№010332015950581
საქმე №ბს-203-199(კს-15) 22 სექტემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს მთავარი პროკურატურა; ქუთაისის საქალაქო სასამართლო; რ. ჭ-ი; მ. ი-ი; მ. ს-ე; მ. კ-ე; ს. ტ-ი
დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 6 მარტს ი. შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ის, მ. კ-ისა და ს. ტ-ის მიმართ.
მოსარჩელემ მის სასარგებლოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოსა და ს. ტ-ისთვის მატერიალური ზიანის სახით 1800 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება და რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის მორალური ზიანის სახით 20 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2013 წლის 25 მარტის განცხადებით მოსარჩელემ მოპასუხეებზე ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრება მოითხოვა. ამასთან, მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ნაცვლად 20 000 ლარისა მის სასარგებლოდ სიმბოლურად 1999 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით ი. შ-ეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოთხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 7 მაისის განჩინებით ი. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინება და საქმე ი. შ-ის სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიიდან იმავე სასამართლოს დაუბრუნდა.
2013 წლის 15 ოქტომბრის განცხადებით ი. შ-ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხეთა წრე და საქმეში მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხედ საქართველოს მთავარი პროკურატურა მიუთითა; ხოლო მოპასუხეებისთვის - საქართველოს მთავარი პროკურატურის, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის მის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 22 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს ნაცვლად სათანადო მოპასუხედ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ს. ტ-ს ი. შ-ის სასარგებლოდ 1800 აშშ დოლარის სოლიდარულად ანაზღაურება დაეკისრათ; მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ი. შ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში - დარჩა უცვლელი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
2014 წლის 3 ივლისის განცხადებით მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ს. ტ-ისთვის მის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 1800 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება და საქართველოს მთავარი პროკურატურის, რ. ჭ-ის, მ. ი-ის, მ. ს-ისა და მ. კ-ისთვის 2800 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ი. შ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება.
ი. შ-ემ 2014 წლის 23 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის განმარტება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტით მართალია გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, მაგრამ 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოვალედ ცნობილი ს. ტ-ი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა - 1800 აშშ დოლარის ი. შ-ის სასარგებლოდ ანაზღაურება. განმცხადებლის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია, რადგან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ ი. შ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას არ უნდა გამოეწვია მის სასარგებლოდ - 900 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებისაგან ს. ტ-ის გათავისუფლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით ი. შ-ის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური აუცილებლობა არსებობს მაშინ, როცა გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია, რითაც ფერხდება მისი აღსრულება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმ მიმართებით, რასაც განმცხადებელი ითხოვს - სასამართლომ სოლიდარულ მოვალედ მიუთითოს ს. ტ-ი და დააკისროს მას ი. შ-ის სასარგებლოდ 900 აშშ დოლარის გადახდა - ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების განმარტების მიზანს, რადგან ს. ტ-ისათვის ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა. ამდენად, არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ი. შ-ის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. შ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და გადაეწყვეტილების ხელახალი განმარტების მიზნით სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება ან გადაწყვეტილების უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტომა აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა ბედი ეწია მოვალე ს. ტ-ისათვის მის სასარგებლოდ დაკისრებულ თანხას (900 აშშ დოლარი), რადგან სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის სოლიდარულად დაკისრებული თანხის 1800 დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო ს. ტ-ისათვის დაკისრებული - 900 დოლარის გადახდევინება, როგორ უნდა განხორციელდეს ბუნდოვანია, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით წარმოადგენს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების გაცნობისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ აღნიშნული კოდექსით სხვა წესი არ არის დადგენილი, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი არის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობა, ხოლო განმარტების მიზანი - მისი აღსრულების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილების განმარტება არის მისი ნაკლოვანების აღმოფხვრის ერთ-ერთი საშუალება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ი. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ს. ტ-ს სოლიდარულად დაეკისრათ ი. შ-ის სასარგებლოს 1800 აშშ დოლარის ანაზღაურება; მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ი. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ ი. შ-ის სარჩელის უარყოფის ნაწილში - დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ 2015 წლის 27 იანვრის განჩინებაში მიუთითა, რომ 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება იმ მიმართებით, რასაც განმცხადებელი ითხოვს - სასამართლომ სოლიდარულ მოვალედ მიუთითოს ს. ტ-ი და დააკისროს მას ი. შ-ის სასარგებლოდ 900 აშშ დოლარის გადახდა - ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრულ გადაწყვეტილების განმარტების მიზანს, რადგან ს. ტ-ისათვის ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა არ მოითხოვდა განმარტებას.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ს. ტ-ისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 256-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სოლიდარულად დაკისრებული მთლიანი თანხის - 1800 აშშ დოლარის დაკისრების კანონიერებაზე, მაგრამ აღნიშნულმა ასახვა ვერ ჰპოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. ამდენად, მხარისათვის ბუნდოვანი გახდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლს ქმნის.
გადაწყვეტილების განმარტების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო უთითებს აგრეთვე იმას, რომ ს. ტ-ისათვის ი. შ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით არ გადაწყვეტილა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის ეს მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმის მასალებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის 1800 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ი. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის მითითებული ს. ტ-ის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის შედეგი, რამაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება გამოიწვია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, სასამართლოს განმარტების თაობაზე მიმართა მხარემ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია, ამასთან გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული, ასევე არ არის გასული ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებების გამო, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განემარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, რის გამოც ი. შ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და განცხადება ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. შ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება და განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ლ. მურუსიძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
მ. ვაჩაძე