Facebook Twitter

#330310015760474

#ბს-29-28(კს-17) 9 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ნ-ი

მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დავის საგანი _ საქმეში მოპასუხედ ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 20 მარტს ნ. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 თებერვლის #MES 7 15 00134527 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ნ-ის სახელზე გაცემული ატესტატის აპოსტილით დამოწმების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 თებერვლის #MES 7 15 00134527 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ნ. ნ-ის სახელზე გაცემული ატესტატის A #088124 აპოსტილით დამოწმება დაევალა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ნ. ნ-მა დააზუსტა მოპასუხე და იშუამდგომლა მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმეში მოპასუხედ ჩართვის თაობაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს #405 დადგენილებით განისაზღვრა სპეციალური შტამპით - „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოები, დამოწმებას დაქვემდებარებული დოკუმენტები და დამოწმების პროცედურა. აღნიშნული დადგენილებით განისაზღვრა, რომ აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები (მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). ამავე წესის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად კი, ამგვარი დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელწმიფო სერვისების განვითარების სააგენტო - აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-N170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესი, რომლის მე-4 მუხლის თანახმადაც, დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე/ლეგალიზაციაზე უარის თქმის გამო სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელის აღძვრისა და ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების/ნაწილობრივ დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტოსათვის წარმოშობილი სასამართლო ხარჯები სრულად ანაზღაურდება ცენტრის მიერ. ამავე ბრძანების მე-5 მუხლის შესაბამისად, მხოლოდ ამ ბრძანების ამოქმედებამდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა რომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-N170 ერთობლივი ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე 2016 წლის 10 აგვისტოს, შესაბამისად, ბრძანების ამოქმედებიდან ანუ 2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის სუბიექტს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ატესტატის აპოსტილით დამოწმება აღარ განეკუთვნება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას და იგი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის, რის გამოც მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩართული უნდა იქნეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს #405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოა სააგენტო, გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელთა აპოსტილით დამოწმებაც განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას და სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ დღეის მდგომარეობით აპოსტილით დამოწმება სააგენტოს უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-#170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ ბრძანების ამოქმედებამდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე სააგენტო უფლებამოსილია მხოლოდ 2016 წლის 10 აგვისტოს შემდეგ მიღებულ განცხადებებზე განახორციელოს დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებისა და ამის შემდგომ აპოსტილით დოკუმენტის დამოწმების შემთხვევაშიც, ამ პროცესთან არავითარი შეხება, კანონმდებლობის მიხედვით, არ ექნება სააგენტოს.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან მხარემ აპოსტილით დამოწმების თაობაზე ცენტრს მიმართა სწორედ 2014 წლის 14 აგვისტოს, სასამართლომ კი ბათილად ცნო ცენტრის გადაწყვეტილება და აღადგინა თავდაპირველი მდგომარეობა - 2014 წლის 14 აგვისტოს განცხადება - მითითებულ შემთხვევაზე ვრცელდება სწორედ გარდამავალი პერიოდის ნორმა, რომელიც აქცენტს აკეთებს წესის ამოქმედებამდე ანუ 2016 წლის 10 აგვისტომდე მიღებულ განცხადებებზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააგენტო არ წარმოადგენს აღნიშნულ დავაში სამართალურთიერთობის მონაწილე სუბიექტს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 თებერვლის #MES 7 15 00134527 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც ნ. ნ-ს უარი ეთქვა ატესტატის აპოსტილით დამოწმებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ნ-ის სახელზე გაცემული ატესტატის აპოსტილით დამოწმების დავალება წარმოადგენს.

საქმის მასალების მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე ნ. ნ-მა დააზუსტა მოპასუხე და იშუამდგომლა მესამე პირის - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმეში მოპასუხედ ჩართვის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ატესტატის აპოსტილით დამოწმება აღარ განეკუთვნება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციას და იგი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებაში შედის, რის გამოც გასაჩივრებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მოცემულ ადმინისტრაციულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაბმულ იქნა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რასაც კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს #405 დადგენილებით დამტკიცებული „დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის“ პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს წესი განსაზღვრავს დოკუმენტების სპეციალური შტამპით – „აპოსტილით“ დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოებს, დამოწმებას დაქვემდებარებულ დოკუმენტებსა და დამოწმების პროცედურას; აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად აპოსტილით დამოწმებას ექვემდებარება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტები; ხოლო ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომელთა დამოწმებაც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-#170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გამოთხოვისა და მიწოდების წესის“ მე-5 მუხლზე, რომლის თანახმად, ამ ბრძანების ამოქმედებამდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო წარმოადგენს, გარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-#170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულებით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც ამ ბრძანების ამოქმედებამდე - 2016 წლის 10 აგვისტომდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებული განცხადებების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებას/ლეგალიზაციას განახორციელებს ცენტრი.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს #93/ნ-#170 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული წესის გარდამავალი დებულება ვრცელდება 2016 წლის 10 აგვისტომდე დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის მოთხოვნით მიღებულ განცხადებებზე და ვერ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სასამართლო არსებითად ბათილად ცნობს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარის თქმის შესახებ სადავო აქტს და თავისი გადაწყვეტილებით ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას.

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 20 თებერვლის #MES 7 15 00134527 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (რომლითაც ნ. ნ-ს უარი ეთქვა ატესტატის აპოსტილით დამოწმებაზე) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ნ. ნ-ის სახელზე გაცემული ატესტატის აპოსტილით დამოწმების დავალება წარმოადგენს, შესაბამისად, სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხეა მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ხოლო ნ. ნ-ის სახელზე გაცემული ატესტატის აპოსტილით დამოწმების დავალების ნაწილში - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, ატესტატის აპოსტილით დამოწმება უნდა დაევალოს მოქმედი კანონმდებლობით დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ნოემბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი