Facebook Twitter

ბს-111-109(2კ-კს-15) 24 ივლისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ნუგზარ სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 25 აპრილს შპს ,,…’’ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,ბათუმის პორტის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობა; შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანების ბათილად ცნობა; საგადასახადო სამართლადარღვევის №EL011938, №EL011939, №EL011943, №EL011945, №EL011947, №EL011949, №EL011955, №EL011959 ოქმების ბათილად ცნობა; შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის აპრილის №69604/001, №69604/002, №69604/003, №69604/004, №69604/005, №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’ ადმინისტრაციული საჩივრი №69604/003, №69604/004, №69604/005, №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნების და 2013 წლის 16 აპრილის №EL011943, №EL011945, №EL011947, №EL011949, №EL011955, №EL011959 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ბათილად ცნობის და ამავე ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საგადასახადო სამართალდარღვე ვის ოქმები №EL011943, №EL011945, №EL011947, №EL011949, №EL011955, №EL011959 და შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის აპრილის №69604/003, №69604/004, №69604/005, №69604/006, №69604/009, №69604/011 საგადასახადო მოთხოვნები და დაევალა ადმინისტრაციულ ორგანოს გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ხოლო შპს ,,...’’ სარჩელი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების №EL011938, №EL011939 და საგადასახადო მოთხოვნების №69604/001, №69604/002, ასევე ამავე ნაწილში შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანებისა და დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,...” (მოსარჩელემ), სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მოპასუხეებმა).

2014 წლის 1 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე შპს,,...’’ წარმომადგენლებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტზე მითითებით, იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ №3/2576-14წ ადმინისტრაციულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაშია ადმინისტრაციული საქმე შპს ,,...” სარჩელისა გამო მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოხდება პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) და მაზუთის ბუნებრივი დანაკარგის ზღვრული ოდენობის განსაზღვრა და შესაბამისი ნორმების დამტკიცება. წინამდებარე საქმეში კი საგადასახადო სამართალდარღვევად მიჩნეულია ნაფტასა და მაზუთის ბუნებრივი დანაკარგების შედეგად დამდგარი დანაკლისი, რაზეც შედგენილია საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები და გამოყენებულია სანქცია საერთო ჯამში 1 302 748 ლარის ოდენობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია განსახილველ საქმესთან და ითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით შპს ,,...’’ წარმომადგენლების შუამდგომლობა მათ სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა საქმის წარმოება შპს ,,...” სააპელაციო საჩივარზე, რომლითაც მოთხოვნილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა ბათუმის 2013 წლის 16 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის №EL011938 და №EL011939 ოქმების, 2013 წლის 19 აპრილის №69604/001 და 69604/002 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2014 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2013 წლის 20 ივნისის №27860 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე უარის თქმის ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არსებული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივ დანაკარგებს, შესაბამისად შემოსავლების სამსახურის მიერ სავსებით კანონიერად მოხდა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილისა და 290-ე მუხლის გამოყენება შესახებ შპს „...“ მიმართ. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეჩერების სავალდებულო წინაპირობა არ არსებობს, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავა კი ეხება პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრისა და ნედლი ნავთობის დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებას, რაც გავლენას ვერ მოახდენს სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს „...“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე იმ მოტივით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია განსახილველ საქმესთან და გავლენას იქონიებს საქმეზე მისაღებ გადაწყვეტილებაზე, ვინაიდან წინამდებარე სარჩელით განსახილველი ვალდებულება მოცემული დროისათვის არ წარმოადგენს აღიარებულ საგადასახადო ვალებულებას საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 52-ე ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებული საგადასახადო პერიოდის/პერიოდების საგადასახადო შემოწმებისას: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი დანაკარგის ნორმა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთვვევაში, თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდის/პერიოდებში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილზე მეტი ოდენობით; ბ) თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან დადგენილზე ნაკლები ოდენობით, გამოყენებული დანაკარგის ნორმი ფარგლებში არსებული ნაკლებობა დანაკლისად არ ჩაითვლება; გ) არ გაითვალისწინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის ნორმის დადგენის შემდეგ გადასახადის გადამხდელის მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის გამოყენებასთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულების დაზუსტება, თუ გადასახადის გადამხდელი დანაკარგის ნორმად იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის დადგენილზე ნაკლებ ოდენობას ან საერთოდ არ იყენებდა მას. იმავე მუხლის 53-ე პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის 52-ე ნაწილის მოქმედება არ ვრცელდება იმავე ნაწილის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.

საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის მოტივებს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე.

ამასთანავე უნდა განიმარტოს, რომ თუ საქმის წარმოება არ შეჩერედება და შპს „...“ ჩამოეწერება დავალიანება და ამ დროს ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დადგინდება ტექნიკური სტანდარტი ბენზინის (ნაფტა) და მაზუთთან მიმართებით, რა თქმა უნდა, ეს აქტი ვეღარ გავრცელდება ამ ურთიერთობაზე, მას არ ექნება უკუძალა. ამიტომ მხარე უფლების უზრუნველსაყოფად ითხოვს საქმის წარმოების შეჩერებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამასთანავე თუ აქტი აუმჯობესებს პირის მდგომარეობას მასზე აუცილებლად გავრცელდება ახალი აქტის მოქმედება. პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) ბუნებრივი დანაკარგების ზღვრული ოდენობის განსაზღვრას პირდაპირი კავშირი აქვს წინამდებარე საქმესთან, რამდენადაც სამართალდარღვევის ოქმები შედგენილია პირდაპირი გამოხდის ბენზინის (ნაფტას) დანაკლისზე, რომელიც ითვლება ბუნებრივ დანაკარგად. შესაბამისად, შეუძლებელია საქმის გადაწყვეტა სანამ საქალაქო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 1 დეკემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. მურუსიძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე