Facebook Twitter

#ბს-105-104(კ-17) 29 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 28 სექტემბერს თ. ა-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №MCLA 9 15 00005067 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და გათავისუფლების დღიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით თ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და მისი სამსართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია. ამასთან, კასატორი არ ეთანხმება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითებს, რომ მასთან ერთად მუშაობდნენ სხვა პირებიც, რომლებიც მის მსგავსად იყვნენ საზოგადოებრივი მისაღების კონსულტანტები, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მის გარდა არცერთი მათგანი არ განთავისუფლებულა და ისინი მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შემდეგ აგრძელებდნენ მუშაობას.

კასატორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში საუბარია, რომ მოსარჩელესთან ერთად მომუშავე პირები 2015 წლის 17 დეკემბერს დაინიშნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებრივ მისაღებში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2015 წლის 17 დეკემბრამდე აღნიშნული პირები მე-... დაწესებულებაში იყვნენ დასაქმებულები და იმავე ფუნქციას ასრულებდნენ, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა 2015 წლის 17 დეკემბრამდე დაიკავა მისი თანამდებობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ა-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში თ. ა-ი სადავოდ ხდის მისი გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №MCLA 9 15 00005067 ბრძანების კანონიერებას, რომლის საფუძვლად მითითებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლი და 109-ე მუხლის პირველი პუნქტი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან განთავისუფლების შესაძლებლობას ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე მუხლის მე-2 პუნქტი და ამავე კანონის 97-ე მუხლი იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება. ამასთან, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნა დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო. ამდენად, რეორგანიზაცია შტატების შემცირებით საკანონმდებლო რეგულაციის დონეზე იძლევა თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველს.

ამასთან, განსახილველი სამართალურთიერთობის შეფასებისას საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ერთი მხრივ შემთხვევა, როდესაც დაწესებულებაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, რა დროსაც ადმინისტრაციული ორგანო უკეთესის/საუკეთესოს, უპირატესის ამორჩევის პრინციპზე დაყრდნობით უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ცალკეულ მოხელეთა განთავისუფლების თუ სამსახურში დატოვებასთან დაკავშირებით, ხოლო მეორე მხრივ შემთხვევა, როდესაც რეორგანიზაციის დროს სრულად უქმდება კონკრეტული საშტატო ერთეული/სტრუქტურული ერთეული. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მე-... დაწესებულებაში გაუქმდა სტრუქტურული ერთეული „საზოგადოებრივი მისაღები“. ამდენად, თ. ა-ის გათავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 1 სექტემბრის №MCLA 9 15 00005067 ბრძანების კანონიერების შემოწმებისათვის უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ დაწესებულების რეორგანიზაციის დროს გაუქმდა სწორედ ის სტრუქტურული ერთეული - „საზოგადოებრივი მისაღები“, რომელშიც თ. ა-ი მუშაობდა.

ამასთან, საქმის მასალების მიხედვით საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული პირები კონკურსის წესით დაინიშნენ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საზოგადოებრივ მისაღებში და არა მე-... დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი