#ბს-400-395(კ-14) 27 მარტი, 2017 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ვ. ლ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური, ა. გ-ა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინება
განხილვის საგანი _ საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 3 ოქტომბერს ვ. ლ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურისა და ა. გ-ას მიმართ.
მოსარჩელემ თავდაპირველად სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის #115306 და 2012 წლის 7 მაისის #152332 გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 29 აგვისტოს #2490 განკარგულების ბათილად ცნობა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად დამატებით ა. გ-ასთვის ქ. თბილისი, ... გამზირი #10-ში მდებარე კორპუსის კედლისა და საძირკვლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვალის, მის მიერ აშენებული კიბის დემონტაჟის, ტროტუარის მოპირკეთების სამუშაოების ჩატარებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის დავალება მოითხოვა. ამასთან, დაზუსტდა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურსა და ა. გ-ასთან ერთად მიეთითა ქ. თბილისის მერია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება სამოქალაქო საქმეზე ვ. ლ-ის სარჩელისა გამო ა. გ-ასა და ბინათმშენებლობის ამხანაგობა „...“ მიმართ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების ოქმის ბათილად ცნობის თაობაზე, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
2017 წლის 17 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ლ-მა, რომელმაც დავის საგნის არარსებობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა და განცხადებას თან დაურთო მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სამოქალაქო საქმეზე #2ბ/1097-15 დამტკიცდა მორიგება ა. გ-ასა და ვ. ლ-ს შორის შემდეგი პირობებით: ა. გ-ა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გადასცემდა საკუთრებაში ვ. ლ-ს 70 000 აშშ დოლარად; ვ. ლ-ი ა. გ-ას გადასცემდა საფასურს სამ ეტაპად: 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 10 ოქტომბერს, 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 10 ნოემბერს, 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 25 დეკემბერს; ვ. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გადავიდოდა სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებისთანავე; ვ. ლ-ს თანხის სრულად გადახდამდე აეკრძალა მორიგების საგნის (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გასხვისება ან სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა; 2016 წლის 30 დეკემბრამდე თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში ქონება საკუთრების უფლებით კვლავ ა. გ-ას სახელზე აღირიცხებოდა; მხარეთა მორიგების საფუძვლით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და ვ. ლ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განჩინებით განახლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო ვ. ლ-ის განცხადებას დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და მოცემულ საქმეზე დავის საგნის არარსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არ არსებობს დავის საგანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 10 აპრილის #115306 და 2012 წლის 7 მაისის #152332 გადაწყვეტილებების, რომლითაც ა. გ-ას ნება დაერთო ქ. თბილისი, ... გამზირი #10, ფასადზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებასა და კორექტირებული ესკიზური ფოტომონტაჟის საფუძველზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაზე და ვ. ლ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მერიის 2012 წლის 29 აგვისტოს #2490 განკარგულების ბათილად ცნობა და ა. გ-ასთვის ქ. თბილისი, ... გამზირი #10-ში მდებარე კორპუსის კედლისა და საძირკვლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის, მის მიერ აშენებული კიბის დემონტაჟის, ტროტუარის მოპირკეთების სამუშაოების ჩატარებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის დავალება.
2017 წლის 17 მარტს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ლ-მა, რომელმაც დავის საგნის არარსებობის გამო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა და განცხადებას თან დაურთო მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინება, რომლითაც სამოქალაქო საქმეზე #2ბ/1097-15 დამტკიცდა მორიგება ა. გ-ასა და ვ. ლ-ს შორის შემდეგი პირობებით: ა. გ-ა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გადასცემდა საკუთრებაში ვ. ლ-ს 70 000 აშშ დოლარად; ვ. ლ-ი ა. გ-ას გადასცემდა საფასურს სამ ეტაპად: 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 10 ოქტომბერს, 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 10 ნოემბერს, 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს - 2016 წლის 25 დეკემბერს; ვ. ლ-ის სახელზე საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გადავიდოდა სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებისთანავე; ვ. ლ-ს თანხის სრულად გადახდამდე აეკრძალა მორიგების საგნის (ს/კ ..., მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ... გამზირი #10, 96 კვ.მ სარდაფი) გასხვისება ან სხვაგვარი უფლებრივი დატვირთვა; 2016 წლის 30 დეკემბრამდე თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში ქონება საკუთრების უფლებით კვლავ ა. გ-ას სახელზე აღირიცხებოდა; მხარეთა მორიგების საფუძვლით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება და ვ. ლ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
ამასთან, განცხადებაზე თან დართული მასალით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, ... გამზირი #10-ში მდებარე 96 კვ.მ სარდაფის მესაკუთრეს წარმოადგენს ვ. ლ-ი, ხოლო ა. გ-ა ადასტურებს ვ. ლ-ის მიერ თანხის სრულად გადახდასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გათვალისწინებული პირობების სრულად შესრულებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს დავის საგანი, ვინაიდან ქ. თბილისი, ... გამზირი #10-ში მდებარე 96 კვ.მ სარდაფი, რომელზე განხორციელებულ სარეკონსტრუქციო სამუშაოებსაც ხდიდა სადავოდ ვ. ლ-ი, კასატორის - ვ. ლ-ის საკუთრებას წარმოადგენს, აღნიშნული კი დავის საგნის არარსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ს 2014 წლის 23 ივნისს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვ. ლ-ს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-9 მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის „ა1“ ქვეპუნქტით, 273-ე და 408-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის _ ვ. ლ-ის განცხადება დავის საგნის არარსებობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ვ. ლ-ის სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არარსებობის გამო;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 10 იანვრის განჩინება;
4. ვ. ლ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ. ხ-ის მიერ 2014 წლის 23 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ნახევარი - 150 ლარი;
5. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
ვ. როინიშვილი