14/საზ-09 ქ. თბილისი
21 აპრილი, 2009 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),
დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენით:
გ. ა-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 18 აპრილიდან.
განაჩენით მსჯავრდებულ გ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის.
მსჯავრდებული გ. ა-ი საჩივრით ითხოვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებებისა და დამატებების საფუძველზე მის მიმართ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენის მოქმედ სისხლის სამართლის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანასა და სასჯელის შემსუბუქებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა», «ბ» ქვეპუნქტებით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, რის გამოც იგი მიეკუთვნებოდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე, რის გამოც იგი წარმოადგენს მძიმე დანაშაულს, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლისა. აღნიშნული გარემოება კი იმაზე მიუთითებს, რომ ახალი კანონით ამ დანაშაულის ჩადენისათვის შემსუბუქდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
საქართველოს სსსკ-ის 593-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ ახალი კანონის მიღება, რომელიც აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია მსჯავრდებულის სასიკეთოდ იცვლება.
საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია), რომელიც ითვალისწინებდა პასუხისმგებლობას არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობისათვის, სასჯელის ზომად განსაზღვრული იყო თავისუფლების აღკვეთა ვადით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე, ხოლო ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტი (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) იმავე ქმედებისათვის სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტი (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) არ შეიძლება შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტთან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის სიმძიმის კატეგორია არ იცვლება და დანიშნული სასჯელიც სანქციის ფარგლებშია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით, 593-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 3 აპრილის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
მსჯავრდებულ გ. ა-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტის სახით (2000 წლის 5 მაისის რედაქცია) შესაბამისობაში მოვიდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტთან.
განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის _ სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.