოხდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი აქტის გამოცემამდე არსებული ანაზღაურების შესაბამისად.

სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ,,საჯარო სამსაჯურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება“.

საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნები მ. უ-ას სარჩელზე - იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უარის თქმის შესახებ, დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, სახეზეა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. მ. უ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება მ. უ-ასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მ. უ-ასთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე;

5. დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი

#330310015001089779

#ბს-647-640(2კ-კს-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. უ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 11 სექტემბერს მ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მ. უ-ას შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის საჰაერო თავდაცვის დარგში ... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემის დავალება და მ. უ-ას სასარგებლოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2015 წლის 18 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე ყოველთვიურად 3500 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს № MOD 7 15 00002735 ბრძანება მ. უ-ას შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის (საქმე №3ბ-167-17) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. უ-ას საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. უ-ას საკასაციო საჩივრებს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში, რის შემდეგაც მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, ხოლო მ. უ-ას საკასაციო საჩივარი _ დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. უ-ას საკასაციო საჩივარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მ. უ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნულ ნაწილში საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. უ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, მ. უ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. მ. უ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებაზე, მ. უ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად და განხილულ იქნეს მხარეთა დასწრების გარეშე;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი