Facebook Twitter

210310015793001

საქმე #ბ-1476-9(ა-16) 02 მარტი, 2017 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2016წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.10.2015წ. გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი მოპასუხეების: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის, მესამე პირის ზ. ფ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისის 11.03.2015 წ. №7 და 18.03.2015 წ. №8 გადაწყვეტილებები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საპრეტენზიო კომისიის 17.03.2015 წ. №1 გადაწყვეტილება მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 11.03.2015 წ. №3 სხდომის ოქმი, საპრეტენზიო კომისიის 17.03.2015 წ. №1 სხდომის ოქმი, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 18.03.2015 წ. №4 სხდომის ოქმი და კონკურსის მესამე ეტაპის გასაუბრების შედეგები მოსარჩელე მ. თ-ის ნაწილში და დაევალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გასაუბრების ეტაპის ხელახალი ჩატარება და ახალი გადაწვეტილების მიღება კანონით დადგენილ ვადაში, აგრეთვე ბათილად იქნა ცნობილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის 26.03.2015 წ. N02134 ბრძანება ზ. ფ-ის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის, გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და საპრეტენზიო კომისიის მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.06.2016წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საპრეტენზიო კომისიის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად იქნა დატოვებული სიღნაღის რაიონული სასამართლოს 22.10.2015წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

საკასაციო სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა გაჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში უზენაესი სასამართლოსათვის წარმოედგინა მ. ს-ის სახელზე გაცემული სასამართლო გადაწყვეტილების (განჩინება) საკასაციო წესით გასაჩივრების სპეციალური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი იმდენ ასლად რამდენი მხარეც არის საქმეში. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა 26.09.2016წ. და ჩაბარდა 27.09.2016წ.. მიუხედავად აღნიშნულისა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მოუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს 15.11.2016წ. განჩინებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინება არ შეიცავდა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ეხებოდა მ. თ-ის საქმეს, მითითება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების თარიღზე არ იყო საკმარისი, რადგან შესაძლოა ერთიდაიგივე თარიღით რამდენიმე განჩინება არსებობდეს, ხოლო რა ნომერი მიენიჭა საქმეს კასატორისათვის უცნობი იყო. ამდენად, გამგეობამ მიიჩნია, რომ ხარვეზი დადგენილ იქნა თ. ტ-ის საქმეზე და ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დადგენილ ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარადგინა შესწორებული მინდობილობა სწორედ თ. ტ-ის საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, გამგეობამ, ფაქტობრივად აღმოფხვრა საკასაციო პალატის 23.09.2016წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზი, თუმცა საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად კასატორისაგან დამოუკიდებელი გარემოებებისა და მიზეზების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2016წ. განჩინების ასლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩაბარდა 27.09.2016წ., ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრულ 7-დღიან ვადაში გამგეობას საკასაციო პალატისათვის ხარვეზის შევსების ან ვადის გაგრძელების მიზნით არ მოუმართავს.

საფუძველს მოკლებულია კასატორის მითითება, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება არ შეიცავდა მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას, რის გამოც გამგეობამ მიიჩნია, რომ ხარვეზი დადგენილ იქნა თ. ტ-ის საქმეზე და ხარვეზის გამოსწორების მიზნით, დადგენილ ვადაში, უზენაეს სასამართლოში წარადგინა შესწორებული მინდობილობა სწორედ თ. ტ-ის საქმესთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე ხარვეზის დადგენის შესახებ 23.09.2016წ. განჩინებაში კონკრეტულად იყო მითითებული საქმის ნომერი -ბს-679-672(კ-16) და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების თარიღი - 07.06.2016წ., რაც გამორიცხავდა განსახილველი საქმის თ. ტ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეში აღრევის შესაძლებლობას, რადგან ამ უკანასკნელი საქმის ნომერი (ბს-485-480(2-16)) და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების თარიღი (08.02.2016წ.) განსხვავებული იყო განსახილველი საქმის რეკვიზიტებისაგან. ამასთანავე, თ. ტ-ის საქმეზე წარმოებაში მიღების შესახებ 21.06.2016წ. განჩინება საკასაციო საჩივრის ასლთან ერთად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობას გაგზავნილი და ჩაბარებული ჰქონდა 29.06.2016წ., შესაბამისად, გამგეობისათვის ცნობილი იყო თ. ტ-ის საქმეზე საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ, ამდენად, ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას მოკლებულია მოსაზრება, რომ გამგეობამ ხარვეზის შესახებ განჩინება მიიჩნია უკვე წარმოებაში მიღებულ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენად. თ. ტ-ის საქმეზე საკასაციო საჩივრები წარმოებაში იყო მიღებული 21.06.2016წ., აღნიშნული განჩინება ჩაბარებული ჰქონდა გამგეობას, ამდენად, გამგეობისათვის ცნობილი იყო თ. ტ-ის საქმეზე საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ, ასევე მან იცოდა თ. ტ-ის საქმის ნომერი და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების თარიღი. შესაბამისად, არ არსებობდა თ. ტ-ის საქმეზე საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღებიდან სამი თვის შემდეგ - 23.09.2016წ. მიღებული ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თ. ტ-ის საქმეზე გამოტანილად მიჩნევის ობიექტური საფუძველი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის დადგენილ ხარვეზის შევსების ვადაში კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი, ამდენად, სსკ-ის 396.3 მუხლის მიხედვით სახეზე იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველი.

სსკ-ის 430.2 მუხლის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2016წ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.11.2016წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი