Facebook Twitter

¹113საზ თბილისი

5 დეკემბერი, 2008 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დავით სულაქველიძე (თავმჯდომარე),

პაატა სილაგაძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. დ-ს საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენის გადასინჯვის შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით დ. დ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის პირველი ნაწილის (2002 წლის 26 ივნისის რედაქცია) საფუძველზე, რის გამოც მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 8 ოქტომბრის დადგენილებით გაუქმდახაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენით დ. Dდ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და იგი გაგზავნილ იქნა განაჩენით დანიშნული რეალური სასჯელის _ 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთის მოსახდელად.

მსჯავრდებული დ. დ. საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 11 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანასა და მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის გავრცელებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, შეისწავლა რა მსჯავრდებულ დ. დ-ს საქმის მასალები და შეამოწმა მისი საჩივრის საფუძვლიანობა, მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2004 წლის 11 ნოემბერს შეტანილი ცვლილებით 1821-ე მუხლი (მითითებული რედაქცია) გაუქმდა, ხოლო მსჯავრდებულ დ. D-ს დანაშაულებრივი ქმედება, რომელიც დაკვალიფიცირებული იყო საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის პირველი ნაწილით და რომლის სანქცია სასჯელის ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ათ წლამდე, ამ ქმედების ხასიათის, კონკრეტული შინაარსისა და მისი ჩადენის გარემოებების გათვალისწინებით, შეესაბამება საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებს, რომლებიც იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემსუბუქდეს ახალი სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში”.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ. Dდ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის პირველი ნაწილით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებთან, ამასთან, განაჩენით დანიშნული სასჯელი _ თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით _ უნდა დარჩეს უცვლელად, რადგან მისი შეცვლისათვის არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი იმის გათვალისწინებით, რომ იგი განსაზღვრულია ახალი კანონის სანქციის ფარგლებში. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს, რადგან აღნიშნული არ შედის მისი კომპეტენციის ფარგლებში. ,,ამნისტიის შესახებ” 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.”

განხილული გარემოებების შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლითა და 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ დ. დ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 13 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მისი დანაშაულებრივი ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1821-ე მუხლის პირველი ნაწილით (2002 წლის 26 ივნისის რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს მოქმედი სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებზე (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია).

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, აგრეთვე მსჯავრდებულ დ. დ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.