Facebook Twitter

№010310015001037342

№ბს-671-664(კ-16) 9 თებერვალი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ვასილ როინიშვილი

კასატორი – თ. ა-ა

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 15 ივლისს თ. ა-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი 1983 წლის 5 ივნისიდან 1987 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ... (...) თანამდებობაზე. 1991 წლის 24 ოქტომბერს დაინიშნა აჭარის ა/რ პროკურატურაში განყოფილების ... . 2007 წლის 19 ივნისს პროკურატურის ორგანოებიდან დაითხოვეს პროკურატურის შესახებ კანონის 34-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 2007 წლის 5 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე იმუშავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამართლებრივი დეპარტამენტის ... . საჯარო სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ, 2015 წლის 26 თებერვალს თ. ა-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად სახელმწიფო გასაცემლის დანიშვნა მოითხოვა. სახელმწიფო კონპენსაციის საკითხის გადასაწყვეტად თ. ა-ას განცხადება გადაეგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით თ. ა-ას მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი ვერ აკმაყოფილებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის პირობებს, კერძოდ, დათხოვნის მომენტისათვის თ. ა-ას პროკურატურის ორგანოებში ნამუშევარი სტაჟი შეადგენდა 15 წელს, 8 თვესა და 25 დღეს, ხოლო პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ მუშაობის პერიოდი ვერ ჩაითვლებოდა წელთა ნამსახურობაში. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით თ. ა-ამ ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, თუმცა, სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მოსარჩელე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მისთვის კომპენსაციის დანიშვნაზე უარის თქმას და მიუთითებს, რომ თავდაპირველად მან 15 წელი, 8 თვე და 25 დღე იმუშავა აჭარის ა/რ პროკურატურაში განყოფილების ... , საიდანაც სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით განთავისუფლდა საკუთარი ნება-სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე. შემდგომ 3 წელი, 8 თვე და 26 დღე იმუშავა აჭარის უმაღლეს სასამართლოში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე მან იმუშავა 7 წელი, 3 თვე და 26 დღე. საერთო ჯამში მან დააგროვა სპეციალობით მუშაობის 26 წელი, 9 თვე და 26 დღე, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ იგი სრულად აკმაყოფილებს სახელმწიფო კონპენსაციის დანიშვნისთვის კანონმდებლობით დადგენილ ყველა სავალდებულო მოთხოვნას.

ამდენად, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის #04-15-01/938 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის #04/43170 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრისთვის პროკურატურის ყოფილი მუშაკის თ. ა-ასთვის კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის დავალება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ა-ა 1983 წლის 7 მაისს დაინიშნა აჭარის ასსრ უმაღლეს სასამართლოს ... თანამდებობაზე, საიდანაც, მისი სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით, განთავისუფლდა - 1987 წლის 1 აპრილს. 1991 წლის 24 ოქტომბრიდან 2007 წლის 19 ივლისის ჩათვლით, თ. ა-ა მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში განყოფილების ... , საიდანაც საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 19 ივლისის №78 – 2 ბრძანებით, საკუთარი ნება-სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან. შესაბამისად, მისი პროკურატურაში ნამუშევარი სტაჟი შეადგენს - 15 წელს, 8 თვეს და 25 დღეს.

წარმოდგენილი შრომის წიგნაკით (ცნობები მუშაობის შესახებ) სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ თ. ა-ა 2007 წლის 5 სექტემბერს დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, 2014 წლის 1 სექტემბერს განთავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამსახურის ... თანამდებობაზე, საიდანაც 2014 წლის 31 დეკემბერს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

2015 წლის 26 თებერვალს თ. ა-ამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც 2015 წლის 5 მარტს თ. ა-ას განცხადება კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 წერილით, თ. ა-ას განემარტა, რომ მისი პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სტაჟი შეადგენდა 15 წელს, 8 თვეს და 25 დღეს, ხოლო პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ მუშაობის პერიოდი ვერ ჩაითვლებოდა წელთა ნამსახურობაში, შესაბამისად, თ. ა-ას უარი ეთქვა მის განცხადებაზე საქართველოს პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. თ. ა-ამ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილებით თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს განმარტებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულია კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლები: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისდადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ქვეპუნქტების თანახმად, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ: „ა“ - პირადი განცხადებით; „თ“ - შტატების შემცირებისას; „ი“ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში; „კ“ - საპენსიო ასაკის მიღწევისას.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 ივლისს მოსარჩელე პროკურატურიდან დაითხოვეს საქართველოს ორგანული კანონის „პროკურატურის შესახებ“ (განთავისუფლების პერიოდში მოქმედი რედაქცია) „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, თ. ა-ა საკუთარი ნება-სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა პროკურატურიდან.

სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე 2007 წლის 19 ივლისს მოსარჩელის საქართველოს პროკურატურიდან დათხოვნა არ წარმოშობდა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საფუძველს.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 19 ივლისს, აჭარის პროკურატურიდან დათხოვნისას თ. ა-ას სპეციალობით მუშაობის 20 წლის სტაჟი არ ჰქონდა.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ საქმეში სადავოა საკითხი იმის შესახებ უნდა ჩაეთვალოს თუ არა მოსარჩელეს პროკურატურის სისტემიდან დათხოვნის შემდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის სტაჟი პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკთათვის კომპენსაციის დანიშვნისას. ამისათვის სასამართლომ საჭიროდ მიიჩნია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მესამე პუნქტის განმარტება, რომლის თანახმადაც, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი), ამდენად, კანონმდებელი მიუთითებს, რომ პირს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას უნდა ჰქონოდა 20 წლის სტაჟი, რათა მას ამ მუხლით გათვალისწინებული კომპენსაცია დაენიშნოს.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი მიღებული იყო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და არ არსებობდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით თ. ა-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი არ აკონკრეტებს პროკურატურიდან დათხოვნილ მუშაკს 20 წლიანი სტაჟი პროკურატურიდან დათხოვნისას უნდა ჰქონდეს თუ მასში შედის დათხოვნის შემდგომ დაგროვილი სტაჟიც. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ აღნიშნულ ნორმას არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. კასატორის მოსაზრებით, კომპენსაციის დანიშვნისთვის მნიშვნელობა არა აქვს სპეციალობით ნამსახურეობის სტაჟი პროკურატურიდან დათხოვნილ მუშაკს დათხოვნისას გააჩნდა თუ შემდგომ დააგროვა იგი, მთავარია, რომ მას ჰქონდეს „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში − არანაკლებ 4 წლის სტაჟი). კასატორის მოსაზრებით, სპეციალობით მუშაობის სტაჟი ერთ მთლიანობაში უნდა იქნეს განხილული.

კასატორის მითითებით, კანონის განმარტებისას სასამართლო არ უნდა ამოდიოდეს ნორმის სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობიდან, არამედ უნდა მოიცვას გარემოებების ფართო სპექტრი. ნორმის იმგვარი გაგებით, როგორც განმარტეს სასამართლოებმა მას დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს. კანონის წინაშე თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა კი იმდენად მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ამ კონცეფციის ვიწროდ ან მხოლოდ სიტყვა-სიტყვით, გრამატიკული მნიშვნელობით განმარტება, აკნინებს მის სამართლებრივ მნიშვნელობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით თ. ა-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მათი შესწავლისა და ანალიზის, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ას სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები); ხოლო ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები (საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის გამოყენებისა და განმარტების კუთხით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოები ფორმალურად მიუდგნენ სადავო საკითხს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს განსახილველ სამართალურთიერთობას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არამხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: თ. ა-ა 1983 წლის 7 მაისს დაინიშნა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს ... თანამდებობაზე, საიდანაც, სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით, განთავისუფლდა - 1987 წლის 1 აპრილს. 1991 წლის 24 ოქტომბრიდან 2007 წლის 19 ივლისის ჩათვლით, თ. ა-ა მუშაობდა აჭარის ა/რ პროკურატურაში განყოფილების ..., საიდანაც საქართველოს გენერალური პროკურორის 2007 წლის 19 ივლისის №78 – 2 ბრძანებით, საკუთარი ნება-სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან. შესაბამისად, მისი პროკურატურაში ნამუშევარი სტაჟი შეადგენს - 15 წელს, 8 თვეს და 25 დღეს. 2007 წლის 5 სექტემბერს თ. ა-ა დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ... თანამდებობაზე, 2014 წლის 1 სექტემბერს განთავისუფლდა აღნიშნული თანამდებობიდან და დაინიშნა ამავე სამსახურის ... თანამდებობაზე, საიდანაც 2014 წლის 31 დეკემბერს განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საჯარო სამსახურიდან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოდან) განთავისუფლების შემდეგ თ. ა-ამ კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, საიდანაც თ. ა-ას განცხადება კომპენსაციის დანიშვნის საკითხის გადასაწყვეტად გადაიგზავნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრში. ადმინისტრაციულმა ორგანომ 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 გადაწყვეტილებით უსაფუძვლოდ მიიჩნია თ. ა-ას მოთხოვნა იმ მოტივით, რომ მისი პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სტაჟი შეადგენდა 15 წელს, 8 თვეს და 25 დღეს, ხოლო პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ მუშაობის პერიოდი ვერ ჩაითვლებოდა წელთა ნამსახურობაში, შესაბამისად, თ. ა-ას უარი ეთქვა საქართველოს პროკურატურის ორგანოების ხაზით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ა-ამ ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომლის 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილებით თ. ა-ას ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობით განსაზღვრულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტთა წრე, რა დროსაც კომპენსაციის მისაღებად პირი კანონით დადგენილ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილი მუშაკებისთვის კომპენსაციის დანიშვნის წესს ითვალისწინებს „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს. ამასთან, აღნიშნული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კომპენსაციის ოდენობა არის: ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი; ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი; გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისთვის - სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კონპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისის კონპენსაციის 80%.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ქვეპუნქტების თანახმად, პროკურატურის მუშაკი პროკურატურიდან შეიძლება დაითხოვონ: „ა“ - პირადი განცხადებით; „თ“ - შტატების შემცირებისას; „ი“ - საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს, თანამდებობრივი შეუთავსებლობის სხვა შემთხვევებში; „კ“ - საპენსიო ასაკის მიღწევისას.

ამდენად, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას უნდა დადგინდეს წარმოადგენს თუ არა თ. ა-ა სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ სუბიექტს.

დადგენილია, რომ 2007 წლის 19 ივლისს თ. ა-ა პროკურატურიდან დაითხოვეს „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (განთავისუფლების პერიოდში მოქმედი რედაქცია) 34-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, თ. ა-ა საკუთარი ნება-სურვილით, პირადი განცხადების საფუძველზე, განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა პროკურატურიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნიეს, რომ თ. ა-ას 2007 წლის 19 ივლისს აჭარის ა/რ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მისი პროკურატურის ორგანოებში მუშაობის სტაჟი შეადგენდა 15 წელს, 8 თვეს და 25 დღეს, შესაბამისად, 2007 წლის 19 ივლისს, აჭარის ა/რ პროკურატურიდან დათხოვნისას თ. ა-ას სპეციალობით მუშაობის 20 წლის სტაჟი არ ჰქონდა. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ პირს პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას უნდა ჰქონდეს 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი), რათა მას „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაცია დაენიშნოს და არა დათხოვნის შემდეგ განაგრძოს სტაჟის დაგროვება. სასამართლომ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის შემდეგ მუშაობის პერიოდი არ ჩათვალა წელთა ნამსახურობაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს სადავო სამართალურთიერთობის დროს მოქმედი „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კონპენსაციის ოდენობაა დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მითითებული ნორმის განმარტებისას ყურადღება გაამახვილეს ტერმინზე „დათხოვნისას“ და აღნიშნეს, რომ პროკურატურის მუშაკისთვის გათვალისწინებული კომპენსაციის დანიშვნიშვნისთვის აუცილებელია პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის მომენტისათვის პირს ჰქონდეს 20 წლის სტაჟი და დათხოვნის შემდეგ დაგროვებული სტაჟი არ ჩაითვლება წელთა ნამსახურეობაში.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 27 ნოემბერს „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მითითებული კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის „ა“, „თ“ ან „ი“ (მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს) ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პროკურატურიდან დათხოვნილ პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი). ამ კონპენსაციის ოდენობა არის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისის კონპენსაციის 80%.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არის კანონმდებლის მიზნის განხორციელების ინსტრუმენტი და ამიტომ ის უნდა განიმარტოს მიზანმიმართულად. სასამართლომ უნდა გამოიყენოს განმარტების ისეთი წესები, რომლის მიხედვით კანონი უნდა იყოს განმარტებული კანონმდებლის მიზნისა და მისი განხორციელების შესაძლებლობის ფარგლებში. ამდენად, კანონის განმარტებისას, დადგენილ უნდა იქნეს კანონმდებლის ნება და მიზანი, რაც მხოლოდ გრამატიკული განმარტებით ვერ მიიღწევა. სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს კანონმდებლის განზრახვით, როგორც ნორმის განმარტების საშუალებით. კანონის განმარტება ემყარება გარკვეულ პრინციპებს: ობიექტურობის პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ განმარტება უნდა ეფუძნებოდეს კანონის ტექსტს და გამოხატავდეს კანონმდებლის ნებას; ერთიანობის პრინციპს - ყოველი ნორმა წაკითხულ უნდა იქნეს არა ამოგლეჯილად, არამედ სისტემურად, კანონის ტექსტის ლოგიკურ ჭრილში; გენეტიკური განმარტების პრინციპს - გათვალისწინებულ უნდა იქნეს კანონმდებლის მიზანი და განზრახულობა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კანონი უნდა განიმარტოს აღნიშნული პრინციპების დაცვით. ნორმის, მისი ფაქტობრივი ელემენტებისა და სამართლებრივი შედეგის დაკონკრეტება ხორციელდება ნორმაში გამოყენებული ცნებების განმარტების გზით. ხსენებული განმარტების საშუალებით ხდება სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაცია და მისი შინაარსის განსაზღვრა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად გამოიყენეს სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა, თუმცა არასწორად განმარტეს იგი. აღნიშნული ნორმა არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს პირი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას, თუ მას უშუალოდ პროკურატურის ორგანოდან დათხოვნის მომენტისათვის ჰქონდა სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი, მათ შორის, პროკურატურის სისტემაში არანაკლებ 4 წლის სტაჟი. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის სუბიექტი არის პროკურატურის მუშაკი და აღნიშნული ნორმა პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკებს დამატებით სოციალურ გარანტიებს უქმნის. პროკურატურის სისტემიდან დათხოვნილ მუშაკს კომპენსაცია მიეცემა იმის გათვალისწინებით, რომ პროკურატურის ორგანოებში მუშაობით სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახური აქვს გავლილი. აქედან გამომდინარე, ფაქტს, პირდაპირ პროკურატურის ორგანოებიდან მოხდება პირის განთავისუფლება თუ სხვა ორგანოდან, კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან არ უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან ამით არ იცვლება ის გარემოება, რომ პროკურატურის მუშაკმა განსაკუთრებული შრომა გასწია სახელმწიფოს წინაშე. კომპენსაციის დანიშვნისას დაცული უნდა იქნეს ნორმის მოთხოვნა - პროკურატურის მუშაკს ჰქონდეს „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში - არანაკლებ 4 წლის სტაჟი), ამასთან, მითითებული ნორმის საფუძველზე პროკურატურის მუშაკს კომპენსაცია ენიშნება, მხოლოდ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში არჩევის ან დანიშვნის დროს, რაც არა თუ გამორიცხავს თ. ა-ასთვის კომპენსაციის დანიშვნას, არამედ ნორმაში მითითებული აღნიშნული მოთხოვნა კომპენსაციის დანიშვნის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს.

ამასთან, ტერმინი „დათხოვნისას“ გულისხმობს არა უშუალოდ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნის ფაქტს, არამედ, მიუთითებს პირის სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის კომპენსაციის გაანგარიშების წესზე. ნორმა განმარტებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ პროკურატურის მუშაკი კომპენსაციას მიიღებს პროკურატურის ორგანოდან დათხოვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის გათვალისწინებით. „სახელმწიფო კონპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, კონპენსაციის ოდენობა არის დათხოვნის მომენტისათვის პროკურატურის მუშაკის თანამდებობრივი სარგოს 1,5%-ისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლის 80%. შესაბამისად, პროკურატურის მუშაკის კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება იმ თანამდებობრივი სარგოს გათვალისწინებით, რომელსაც იღებდა იგი პროკურატურიდან დათხოვნის მომენტისათვის.

თუმცა, სასამართლო ამ ეტაპზე ვერ იმსჯელებს კომპენსაციის გაანგარიშებასა და მისი ოდენობის განსაზღვრაზე, რადგან აღნიშნული დავის საგანს არ წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო სადავო საკითხზე მსჯელობისას ყურადღებას მიაქცევს თავად კომპენსაციის ბუნებასა და მისი დანიშვნის მიზნებს. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოხატა ნება შეექმნა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის მათ მიერ სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის გამო. სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის საფუძვლით კომპენსაციის დანიშვნა მათი დამსახურების ერთგვარ კომპენსირებას ახდენს. შესაბამისად, კომპენსაციის არსისა და მისი მიზნების გათვალისწინებით, გაუგებარია თ. ა-ას პროკურატურის ორგანოებიდან განთავისუფლების შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობამ რატომ შეუზღუდა კომპენსაციის მიღების - დამატებითი სოციალური გარანტიით სარგებლობის უფლება. თუ ის პირი მიიღებს კომპენსაციას, რომელმაც თავდაპირველად „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით მუშაობის 20 წლიანი სტაჟი, მათ შორის ბოლო 4 წელი პროკურატურის სისტემაში მუშაობით დააგროვა, საიდანაც უშუალოდ მოხდა მისი განთავისუფლება, მაშინ რატომ ვერ უნდა მიიღოს კომპენსაცია პროკურატურის სისტემაში ნამუშევარმა 15 წლის, 8 თვის და 25 დღის სტაჟის მქონე პირმა, რომელსაც ჯამში სპეციალობით მუშაობის 26 წლის, 9 თვისა და 26 დღის სტაჟი აქვს, თუმცა მისი განთავისუფლება არ მომხდარა უშუალოდ პროკურატურის სისტემიდან. ეს იმ პირობებში, როდესაც კომპენსაციის დანიშვნის მიზანს სწორედ პროკურატურის მუშაკის მიერ გაწეული შრომის ერთგვარი კომპენსირება წარმოადგენს.

ამდენად, კომპენსაციის მიზნებიდან და მისი დანიშვნის საფუძვლებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კომპენსაცია თავისი არსით პროკურატურის მუშაკისთვის დამატებითი სოციალური დაცვის გარანტს უნდა წარმოადგენდეს, დაუშვებელია თ. ა-ას კომპენსაციის დანიშვნაზე უარი მხოლოდ იმ საფუძვლით ეთქვას, რომ მისი უშუალოდ პროკურატურის ორგანოებიდან დათხოვნისას მის მიერ დაგროვილი სპეციალობით მუშაობის სტაჟი არ შეადგენდა 20 წელს და შემდგომში მის მიერ დაგროვილი სტაჟი არ ჩაითვლება წელთა ნამსახურეობაში. უფრო მეტიც, თ. ა-ას მიერ სპეციალობით მუშაობის 26 წლის, 9 თვისა და 26 დღის, მათ შორის, პროკურატურის სისტემაში მუშაობის - 15 წლის, 8 თვის და 25 დღის განმავლობაში საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება არათუ განამტკიცებს კომპენსაციის მიღების უფლებას, არამედ იგი გავლენას ახდენს კომპენსაციის ოდენობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების განმარტებები, ისევე როგორც ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებები, წინააღმდეგობაში მოდის თავად კომპენსაციის - როგორც დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიის არსთან, სამართალურთიერთობის ამგვარი განმარტებით იგნორირებულია კომპენსაციის დანიშვნის მიზნები და იწვევს პროკურატურის მუშაკთა მიმართ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევას. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პროკურატურის სისტემაში მუშაობის ფაქტი ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს პროკურატურის მუშაკებს. შესაბამისად, დაუშვებელია იდენტურ სამართლებრივ მდგომარეობას პროკურატურის სხვადასხვა მუშაკისთვის განსხვავებული რეგულირება დაედგინა და განსხვავებული სამართლებრივი მდგომარეობა შეექმნა მათთვის.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ, რაც 2014 წლის 31 დეკემბერს თ. ა-ა განთავისუფლდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის ... თანამდებობიდან, მისი სპეციალობით მუშაობის სტაჟი შეადგენს 26 წელს, 9 თვეს და 26 დღეს, მათ შორის, პროკურატურის სისტემაში ნამუშევარი სტაჟი არის - 15 წელი, 8 თვე და 25 დღე. შესაბამისად, 2014 წლის 31 დეკემბერს თ. ა-ას წარმოეშვა კომპენსაციის მიღების კანონიერი საფუძველი.

ამდენად, საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04 -15-01/938 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილებები და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს უნდა დაევალოს პროკურატურის ყოფილი მუშაკის თ. ა-ასთვის კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ა-ას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. თ. ა-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. თ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2015 წლის 17 მარტის №04-15-01/938 და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 15 ივნისის №04/43170 გადაწყვეტილებები;

5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრს დაევალოს პროკურატურის ყოფილი მუშაკის თ. ა-ასთვის კანონით დადგენილი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი