#330310015001089779
#ბს-647-640(2კ-კს-16) 24 ნოემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. უ-ა
დავის საგანი _ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2015 წლის 11 სექტემბერს მ. უ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანების ბათილად ცნობა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან მ. უ-ას შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის საჰაერო თავდაცვის დარგში ... თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება და მ. უ-ას სასარგებლოდ კადრების განკარგულებაში გადაყვანის დღიდან, 2015 წლის 18 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდზე ყოველთვიურად 3500 ლარის ოდენობით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონით დადგენილ ვადაში გამოცემა დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. უ-ამ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის (საქმე №3ბ-167-17) გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. ასეთ შემთხვევებში, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია მოპასუხის ინტერესების დაცვის მექანიზმი. ვინაიდან, საკითხი ეხება განმცხადებლის მ. უ-ას უფლებას იმუშაოს და მიიღოს შემოსავალი, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება წინააღმდეგობაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტთან, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112- ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტთან, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება დასაშვებია, თუ უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყენებული მუშაკი სასამართლოს გადაწყვეტილებით დაექვემდებარა სამუშაოზე აღდგენას. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში მ. უ-ა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით არ აღდგენილა სამსახურში, არამედ სამინისტროს დაევალა შეურჩიოს და შესთავაზოს მას კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება ასევე, წინააღმდეგობაშია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილთან, რომლის მიხედვით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მ. უ-ას საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი განჩინება დაადგინა, კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მ. უ-ა 1993 წლიდან 2014 წლის 1 ივლისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის დარგში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 1 ივლისის №1772 ბრძანებით მ. უ-ას დაეკისრა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ... მოვალეობის შესრულება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 18 მარტის №MOD 715 00000881 ბრძანებით მ. უ-ას შეუწყდა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის ... მოვალეობის შესრულება, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძნებით მ. უ-ა დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში 2015 წლის 18 ივლისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. უ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა გამონაკლისის სახით აღნიშნული კოდექსის 268-ე მუხლი ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას სასამართლო აამოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების განსხვავებულ წესს. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.
ამასთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით არსებითად ბათილად ცნო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაავალა არა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა მ. უ-ას სამუშაოზე აღდგენის თაობაზე, არამედ დაავალა მ. უ-ასთვის კონკრეტული თანამდებობის შერჩევა და შეთავაზება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება კანონშესაბამისია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად უშვებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესაძლებლობას მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება; მ. უ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 12 აგვისტოს №MOD 715 00002735 ბრძანება მ. უ-ას საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა შეერჩია და მ. უ-ასთვის შეეთავაზებინა კონკრეტული თანამდებობა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; დანარჩენ ნაწილში მ. უ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით განსაზღვრული განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი