კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
#ბს-229-227(კს-17) 30 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მიხეილ ჩინჩალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ვასილ როინიშვილი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ა-ის და გ. ა-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე.
2015 წლის 5 აგვისტოს ზ. ა-ემ და გ. ა-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების უსასყიდლოდ საკუთრებაში კანონიერ მოსარგებლეებზე გადაცემის შესახებ კომისიის და ა. კ-ის მიმართ.
მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ივნისის #01-30/173 ბრძანების (ა. კ-ზე კანონიერ სარგებლობაში არსებული სოფელ ... ქუჩა #1, მე-2 ჩიხი, სახლი #9, ბინა #8-ში (ყოფილი ... მეურნეობა სახლი #2) მდებარე 35.01 კვ.მ ფართის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ) ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობა, ასევე #836 საკუთრების უფლების მოწმობის და კომისიის 2014 წლის 7 მაისის #02 საოქმო გადაწყვეტილების ა. კ-ის ნაწილში ბათილად ცნობა და მოპასუხეებისათვის შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის და გ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 12 ივნისის #01-30/173 ბრძანება ა. კ-ზე კანონიერ სარგებლობაში არსებული 35.01 კვ.მ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, კომისიის 2014 წლის 7 მაისის #02 საოქმო გადაწყვეტილება ა. კ-ის ნაწილში და საკუთრების უფლების მოწმობა #836; მოპასუხეს - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების, სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ... თემი, სოფ. ..., ქუჩა #1, მე-2 ჩიხი, სახლი #9, ბინა #8-ში მდებარე 28.5 კვ.მ საცხოვრებელი ფართის და 6.36 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის კანონიერ მოსარგებლეზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. კ-მაც. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება თ. კ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 29 აგვისტოს განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ს. კ-ი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მხარეთა შუამდგომლობა; მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება შესაბამისი პირობებით; მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებისა და მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად შეწყდა საქმის წარმოება; მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
2017 წლის 9 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და ზ. ა-ეებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვეს.
საკასაციო სასამართლო ზ. ა-ის და გ. ა-ის კერძო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინების ასლი ზ. ა-ის და გ. ა-ის წარმომადგენელს დ. კ-ეს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე და 2017 წლის 23 იანვარს მას პირადად ჩაბარდა (ტ. 2, ს.ფ. 194). ამასთან, საქმეში არ მოიპოვება ზ. ა-ის ან/და გ. ა-ის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი განცხადება, მათ მიერ დ. კ-ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების შესახებ. ამდენად, ვინაიდან, წარმომადგენლისათვის დოკუმენტის ჩაბარება ითვლება მხარისათვის დოკუმენტის ჩაბარებად, ზ. და გ. ა-ეების მიერ კერძო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა 2017 წლის 24 იანვრიდან (კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის მიერ განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან) უნდა დაიწყოს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ა-ემ და გ. ა-ემ გაუშვეს კერძო საჩივრის წარდგენის ვადა, ვინაიდან, კერძო საჩივრის წარდგენის 12 დღიანი ვადა მათ 2017 წლის 6 თებერვალს (ორშაბათს) ამოეწურათ (რადგან ვადის ამოწურვის ბოლო (მე-12) დღე - 2017 წლის 4 თებერვალი იყო არასამუშაო დღე შაბათი), ხოლო კერძო საჩივარი მათ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2017 წლის 9 მარტს ანუ ვადის დარღვევით წარადგინეს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში და სწორედ, კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე მოცემული განჩინების აღსრულების მიზნით საქმეზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი (ტომი 2, ს.ფ. 201).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის და გ. ა-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 416-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა-ის და გ. ა-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 22 სექტემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ჩინჩალაძე
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
ვ. როინიშვილი