Facebook Twitter

საქმე # 330310014670935

საქმე №ბს-125-124(კ-კს-17) 7 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე

განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ-ე

დავის საგანი - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. დ-ემ 2014 წლის 11 დეკემბერს სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ატესტაციის საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შეფასებაზე თ. დ-ის მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა თ. დ-ის მიმართ დადაგენილი შედეგის ნაწილში; თ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 15 დეკემბრის №2319 ბრძანების ბათილად ცნობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თ. დ-ის თანამდებობაზე აღდგენის დავალება; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის თ. დ-ის სასარგებლოდ იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან აღდგენამდე პერიოდისათვის დარიცხული პრემიებისა და დანამატების ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 თებერვლის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხე მხარედ მიუთითა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; ქ. თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისია; ქ. თბილისის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. დ-ის მიმართ გამოტანილი დასკვნის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. დ-ის მიმართ გამოტანილი დასკვნის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 15 დეკემბრის №2319 ბრძანება თ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ქ. თბილისის მერიას დაევალა, თ. დ-ე აღადგინოს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე; ქ. თბილისის მერიას თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 15 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის მიუღებელი თანამდებობრივი სარგო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილდა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. დ-ემ; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება.

თ. დ-ემ 2016 წლის 29 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების იმ ნაწილის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, რომლითაც ქ. თბილისის მერიას დაევალა მოსარჩელე თ. დ-ის აღდგენა ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით თ. დ-ის განცხადება - გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტი „ქ. თბილისის მერიას დაევალოს თ. დ-ე აღადგინოს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე“ მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან დასაბუთება არასრულია, აღნიშნული კი ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს გასაჩივრებული განჩინების უკანონობის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარდგენილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოთა სისტემის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი და კერძო საჩივრის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენის დროისათვის არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თ. დ-ის სამსახურში აღდგენის ვალდებულებას. შესაბამისად, ვინაიდან მხარე ვერ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას და არც გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული ამ აუცილებლობის შესახებ, აღნიშნულს კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად და მოითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თ. დ-ისათვის გადაწყვეტილების ადუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით თ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც თ. დ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო საპრეტენზიო კომისიის 2014 წლის 14 ნოემბრის №1 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. დ-ის მიმართ გამოტანილი დასკვნის ნაწილში და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2014 წლის 24 ნოემბრის №7 სხდომის ოქმში ასახული გადაწყვეტილება თ. დ-ის მიმართ გამოტანილი დასკვნის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 15 დეკემბრის №2319 ბრძანება თ. დ-ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და ქ. თბილისის მერიას დაევალა, თ. დ-ე აღადგინოს ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ... თანამდებობაზე; ქ. თბილისის მერიას თ. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 15 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდისათვის მიუღებელი თანამდებობრივი სარგო; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოება, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება თ. დ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, გადაეცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

საკასაციო სასამართლოს მიუთიტებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 7 მარტის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საპრეტენზიო კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინება. ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილების 1.2 პუნქტის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინების შეცვლის ფაქტობრივი საფუძველი აღარ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინება;

1. 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ნ. სხირტლაძე