საქმე # 080310014469216
საქმე Nბს-39-38(3კ-17) 28 თებერვალი, 2017 წელი,
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მესამე პირი); 2. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; 3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - ო. კ-ი, რ. ი-ე - უფლებამონაცვლეები: ბ. ი-ე, დ. ი-ე (მოსარჩელეები)
მესამე პირები - სს ,,...’’, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. კ-მა და რ. ი-ემ 2014 წლის 20 მარტს სარჩელი აღძრეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ. მოსარჩელეებმა სარჩელის საბოლოოდ დაზუსტების შემდეგ მოითხოვეს: ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 4 აგვისტოს №882011366294 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვა და სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოსარჩელეთა კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში; ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 2011 წლის 26 დეკემბრის №882011618600 გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიმართვა და იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის საფუძველზე განხორციელდა წყალტუბოს რაიონის სოფელ … მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისრაცია მოსარჩელეთა კუთვნილი 10 ჰა მიწის ნაკვეთის ნაწილში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტრო, სს ,,...” და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ივლისის განჩინებით ადინისტრაციული საქმეზე ო. კ-ის და რ. ი-ის სარჩელისა გამო მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის და სსიპ სახელმრიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ ადმინისტაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო ჩაბმულ იქნა მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად. ხოლო ამავე დავაში მესამე პირად ჩაბმული სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტო ამოირიცხა საქმიდან.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით ო. კ-ის და რ. ი-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ო. კ-მა და რ. ი-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით მოსარჩელე რ. ი-ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ მამა - ბ. ი-ე და შვილი- დ. ი-ე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. კ-ისა და რ. ი-ის (უფლებამონაცვლეები - ბ. ი-ე, დ. ი-ე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.08.2011 წლის №882011366294 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ო. კ-ისა და რ. ი-ის \სარჩელის უარყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. კ-ისა და რ. ი-ის (უფლებამონაცვლეები - ბ. ი-ე, დ. ი-ე) სარჩელი დაკმაყოფილდა - ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 04.08.2011 წლის №882011366294 გადაწყვეტილება 99620.0 კვმ მიწის ნაკვეთის ნაწილში; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წყალტუბოს სარეგისტრაციო სამსახურის 26.12.2011 წ №882011618600 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით წარმოდგენილი ო. კ-ის და რ. ი-ის (უფლებამონაცვლეები - ბ. ი-ე, დ. ი-ე) სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.
ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალურმა ოფისმა. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 თებერვლის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის შემდეგ ამომწურავ საფუძვლებს: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ემუხლისმე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაუბრუნდეს 24.01.2017 წლის №00765 საგადახდო მოთხოვნით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის, 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ნ. სხირტლაძე