Facebook Twitter

080310015816802

საქმე #ბ-1533-10(ა-16) 02 მარტი, 2017წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარს სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა ზებურ ნაკაშიძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 07.03.2016წ. გადაწყვეტილებით სპს „...“ სარჩელი, მოპასუხეების სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20.10.2014 წ. №43707 და 20.10.2014წ. №086-238 ბრძანებების, სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.12.2014წ. №52517 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 07.04.2015 წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის მოსარჩელის საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადის არაუმეტეს სამი წლით გადავადების დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.07.2016წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს „...“.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2016წ. განჩინებით სპს „...“ დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საკასციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამასთან, კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. საკასაციო სასამართლოს 23.09.2016წ. განჩინება სპს „...“ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე - ხელვაჩაური, სოფ. … და ჩაბარდა მოლარე ოპერატორ თ. კ-ეს 29.09.2016წ., ჩაბარების დასტურზე მითითებულია მისი ხელმოწერა და პირადი ნომერი.

10.10.2016წ. სპს ,,..." დირექტორმა უ. ს-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი, განცხადებაში მიეთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 23.09.2016წ. განჩინებით (საქმე N ბს-670-663(კ-16)) დადგენილი ხარვეზის შესავსებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინებით სპს ,,..." საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა სპს ,,..." დირექტორმა უ. ს-ემ, რომელმაც საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს განჩინება კასატორს არ ჩაბარებია, ჩაბარების დასტურზე მითითებული პირი სპს-ს თანამშრომელი არასდროს ყოფილა, იგი შესაძლოა იყოს სოფ. ... მდებარე სხვა საწარმოს თანამშრომელი, კასატორმა სასამართლო კანცელარიის მეშვეობით ტელეფონით შეიტყო საქმის ნომერი და გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ამასთანავე, სპს აღარ ფუნქციონირებს, გაჩერებულია და აღარ ჰყავს თანამშრომლები, რაც დასტურდება ამონაწერით სამეწარმეო რეესტრიდან. ამდენად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საკასაციო პალატის20.10.2016წ. განჩინება უნდა გაუქმდეს და სპს ,,..." საკასციო საჩივარზე უნდა განახლდეს საქმის წარმოება. სპს თვლის, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უნდა გაგზავნოდა სპს-ს წარმომადგენელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სპს ,,..." განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.09.2016წ. განჩინების ასლი სპს ,,..." გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: ხელვაჩაურის რაიონი, სოფ. …. სასამართლოს მიერ სპს-ს აღნიშნულ მისამართზე არაერთგზის ჰქონდა გაგზავნილი და ჩაბარებული დოკუმენტაცია. სსკ-ის 73.5 მუხლის თანახმად, სასამართლო გზავნილის მხარისთვის ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე და უბრუნდება სასამართლოს. სწორედ აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება გზავნილის მხარისათვის ჩაბარება და შესაბამისად, ამავე დოკუმენტით ხელმძღვანელობს სასამართლო მხარისათვის საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების ათვლისას. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელზეც ხელს აწერს კორესპონდენციის ჩამბარებელი პირი, კონკრეტულად არის მითითებული გზავნილის ადრესატის სახელწოდება, მისამართი, გამომგზავნი სუბიექტი და საქმის ნომერი. ამდენად, საკასციო პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმომწერი პირი შესაძლოა იყოს სხვა საწარმოს თანამშრომელი, რადგან შეტყობინების ბარათსა და გზავნილის კონვერტზე ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული კორესპონდენციის ადრესატი: სპს ,,...", შესაბამისად, შეტყობინების ბარათზე ხელმომწერმა პირმა - თ. კ-ემ იცოდა რომელ საწარმოს ეგზავნებოდა კორესპონდენცია და მან დააფიქსირა, რომ არის ამ საწარმოს მოლარე-ოპერატორი. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები განმცხადებელს არ წარმოუდგენია.

საფუძველს მოკლებულია განმცხადებლის მითითება იმის შესახებ, რომ სპს-ს ამჟამად თანამშრომლები არ ჰყავს და გზავნილის ჩაბარება სპს-ს მისამართზე ვერ მოხდებოდა, რაც დასტურდება სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დასტურდება, რომ სპს-ს რეგისტრაცია აქტიურია, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესი დაწყებული არ არის და სპს-ს გარკვეულ ქონებას ადევს ყადაღა, ასევე საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 40.1 მუხ., საგადასახადო კოდექსის 241.2 მუხ.). განმცხადებელი ვერ წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რომ სპს-ს ქონების განკარგვის აკრძალვას შედეგად მოჰყვა სპს-ს ყველა თანაშრომლის გათავისუფლება, კანონმდებლობა კი აღნიშნულს ყადაღის დადების თანამდევ შედეგად არ ითვალისწინებს.

საქმის წარმოების განახლების საფუძველს არ ქმნის აგრეთვე ის, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება გაეგზავნა უშუალოდ მხარეს და არა მის წარმომადგენელს. სსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, სასამართლო კორესპონდენცია ეგზავნება მხარეს ან მის წარმომადგენელს, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს, ხოლო სასკ-ის 13.2 მუხლის მიხედვით, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სასამართლოს შეტყობინება პირველ რიგში გაუგზავნოს წარმომადგენელს.

საკასციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე სპს ,,..." დირექტორის უ. ს-ის 10.10.2016წ. განცხადებაზე, რომლითაც მან მომართა საკასაციო სასამართლოს ხარვეზის შევსებს მიზნით. განმცხადებელმა წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და განცხადებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 23.09.2016წ. განჩინებით (საქმე N ბს-670-663(კ-16)) დადგენილი ხარვეზის შესავსებად. ამდენად, სპს-ს, ხარვეზის შევსებისას ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია საქმის ნომრის, ხარვეზის შესახებ განჩინების თარიღისა და განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შესახებ, რაც დამატებით ადასტურებს სადავო გზავნილის უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი (განცხადება, დოკუმენტი) რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, სსკ-ის 396.3 მუხლის მიხედვით სახეზე იყო სპს „...“ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უპირობო საფუძველი.

სსკ-ის 430.2 მუხლის თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ სპს „...“ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს ,,..." განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.10.2016წ. განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. სხირტლაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი