Facebook Twitter

№ბს-169-167(კს-17) 19 აპრილი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „…“

მესამე პირი - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო

დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2015 წლის 13 ნოემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ ...“ მიმართ.

მოსარჩელემ შპს „...“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 402.45 ლარის დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი მოპასუხე - შპს „...“ მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის ანაზღაურების თაობაზე, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2016 წლის 23 მაისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი; აპელანტს დაევალა ხარვეზის შევსების მიზნით ამ განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა: 1. სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებაში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკზე ან სხვა ტექნიკურ საშუალებაზე ჩაწერილი.

2016 წლის 9 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია CD დისკზე და გასაგზავნი დოკუმენტაციის 2016 წლის 25 მარტისა და 2016 წლის 26 მარტის რეესტრის ასლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა 10 დღე გაუგრძელდა 7 დღით ამ განჩინების ასლის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან; აპელანტს დაევალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარედგინა №... საფოსტო გზავნილის ს..ათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

2016 წლის 30 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა გასაგზავნი დოკუმენტაციის 2016 წლის 25 მარტისა და 2016 წლის 26 მარტის რეესტრის ასლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად; ამასთან, ამავე განჩინებით საქართველოს ფოსტიდან გამოთხოვილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ №... საფოსტო გზავნილის საფოსტო განყოფილებისათვის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 14 მარტს. ხოლო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 30 მარტს. სააპელაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოთის საფოსტო განყოფილებაში შევიდა 2016 წლის 30 მარტს.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს დაევალა სააპელაციო საჩივრის საფოსტო განყოფილებაში წარდგენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2016 წლის 9 ივნისს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა გასაგზავნი დოკუმენტაციის 2016 წლის 25 მარტისა და 2016 წლის 26 მარტის რეესტრის ასლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით და დაევალა წარმოედგინა №... საფოსტო გზავნილის ს..ათვის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ აპელანტის მიერ ს..ათვის გადასაცემი კორესპონდენციების 2016 წლის 26 მარტის რეესტრის მე-6 ნომრად მითითებულ ფოთის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნ გზავნილს ფოსტის გზავნილის ნომრად მინიჭებული ჰქონდა №.... იგივე ნომრის გზავნილის შესახებ ინფორმაციას შეიცავდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი მეორე მტკიცებულებაც, მაშინ როდესაც მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეზე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარზე დართული საფოსტო კონვერტით დადგენილი იყო, რომ აღნიშნულ გზავნილს ს.. მიერ მინიჭებული აქვს ნომერი ....

2016 წლის 18 ივლისის მიმართვის საფუძველზე შპს „ს...“ გამოთხოვილი იქნა სსიპ სოხციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის (საფოსტო გზავნილის ნომერია ...) საფოსტო განყოფილებაში წარდგენის დამადასტურებელი მტკიცებულება. 2016 წლის 29 ივლისს შპს „ს...“ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ №... საფოსტო გზავნილი გასაგზავნად გადაეცა 2016 წლის 28 მარტს. მომართვაზე დართული იყო 2016 წლის 28 მარტის გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრის ასლი, რომელშიც მე-9 ნომრად მითითებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია, თუმცა დოკუმენტის ნომრის შესახებ ინფორმაცია მასში აღნიშნული არ იყო და ასევე არ დგინდებოდა, რომ №... საფოსტო გზავნილი შპს „ს...“ გასაგზავნად გადაეცა 2016 წლის 28 მარტს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 23 სექტემბერს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაავალა 2016 წლის 6 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე წარედგინა №... საფოსტო გზავნილის შპს „ს...“ გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. 2016 წლის 4 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ და წარადგინა 2016 წლის 25 მარტისა და 2016 წლის 26 მარტის გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრი, რომლებიც არ შეიცავდნენ ინფორმაციას №... საფოსტო გზავნილის შესახებ.

2016 წლის 23 სექტემბერს ფოთის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმის შესახებ თუ №... საფოსტო კოდით რა დოკუმენტი იქნა წარდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 28 მარტს შპს „ს...“ მეშვეობით. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის მომართვით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში შესულა 2016 წლის 30 მარტს და არა 2016 წლის 28 მარტს, ხოლო №... საფოსტო კოდით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „ს...“ მეშვეობით წარდგენილი იქნა განცხადება ბ. ჭ-ის საქმეზე სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩაბარდა 2016 წლის 14 მარტს, შესაბამისად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 15 მარტიდან და ამოიწურა 2016 წლის 28 მარტს, სააპელაციო საჩივარი კი ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი იქნა 2016 წლის 30 მარტს, რითაც მხარემ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რომლის გაგრძელება (აღდგენა) კანონის თანახმად არ დაიშვება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგენილი იქნებოდა შპს „ს...“ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში გადაცემის ფაქტი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იყო კანონით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ჩაბარდა 2016 წლის 28 მარტს, რასაც ადასტურებს გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრი და ასევე აღნიშნული რეესტრის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ასლიც; ხოლო შპს „ს...“ სააპელაციო საჩივარი, საფოსტო გზავნილის ნომრით №..., ჩაბარებიდან მეორე დღეს ანუ 29 მარტს გააგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში; ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 14 მარტს; ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 2017 წლის 28 მარტს 24:00 საათზე ეწურებოდა, რასაც არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს და მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარი შპს „ს...“ ჩაბარდა 2016 წლის 28 მარტს, ხოლო შპს „ს...“ სააპელაციო საჩივარი, საფოსტო გზავნილის ნომრით №..., ჩაბარებიდან მეორე დღეს ანუ 29 მარტს გააგზავნა ფოთის საქალაქო სასამართლოში. ასევე დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 30 მარტს. სააპელაციო საჩივარზე თანდართულ კონვერტზე დასმული ბეჭდით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარი ფოთის საფოსტო განყოფილებაში შევიდა 2016 წლის 30 მარტს. ამასთან, კონვერტზე დასმული იყო საფოსტო კოდი - №....

სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ გაუშვა სააპელაციო წესით გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარადგინა გასაგზავნი დოკუმენტაციის 2016 წლის 25 მარტისა და 2016 წლის 26 მარტის რეესტრის ასლები, თუმცა აღნიშნულ რეესტრში ფოთის საქალაქო სასამართლოში გაგზავნილი გზავნილი დაფიქსირებული იყო №... საფოსტო კოდით. ამასთან, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის მომართვით დგინდება, რომ №... საფოსტო კოდით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოში შპს „ს…“ მეშვეობით წარდგენილ იქნა განცხადება სხვა საქმეზე.

თავდაპირველად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხს შპს „ქ…“ არსებულ დავაზე, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შპს „ს...“ და არა სააპელაციო სასამართლოსთვის, სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ფაქტი წარმოადგენს, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შპს „ს...“ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარების ფაქტს, ხოლო საქმის მასალებში წარმოდგენილი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 ოქტომბრის მომართვა, რომლის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოში შესულია 2016 წლის 30 მარტს და არა 2016 წლის 28 მარტს, მოცემულ შემთხვევაში გავლენას ვერ იქონიებს სადავო საკითხის შეფასებისას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „ს...“ გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია №... საფოსტო გზავნილის ფოსტისთვის გადაცემის თარიღის შესახებ. შპს „ს…“ 2016 წლის 28 ივლისის მიმართვით სააპელაციო სასამართლოს ეცნობა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ №... საფოსტო გზავნილის (ადრესატი: ფოთის საქალაქო სასამართლო; მისამართი: დ. აღმაშენებლის ქ. №3, ქ. ფოთი, 4400) შპს „ს...“ ჩაბარების თარიღს წარმოადგენს - 2016 წლის 28 მარტი. აღნიშნულის დასადასტურებლად მიმართვაზე თანდართულია 2016 წლის 28 მარტის გასაგზავნი დოკუმენტების №04-559 რეესტრის ასლი, რომელშიც მე-9 ნომრად მითითებული იყო ფოთის საქალაქო სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტის შესახებ ინფორმაცია. მართალია, დოკუმენტის ნომრის შესახებ ინფორმაცია მასში აღნიშნული არ იყო, თუმცა რეესტრში ფიქსირდება - მოპასუხე შპს ფოთის გაერთიანებული სამშობიარო სახლი. №... საფოსტო კოდით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გზავნილი ფოთის საქალაქო სასამართლოში დაფიქსირებულია უკვე კერძო საჩივარზე თანდართული შპს „ს...“ 2016 წლის 29 მარტის რეესტრში.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საფოსტო განყოფილება ადასტურებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ №... საფოსტო გზავნილის (ადრესატი: ფოთის საქალაქო სასამართლო; მისამართი: დ. აღმაშენებლის ქ. №3, ქ. ფოთი, 4400) შპს „ს...“ 2016 წლის 28 მარტს ჩაბარების ფაქტს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეზე ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებითაც დადგენილი იქნებოდა შპს „ს...“ სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში გადაცემის ფაქტი.

ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოება, შესაძლებელი იყო თუ არა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრში გზავნილი დაფიქსირებული ყოფილიყო №... საფოსტო კოდით (რომელიც მინიჭებული აქვს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარდგენილ სააპელაციო საჩივარს), იმ პირობებში, როდესაც გზავნილს საფოსტო კოდს ანიჭებს საფოსტო განყოფილება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და მოცემული საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ოქტომბრის განჩინება და მოცემული საქმე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი