Facebook Twitter

საქმე # 010310014505116

საქმე #ბს-215-211(კს-15) 15 სექტემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მურუსუძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ს. ი-ის წარმომადგენელი

მ. ჩ-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო;

საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

დავის საგანი _ საქმის წარმოების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 13 მაისს ს. ი-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ და

მოითხოვა ,,საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ“ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 7 ნოემბრის აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 14 აპრილის №20/12-498 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის განჩინებით საქმე ტერიტორიული განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ი-ის სარჩელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ი-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით შეჩერდა №3/ბ-502-14წ ადმინისტრაციული საქმის (ს. ი-ის სარჩელისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და იმავე დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 7 ნოემბრის აქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 14 აპრილის №20/12-498 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ) წარმოება - სხვა საქმის (ს. ი-ის სარჩელისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და იმავე დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 24 ივლისის აქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 14 ნოემბრის №20/12-3648 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ) გადაწყვეტამდე (კანონიერ ძალაში შესვლამდე).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლები და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა - „საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.“ აღნიშნული წარმოადგენს საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების საფუძველს.

სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ს. ი. ცალკე სასარჩელო წარმოებით დავობდა იმავე მოპასუხეების მიმართ სხვა ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საუბარია 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელზე. აღნიშნული სარჩელით ს. ი-ის წარმომადგენელი მ. ჩ-ი ითხოვდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 24 ივლისის აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 14 ნოემბრის №20/12-3648 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ ს. ი-ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა რომ ს. ი-ის 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელთან დაკავშირებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის 19 მაისს მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ხოლო ამჟამად, საკასაციო საჩივრის საფუძველზე, ხსენებული საქმე გადაგზავნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში და განხილვის პროცესშია.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელის გამო წარმოებული საქმის საბოლოო ინსტანციაში გადაწყვეტამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უნდა შეჩერდეს 2014 წლის 13 მაისს აღძრული სარჩელის განხილვა, რადგან გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტებს ერთი და იმავე საფუძვლები აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ საქმეზე სხვადასხვა ადმინისტრაციული აქტებია გასაჩივრებული, რაც ს. ი-ისათვის, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას ზღუდავს, არსებობს უარის თქმის ერთი და იგივე საფუძველი, კერძოდ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოდან დამატებით გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ თურქეთის მოაქალაქე ს. ი-ს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვა „შეჩერება-შეტყობინების“ სტატუსით დაუწესდა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2013 წლის 23 ივლისს 11:49 სთ-ზე. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე №075170713002 სისხლის სამართლის საქმეზე (სამსახ.ბარათი №1436021 22.07.2013. ინიციატორი საგამოძიებო განყოფილების ... რ. მ-ე, ... მ. შ-ი, ... ქ. ო-ე.)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 8 ავისტოს №1555995 წერილით ირკვევა, რომ №075170713002 სისხლის სამართლის საქმეზე გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებებით დადგინდა: 2013 წლის 17 ივლისს მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში ბრალდებულ მძღოლს, თურქეთის მოქალაქე ე. გ-ს მიმალვაში ეხმარებოდა ასევე თურქეთის მოქალაქე ს. ი-ი, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას ეს უკანასკნელი მიჩნეული იქნა საქართველოსათვის არასასურველ პირად და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, უარი ეთქვა

ქვეყანაში შემოსვლაზე.

ზემოხსენებული ფაქტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაირკვა, რომ 2013 წლის 24 ივლისსა და 2013 წლის 7 ნოემბერს თურქეთის მოქალაქე ს. ი-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვა ერთი და იმავე საფუძვლით და აღნიშნული საფუძველი წინამდებარე საქმის განხილვის მომენტისათვისაც ძალაშია. სააპელაციო სასამართლოს აზრით, საქმის არსს არ ცვლის ის გარემოება რომ ზემოაღნიშნულ ორ შემთხვევაში ს. ი-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი - ორი სხვადახვა ადმინისტრაციული აქტით ეთქვა. (2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელით სადავო - 2013 წლის 24 ივლისის აქტითა და 2014 წლის 13 მაისის სარჩელით სადავო - 2013 წლის 7 ნოემბრის აქტით), რადგან ფაქტია, რომ ორივე საქმეზე შესაფასებელია ის გარემოება, საპატრულო პოლიციის დეპარამენტის ხელთ არსებული ინფორმაცია (შეზღუდვა „შეჩერება-შეტყობინების სტატუსით, რაც ს. ი-ს დაუწესდა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2013 წლის 23 ივლისს 11:49 სთ-ზე. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე №075170713002 სისხლის სამართლის საქმეზე (სამსახ.ბარათი №1436021 22.07.2013) ინიციატორი საგამოძიებო განყოფილების ... რ. მ-ე, ... მ. შ-ი, ... ქ. ო-ე.) რამდენად წარმოადგენდა მოსარჩელისათვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძველს. ამდენად, ზემოთ მოხსენიებული ორი სარჩელი ერთი და იმავე ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისითაც ერთმანეთთან კავშირშია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს. სამართალწარმოების მნიშვნელოვანი პრინციპის - პროცესის ეკონომიის უზრუნველყოფას, რაც თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა. სხვა სამართალწარმოებით საქმის განხილვისას სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენა რიგ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის კონკრეტული საქმის განხილვას, რამდენადაც ფაქტები, რომლებიც უნდა დადგინდეს სხვა საქმის განხილვისას, ვერ იქნება გამორკვეული, შეფასებული და დადგენილი კონკრეტული საქმის წარმოებისას, ამავდროულად ამ ფაქტების დადგენამდე შეუძლებელი უნდა იყოს მოცემული საქმის განხილვა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ სანამ უზენაესი სასამართლო არ განიხილავს 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელით აღძრულ საქმეს, მანამდე საქმის წარმოება უნდა შეჩერდეს 2013 წლის 13 მაისის სარჩელთან დაკავშირებით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ი-ის წარმომადგენელმა მ. ჩ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქმის ხელახალი განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი წარმოდგენილ კერძო საჩივარში აცხადებს, რომ

სადავო ადმინისტრაციულ აქტს არ აქვს კავშირი სხვა ადმინისტრაციულ საქმესთან, ვინაიდან განსახილველ საქმეში არსებულ ადმინისტრაციულ აქტს აქვს სხვა სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს. ი-ის წარმომადგენლის მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად კერძო საჩივარი საქმესთან ერთად გადაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პროცესუალურ სამართლებრივ შეფასებას, რომლის საფუძვლიან კრიტიკას არ შეიცავს კერძო საჩივარი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმის განხილვა, რომელიც წარმოიშვა ს. ი-ის 2014 წლის 13 მაისის სარჩელისა გამო, მანამ სანამ უზენაესი სასამართლო არ იმსჯელებდა ს. ი-ის 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელთან დაკავშირებულ დავაზე. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული ნორმის თანახმად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს, რომლებიც დადგენილია 279-ე და 280-ე მუხლებში. 279-ე მუხლში ჩამოთვლილია ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის განხილვა, ხოლო 280-ე მუხლი საქმის განმხილველ სასამართლოს აძლევს უფლებას შეაჩეროს საქმის წარმოება თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაფასებელია თუ რამდენად არსებობდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის შეჩერების ის საფუძველი, რომელიც

დეფინიცირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში, რაც სასამართლოსათვის საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულებას წარმოშობს.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს. ი-ის 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელთან დაკავშირებით წარმოებული საქმე გადაგზავნილია საქართველოს უზენაეს სასამართლოში კასაციის გზით და განხილვის პროცესშია. პალატას მიაჩნია, რომ აგრეთვე შესაფასებელია, თუ რამდენად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული აღნიშნული და ამჟამად განსახილველი საქმე.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 13 მაისის სარჩელით ს. ი-ის წარმომადგენელი მ. ჩ-ი ითხოვს საქართველოში შემოსვლაზე უარის თმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 7 ნოემბრის აქტისა და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 14 აპრილის №20/120498 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ ს. ი-ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლაზე. 2013 წლის 7 ნოემბრის აქტში, ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად, მითითებულია „საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული უარის თქმის სხვა საფუძველი“. ხოლო 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელით ს. ი-ის წარმომადგენელი მ. ჩ-ი ითხოვდა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 24 ივლისის აქტისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2013 წლის 14 ნოემბრის №20/12-3648 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ ს. ი-ს უსაფუძვლოდ ეთქვა უარი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით საქართველოში შემოსვლაზე, რის საფუძვლადაც მიეთითა საქართველოს საკანონმდებლო აქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნულ ორ შემთხვევაში ს. ი-ს საქართველოში შემოსვლაზე უარი - ორი სხვადახვა ადმინისტრაციული აქტით ეთქვა. (2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელით სადავო - 2013 წლის 24 ივლისის აქტითა და 2014 წლის 13 მაისის სარჩელით სადავო - 2013 წლის 7 ნოემბრის აქტით) თუმცა ორივე შემთხვევაში ს. ი-ისთვის საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაზე უარის თქმას ერთი და იმავე საფუძველი აქვს. კერძოდ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელთ არსებული ინფორმაცია, რასაც სასამართლო გაეცნო სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სახით. (შეზღუდვა „შეჩერება-შეტყობინების სტატუსით, რაც ს. ი-ს დაუწესდა შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 2013 წლის 23 ივლისს 11:49 სთ-ზე. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების მოთხოვნის საფუძველზე №075170713002 სისხლის სამართლის საქმეზე (სამსახ.ბარათი №1436021 22.07.2013) ინიციატორი საგამოძიებო განყოფილების ... რ. მ-ე, ... მ. შ-ი, ... ქ. ო-ე.)

საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა წარმოქმნილ სიტუაციას, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმის შეჩერების თაობაზე კანონიერია და განპირობებულია იმით, რომ ს. ი-ის 2013 წლის 13 დეკემბრის სარჩელთან დაკავშირებული დავა ამჟამად უზენაესი სასამართლოს განხილვაშია. შესაბამისად უზენაესი სასამართლო იმსჯელებს თუ რამდენად კანონიერად ეთქვა საზღვრის გადმოკვეთაზე უარი ს. ი-ს 2013 წლის 24 ივლისის აქტით. როგორც არაერთხელ აღინიშნა ხსენებულ აქტსა და 2014 წლის 13 მაისის სარჩელით გასაჩივრებულ (საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 2013 წლის 7 ნოემბრის აქტი და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2014 წლის 14 აპრილის №20/12-498 გადაწყვეტილება) აქტებს ერთი და იმავე საფუძველი აქვთ. აქედან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ასევე შეაფასებს აღნიშნულ საფუძველს.

ზემოთქმული მსჯელობიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის განმხილველი საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში სწორედ ის სამართლებრივი და ფაქტობრივი პირობებია წამოჭრილი, რაც მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტში. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს არ აქვს შესაძლებლობა განაგრძოს საქმის წარმოება ს. ი-ის 2014 წლის 13 მაისის სარჩელთან დაკავშირებით მანამ, სანამ უზენაესი სასამართლო არ იმსჯელებს 2013 წლის 13 დეკემებრის სარჩელის გამო წარმოქნილ დავაზე, გასაჩივრებული აქტებისა და ამ აქტების საფუძვლების კანონიერებაზე. ზემოაღნიშნულ მუხლში სწორედ საქმის წარმოების გაგრძელების შეუძლებლობაზეა დათქმა, რაც განსახილველ შემთხვევაში აშკარად სახეზეა და დღევანდელი მოცემულობით სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განაგრძოს საქმის განხილვა უზენაესი სასამართლოს მიერ იმ ფაქტის გარკვევამდე, (რაც უკავშირდება ს. ი-ისათვის უარის თქმის საფუძველს) რაც საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია. საქმის წარმოების შეჩერება ასევე ემსახურება პროცესის ეკონომიურობის პრინციპს. ამასთანავე, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის შემდეგ მხარეები გათავისუფლდებიან მტკიცების ტვირთისგან, რადგან უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვის დასრულების შემდეგ, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე შეფასებული იქნება ის საფუძველი, რითიც ორივე შემთხვევაში უარი ეთქვა ს. ი-ს საქართველოში შემოსვლაზე და შესაბამისად მხარეებს აღარ მოუწევთ ამტკიცონ ამ საფუძვლის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი მხარის შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერება უკანონოა იმ მოტივით, რომ 2013 წლის 13 დეკემბრისა და 2014 წლის 13 მაისის სარჩელებით გასაჩივრებულ აქტებს სხვადასხვა საფუძველი აქვთ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო კანონის სწორად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი განჩინება დაადგინა, რის გამოც არ არსებობს სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, მისი გაუქმების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა რა გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის ფაქტობრივ-პროცესუალური მხარე, მიაჩნია, რომ ს. ი-ის წარმომადგენლის მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზე არ არის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ი-ის წარმომადგენლის მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე