საქმე # 020330116700025638
საქმე №ბს-958-949(კს-16) 24 იანვარი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა. წ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები - ქ. ქუთაისის მერია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველო, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაჭა-ლეჩხუმ-იმერეთის სამმართველო (ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს უფლებამონაცვლე), შპს „...“
დავის საგანი - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2016 წლის 10 ოქტომბერს ა. წ-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.
განმცხადებლის განმარტებით, 2016 წლის 11 სექტემბერს მისთვის ხელმისაწვდომი გახდა საჯარო რეესტრში დაცული მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, კერძოდ კი, 2016 წლის 9 სექტემბერს საჯარო რეესტრიდან გადაგზავნილ წერილზე დართული ორი დოკუმენტი -1939 წლის 31 იანვრით დათარიღებული მუნიციპალური საწარმო „...“ საინვენტარიზაციო ბარათი, რომელზედაც ფანქრით არის აღნიშნული ,,არ გაიცეს” და 1975 წლის 14 ივნისით დათარიღებული მუნიციპალური საწარმოს „...“ ტექნიკური აღრიცხვის ბარათი, რომელზედაც ასევე ფანქრით არის აღნიშნული ,,ცნობა არ გაიცეს”. ორივე დოკუმენტი და მასში არსებული ინფორმაცია მისთვის (ა.წ-ისთვის) აქამდე ხელმიუწვდომელი იყო, რადგან მისი ქონების წართმევით დაინტერესებული იყო ქ. ქუთაისის მერია. შესაბამისად, აქამდე არ შეეძლო წარმოედგინა ინფორმაცია, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მუნიციპალურ საწარმოზე დამაგრებულ 4000 კვ/მ და 3003 კვ/მ მიწის ნაკვეთებზე (ამ საწარმოების მის (ა.წ-ის) საკუთრებაში აღრიცხვამდე) მერიის მიერ მითითებულ პირებს არ გააჩნდათ 104.1 კვ/მ, 11.67 კვ/მ და 4.2 კვ/მ მიწის ნაკვეთების კანონიერი სარგებლობის საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის ა. წ-ის განცხადება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 2000 წლის 4 ივლისს ა. წ-ის წარმომადგენელმა - ქ. კ-ემ სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს, ქუთაისის არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის სამმართველოსა და ქუთაისის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის მიმართ და მოითხოვა ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1968 წლის 17 აპრილის № 244 გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისში, ... გამზირის №50ა-ში ქალაქის მთავარ არქიტექტორთან შეთანხმებული გენერალური გეგმისა და ქ. ქუთაისში, ... გამზირის №9-ში 1959 წლის 15 ოქტომბრის ინვენტარიზაციის შედეგად შეთანხმებული გეგმა-ანაზომით გამოყოფილ ფართზე მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დაევალა ქ.ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოს ქ. ქუთაისში, ... გამზირი №50ა-ში მდებარე 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და ქ. ქუთაისში, ... გამზირი №9-ში მდებარე 3003 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ა. წ-ზე საკუთრების უფლებით რეგისტრაცია და შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემა. ამავე გადაწყვეტილებით შპს ,,...” დირექტორის სარჩელს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. ქუთაისის მთავრობისა და შპს „...“ სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება; ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ა. წ-ის სახელზე გაეტარებინა რეგისტრაციაში ქ. ქუთაისში, ... ქუჩა №9-ში მდებარე მუნიციპალურ საწარმო „...“ დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით - 1146,10 კვ.მ და ქ. ქუთაისში, ... გამზირის №50ა-ში მდებარე არასაცხოვრებელ ფართზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი - 1752,90 კვ.მ, ხოლო დანარჩენი ფართის რეგისტრაციაზე მას უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო; ამავე გადაწყვეტილებით შპს „...“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ქ. ქუთაისში, ... გამზ. №48ა-ში მდებარე შენობის ქვეშ არსებული 104,92 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარება, ხოლო მისასვლელი გზის სერვიტუტით დატვირთვაზე შპს „...“ ეთქვა უარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით (საქმე №ბს-1428-1003(კ-05)) ა. წ-ის წარმომადგენლის - ქ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება. ამდენად, ა. წ-ის სარჩელით დაწყებული საქმის წარმოება დასრულდა და ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LLII თავის – „განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი“, ნორმების საფუძველზე განმარტა, რომ განცხადების განხილვა ექვემდებარება სტადიებს: 1. განცხადების დასაშვებობა; 2. განცხადების საფუძვლიანობა. განცხადების დასაშვებობის სტადიაზე სასამართლო ამოწმებს ორ კრიტერიუმს: განცხადების წარდგენის ვადის დაცულობას და განცხადების სსსკ-ის 427.1. მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. სსსკ-ის 427.1 მუხლი განსაზღვრავს განცხადების შინაარსს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება. ზემოაღნიშნული კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავის განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სსსკ-ის 426-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ, გარდა ამ კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქმის მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან განცხადების შეტანამდე გასული იყო 5 წელზე მეტი. შესაბამისად, განცხადება არ აკმაყოფილებდა განცხადების დასაშვებად ცნობის კრიტერიუმს.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გასაჩივრდა ა. წ-ის მიერ, რომელმაც მიუთითა, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა საკასაციო პალატაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 27 მაისის განჩინება, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ კანონით დადგენილ ვადაში ა. წ-მა - 2008 წლის 21 ნოემბერს გაასაჩივრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2016 წლის 5 მაისს სტრასბურგის სასამართლოდან მიიღო შოტყობინება მისი საქმის განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხვის შესახებ, რაც ასევე ევროპული სასამართლოს რეგლამენტით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა და ჯერჯერობით შედეგი არ მიუღია. კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სააპელაციო პალატამ მისი განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვისას არ დაუთმო სათანადო ყურადღება განცხადებაში მითითებულ მნიშვნელოვან გარემოებებს და თანდართულ 50 დოკუმენტს, რომლებიც მისი უფლების აღკვეთის გარდა ამავე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან წინა წლებში უყურადღებობის მიზეზით განპირობებულ სახელმწიფოს ინტერესების დენადი ზარალის ფაქტსაც ასახავენ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. წ-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვის წესსა და განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე თავი აწესრიგებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია არა მხარის მიერ მითითებული ნებისმიერი საფუძვლით, არამედ მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, შეჯიბრებითობის პრინციპიდან (სსკ მე-4 მუხ.) გამომდინარე, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს. მან უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ მითითებული გარემოებები თუ მტკიცებულებები არსებობდნენ გადაწყვეტილების გამოტანამდე და არ წარმოშობილან შემდგომში. ასევე დადასტურებას საჭიროებს ის გარემოებაც, რომ ახალი ფაქტების თუ მტკიცებულებების შესახებ მხარისთვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ და მას დავის განხილვის მიმდინარეობისას არ ჰქონდა აღნიშნულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მითითების შესაძლებლობა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში გადაწყვეტილების ძალაში დატოვებისას, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ (სსკ-ის 264.2 მუხ.).
განსახილველ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით ა. წ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2016 წლის 10 ოქტომბერს და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იყო გასაჩივრებული ა. წ-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამდენად, სააპელაციო პალატის 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება 2008 წლის 27 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში, უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენის გამო მას არ გაუშვია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის 5 - წლიანი ვადა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრის წარდგენა არ წარმოადგენს სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ვადის დენის შეჩერების საფუძველს, გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, „როდესაც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს“ ან „არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება“. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი თავად ადასტურებს, რომ მის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამდენად, მხოლოდ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრის საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული 5 - წლიანი ვადის დაცვაზე მხარის მითითება არ იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო პალატამ განცხადების დასაშვებობის საკითხის განხილვისას სათანადო ყურადღება არ დაუთმო განცხადებაში საქმის განახლების საფუძვლად მითითებულ გარემოებებს, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირობის - განცხადების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 წლის გასვლის შემდეგ შეტანის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად არ გააჩნდა განცხადების საფუძვლიანობაზე მსჯელობის შესაძლებლობა.
ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 426-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული 5-წლიანი ვადის ათვლა დაიწყო საოლქო სასამართლოს 2005 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან - 2008 წლის 27 მაისიდან და ამოიწურა 5 წლის გასვლის შემდეგ - 2013 წლის 27 მაისს (სკ-ის 123.2 მუხ.). ა. წ-მა კი წარმოების განახლების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს მიმართა - განცხადების შეტანისათვის განკუთვნილი 5-წლიანი ვადის დარღვევით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გასაჩივრებული განჩინებით ა. წ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ მართებულად დარჩა განუხილველად, ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 426-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. წ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე