Facebook Twitter

№010340015700004625

საქმე №ბს-832-824(კს-15) 18 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ხ-ე, ლ. პ-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 3 თებერვალს ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელეებმა ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №1/კ-8 და №1/კ-5 ბრძანებების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 ოქმის ბათილად ცნობა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის ხელახალი კონკურსის გამოცხადების დავალება და მოპასუხისთვის მატერიალური და მორალური ზიანის - თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ 2500-2500 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-ემ და ლ. პ-მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ის და ლ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ის და ლ. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №1/კ-8 და №1/კ-5 ბრძანებები ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 ოქმი ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში; სარჩელის მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ივლისის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება.

2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის №3ბ/1413-14 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-5 პუნქტების განმარტება მოითხოვა.

განმცხადებლის მოსაზრებით, ბუნდოვანია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №1/კ-8 და №1/კ-5 ბრძანებები ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განმცხადებლის მითითებით, სადავო ბრძანებების გამოცემა არ უკავშირდება კონკურსის შედეგებს. აღნიშნული ბრძანებების გამოცემის სამართლებრივი საფუძვლის - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც კონკურის წესით უნდა შეივსოს და რომელზედაც დანიშნულია დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, პირი კონკურსის წესით უნდა დაინიშნოს 2014 წლის 1 ივლისამდე. ხოლო, კონკურსის წესით შესავსებ სხვა თანამდებობაზე, რომელზედაც დანიშნულია დროებითი მოვალეობის შემსრულებელი 2014 წლის 1 იანვრამდე. ამდენად, მოსარჩელეებს კონკურსში მონაწილეობა რომც არ მიეღოთ ან კონკურსი მათთვის წარმატებულად დასრულებულიყო, მათი გათავისუფლების ბრძანებები მაინც გამოიცემოდა იმავე საფუძვლებით. 2014 წლის 3 იანვრისათვის აღარ არსებობდა მოსარჩელეების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამმართველოს ... მოვალეობის შემსრულებლად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

განმცხადებელი ასევე ბუნდოვნად მიიჩნევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტს, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 ოქმი ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში. განმცხადებლის მითითებით, ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას ხელახალი კონკურისის გამოცხადება წარმოადგენდა, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით არ ჩანს სასამართლოს გადაწყვეტილება (პოზიცია) აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კონკურსი ცხადდება, მხოლოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 ოქმი მხოლოდ ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს 262-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების განმარტების პროცესუალური წინაპირობა, რადგან მითითებული ნორმა სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას განმარტოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია. მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა განსაზღვრავს სასამართლოს მიერ მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების განმარტების წესსა და პირობებს და სასამართლოს ამგვარ უფლებამოსილებას ანიჭებს იმ პირობების არსებობისას, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტება ემსახურება მისი აღსრულების ხელშეწყობის მიზანს. ამასთან, გადაწყვეტილების განმარტებისას არ უნდა იქნეს შეცვლილი კანონიერ ძალაში შესული და განმარტებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განმარტების საგანს უნდა წარმოადგენდეს მხოლოდ გადაწყვეტილების შინაარსი, ამასთან განმარტების აუცილებლობა არსებობს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანობის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და შესაბამისად, იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებამ შესაძლებელია შეცვალოს მისი შინაარსი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაუშვებელია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს განჩინება; გასაჩივრებული განჩინებიდან არ ჩანს თუ რის გამო არ დაკმაყოფილდა განცხადება გადაწყვეტილების განმარტების შესახებ. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ბუნდოვანია გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს განმარტება – „გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტებამ შესაძლებელია შეცვალოს მისი შინაარსი, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაუშვებელია.“

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი და იგი არ საჭიროებს დამატებით განმარტებას სასამართლოს მხრიდან, მისი დასაბუთება მოცემულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, ხოლო სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი სავსებით ცხადია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო საკითხის მიმართ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ არის ბუნდოვანი, იგი ცალსახად შეიცავს მითითებას ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 3 იანვრის №1/კ-8 და №1/კ-5 ბრძანებების ბათილად ცნობის, ლ. ხ-ის და ლ. პ-ის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოსამსახურეთა შერჩევის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკონკურსო საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული კომისიის სხდომის 2013 წლის 20 დეკემბრის №3 ოქმის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების შესახებ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ნათლად გამომდინარეობს სასამართლოს ნება, რაც დასაბუთებულია ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავდა ბუნდოვან დებულებებს, ხოლო ის გარემოება, თუ რა მექანიზმების გამოყენებით უნდა მოხდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მოხდება ეს შესაბამისი პროცედურების დაცვით ახალი საშტატო ერთეულის დაშვებით, თუ ხელახალი კონკურსის გამოცხადებით, აღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ლ. ხ-ისა და ლ. პ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დასმული საკითხები სცილდება გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება გადაწყვეტილების განმატრების თაობაზე თავისი არსით გადაწყვეტილების რევიზიას გულისხმობს, აკრიტიკებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეცვლას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილების განმარტების წინაპირობების არსებობის თაობაზე, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვანებას, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი