Facebook Twitter

#ბს-145-143(კ-17) 29 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 22 იანვარს მ. თ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.

მოსარჩელემ თავდაპირველად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის მის სასარგებლოდ 1100 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად, დამატებით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით მ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1100 ლარის ოდენობით და ექსპერტიზის ჩატარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ იარსებებს ზიანის ანაზღაურებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინამძღვრები, კერძოდ სახეზე იქნება ზიანი, რომელიც მიყენებული იქნება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის იარსებებს მიზეზობრივი კავშირი, ამასთან, სახეზე იქნება პირის ბრალეულობა. კასატორის მითითებით, მოცემულ შემთვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ქმედებისა თუ უმოქმედობის მართლწინააღმდეგობას და ბრალეულობას გამორიცხავს ის გარემოება, რომ შემთხვევა გამოწვეული იყო დაუძლეველი ძალის - ძლიერი ქარის შედეგად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მხრიდან შეუძლებელი იყო ბუნებრივი მოვლენით გამოწვეული შემთხვევის თავიდან აცილება, მაქსიმალური ძალისხმევის შემთხვევაშიც კი.

გარდა აღნიშნულისა, კასატორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს მიზეზობრივი კავშირის შეფასებას მ. თ-ის მიერ მითითებულ მერიის უმოქმედობასა და დამდგარ ზიანს შორის. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ არ დასტურდება, რომ დაზიანებები გამოიწვია ტოტის დაცემამ და მათგან თუნდაც ერთ-ერთი არ გააჩნდა ავტომანქანას. კასატორი მიიჩნევს, რომ მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგეს პატრულის ოქმი, ვინაიდან საპატრულო პოლიციის გამოძახება მოხდა ფაქტის დადასტურების მიზნით, შესაბამისად შედგენილ ოქმში აღწერილია მხოლოდ ფაქტი და არა იმის შეფასება ხის ტოტის ჩამოვარდნამდე რა მდგომარეობაში იყო ავტომანქანა და მითითებული დაზიანებები გამოიწვია თუ არა ამ ფაქტმა. კასატორის მითითებით, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დააფიქსირებდა რა სახის ზიანი მიადგა ხის ტოტის დაცემის შედეგად ავტომანქანას.

ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვის ფურცელთან დაკავშირებით კასატორი აღნიშნავს, რომ თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას და დაადგენდა ზიანის არსებობის ფაქტს და ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნევდა მერიას, უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოებაც, რომ ხარჯთაღრიცხვის შედგენა უნდა მომხდარიყო შესაბამისი ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების და არა რომელიმე კონკრეტული ცენტრის ფასების მიხედვით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეების უკანონო ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის 42.9 მუხლის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლი აწესებს კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გავრცელების შესაძლებლობას, რაც გამოიხატა სამოქალაქო კოდექსით დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სახეების დადგენაში, იმ გამონაკლისის გათვალისწინებით, რაც თავად ამ კოდექსით არის განსაზღვრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, ასევე დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს. ამავე კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დაუძლეველი ძალის - ძლიერი ქარის გამო ზიანის ანაზღაურების ვალდებულების გამორიცხვის თაობაზე, აღნიშნულთან დაკავშირებით სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებებზე და „ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის #38 ბრძანების მე-6 მუხლზე მითითებით მიიჩნევს, რომ თბილისის ტერიტორიაზე არსებული გამწვანების ობიექტის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და ექსპლუატაცია, თბილისის ტერიტორიაზე ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის ამოცანას; ამავე ბრძანების მე-7 მუხლის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, სამსახურის ფუნქციაა თბილისში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა, აღდგენა და გაშენება-გამწვანება; ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ფორმირება და ამოძირკვა; ხოლო მე-4 მუხლის მიხედვით, სამსახური თავისი ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს თბილისის მერიას.

საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი თბილისის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს კრწანისის მიმართულების მეორე ოცეულის პატრულ-ინსპექტორის 2014 წლის 19 ოქტომბრის ოქმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, ... ქ. №35-ში, ძლიერი ქარის გამო მოტყდა ხის ტოტი და დაეცა ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით ..., რის შედეგადაც დაზიანდა ავტომანქანის სახურავი, მარჯვენა კუთხე და წინა საქარე მინა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ თბილისში, ... ქუჩა №35-ის მიმდებარედ მოქალაქე მ. თ-ის მიერ წარდგენილი ფოთოლმცვენი ხე-მცენარე არის მექანიკურად დაზიანებული, დაფუღუროებული შტამბით, რომელზედაც განვითარებულია შეფოთლილი ერთწლიანი ნაზარდები და ნაწილობრივ შემხმარი ტოტები, მცენარე დახრილია ცენტრიდან, მოსალოდნელია მცენარის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი არამარტო ტოტების, არამედ ვარჯის დედატოტის-ნაწილის გადამტვრევა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ჩაიდინა მმართველობითი ღონისძიების - მოქმედების - განუხორციელებლობა, არ უზრუნველყო მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება, რამაც დამდგარი ფაქტობრივი შედეგით ფიზიკურ პირს მიაყენა მატერიალური ზიანი.

საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას ხარჯთაღრიცხვის ფურცელთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების მიზნით განხორციელებული სამუშაოს შეუსაბამობას თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო საპატრულო სამმართველოს კრწანისის მიმართულების მეორე ოცეულის პატრულ-ინსპექტორის 2014 წლის 19 ოქტომბრის ოქმში დაფიქსირებულ დაზიანებასთან.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე

მოსამართლეები: მ. ვაჩაძე

ვ. როინიშვილი