№010371015700006098
საქმე №ბს-847-839(კს-15) 18 თებერვალი, 2016 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 14 ივნისს მ. ხ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისთვის სტრასბურგის სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების ქართული თარგმანის წარმოდგენის დავალება და იმ ფაქტის დადასტურება მოითხოვა, რომ მოპასუხემ სტრასბურგის სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და იგი პრესის მეშვეობით გაავრცელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. ხ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისთვის სტრასბურგის სასამართლოს 2007 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილების ქართული თარგმანის წარმოდგენის დავალება და იმ ფაქტის დადასტურება მოითხოვა, რომ სასამართლოს 2002 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება საქართველოს სოციალური დაზღვევის ფონდთან მ. ხ-ას სარჩელზე არ შესრულებულა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება; ამავე განჩინებით მ. ხ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 150 ლარის ოდენობით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა. საკასაციო საჩივარს თანდართული არ ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში მიუთითა, რომ „საქართველოს მოქალაქის რეპრესირებულად აღიარების შესახებ“ კანონი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ათავისუფლებს ამ კანონის შესრულებისას წარმოშობილ სასამართლო დავებს.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ას სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითრის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.
2008 წლის 27 ოქტომბერს მ. ხ-ამ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც ინგლისურიდან ტექსტის თარგმნის მოპასუხისათვის დავალდებულების ნაწილში საკასაციო საჩივარზე უარი განაცხადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2009 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2008 წლის 25 მარტის განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ. ხ-ას მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
2015 წლის 8 ოქტომბერს მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი. განმცხადებელმა წარადგინა საპენსიო მოწმობის ასლი, სადაც მითითებულია, რომ მ. ხ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ (მე-2 ჯგუფის ინვალიდი), შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილია 2008 წლის 27 მარტიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2015 წლის 16 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე ეცნობა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 იანვარს გაცემულ სააღსრულებო ფურცელზე (საქმე N3ბ/1859-07), რომლითაც მ. ხ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა, მიმდინარეობს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული და აღსასრულებლად მიქცეული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ინვალიდობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე-50-ე მუხლების შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაანთავისუფლოს სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას, ხოლო საქმის წარმოების დასრულების შემდეგ სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ დაშვებული შეცდომის გამო მხარეს არასწორად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს, რაც დასრულდა 2008 წლის 25 მარტის განჩინების გამოტანით, მ. ხ-ა (აპელანტი) არ ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ინვალიდობის საფუძვლით და არც შესაბამისი დოკუმენტები ყოფილა სასამართლოში მის მიერ წარდგენილი. შესაბამისად, მიჩნეული ვერ იქნება, რომ სასამართლომ 2008 წლის 25 მარტის განჩინების მიღებისას დაუშვა შეცდომა, არ გაითვალიწინა მოსარჩელის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი და არასწორად დააკისრა მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. ხ-ას მიერ მოცემულ განცხადებაზე თანდართული საპენსიო მოწმობა არ ადასტურებს 2008 წლის 25 მარტის განჩინების მიღებისას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებას, რადგან აღნიშნული საპენსიო მოწმობის მიხედვით მ. ხ-ას დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (მეორე ჯგუფი) უვადოდ, 2008 წლის 27 მარტიდან ანუ მას შემდეგ, რაც სააპელაციო პალატის მიერ განჩინება იქნა გამოტანილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდისგან განთავისუფლების შესახებ. საპენსიო მოწმობაში, რომელიც მან სასამართლოს წარუდგინა, ჩაწერილია, რომ იგი 1987 წლიდან მე-2 ჯგუფის ინვალიდია მუდმივად. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, იგი როგორც ინვალიდი განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისგან, რის საფუძველზეც უნდა დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 28 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. ხ-ას კერძო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ხ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება; ამავე განჩინებით მ. ხ-ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ასევე „საქართველოს მოქალაქის რეპრესირებულად აღიარების შესახებ“ კანონის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება მოითხოვა.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მ. ხ-ას სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითრის და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშის შესაბამისად შედგენილი საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
2009 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2008 წლის 25 მარტის განჩინებაზე გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მ. ხ-ას მიმართ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის დაკისრების ნაწილში.
2015 წლის 8 ოქტომბერს მ. ხ-ამ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 მარტის განჩინებით დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან განთავისუფლების მოთხოვნით. აღსანიშნავია, რომ დაკისრებული ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას მ. ხ-ა ინვალიდობის საფუძვლით ითხოვს, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში საპენსიო მოწმობის ასლი წარადგინა. საპენსიო მოწმობის თანახმად, მ. ხ-ა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი უვადოდ (მე-2 ჯგუფის ინვალიდი), შესაძლებლობის შეზღუდვა დადგენილია 2008 წლის 27 მარტიდან.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია მ. ხ-ას მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე, რის გამოც არ დაკმაყოფილდა მ. ხ-ას განცხადება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო საკითხის მიმართ და დამატებით განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9–მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საერთო სასამართლოებში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან კანონისმიერი განთავისუფლების საფუძველს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი წარმოადგენს. აღნიშნული 46-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მხარეები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან; ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კონკრეტული კატეგორიის დავების სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე განხილვას.
გარდა ამისა, სახელმწიფო ბაჟისგან განთავისუფლების საფუძვლები განსაზღვრულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით.
ამდენად, კანონმდებლობა კონკრეტულად განსაზღვრას პირობებს, რომლის არსებობის შემთხვევაში მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სასამართლოს უფლებამოსილება სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით შეზღუდულია კანონით. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისულების საფუძველი უნდა დასტურდებოდეს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლო უფლებამოსილია მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გაანთავისუფლოს სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობისას.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ითხოვს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული და აღსასრულებლად მიქცეული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ინვალიდობის საფუძვლით.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2008 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ხ-ასთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის დაკისრებისას აპელანტი - მ. ხ-ა არ ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას ინვალიდობის საფუძვლით და არც შესაბამისი დოკუმენტები ყოფილა სასამართლოში მის მიერ წარდგენილი. მ. ხ-ას არც საკასაციო საჩივრის წარდგენის დროს მოუთხოვია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება ინვალიდობის საფუძვლით.
ამასთან, მ. ხ-ას მიერ წარმოდგენილი საპენსიო მოწმობის თანახმად, მ. ხ-ას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი (მე-2 ჯგუფი) დაუდგინდა 2008 წლის 27 მარტიდან ანუ სააპელაციო სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი საპენსიო მოწმობა არ ადასტურებს 2008 წლის 25 მარტის განჩინების მიღებისას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 25 მარტის განჩინების მიღებისას საქმის გარემოებებისა და წარდგენილი დოკუმენტების გათვალისწინებით აპელანტს მართებულად დააკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მ. ხ-ას მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი