Facebook Twitter

#330310114584099

#ბს-4-3(კ-17) 9 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2014 წლის 1 სექტემბერს დ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ ქ. თბილისის #... საჯარო სკოლაში წარსადგენ დირექტორთა კანდიდატურების ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს #977 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დ. მ-ის ქ. თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დირექტორობის კანდიდატად წარსადგენ სიაში შეყვანის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 სექტემბრის განჩინებით დ. მ-ის შუამდგომლობა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს #977 ბრძანების „იმ კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სიის დამტკიცების შესახებ, რომელიც ასარჩევად წარედგინებიან ქალაქ თბილისის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს“ მოქმედება იმ ნაწილში, რომელიც ეხება #... საჯარო სკოლის წარსადგენად დირექტორის კანდიდატურას, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად ქ. თბილისის #... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორობის კანდიდატად დ. მ-ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს #951 ბრძანებით (დირექტორის უფლების მქონე პირების საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის წარდგენის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე) შექმნილი კომისიის 2014 წლის 25 აგვისტოს #3 სხდომის ოქმისა და ქ. თბილისის #... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორად დ. მ-ის კანდიდატურის წარუდგენლობის ნაწილში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს #977 ბრძანების ბათილად ცნობა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის დ. მ-ის ქ. თბილისის #... საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის დირექტორობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 22 აგვისტოს #951 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2014 წლის 25 აგვისტოს #3 სხდომის ოქმი სსიპ ქ. თბილისის #... სკოლის დირექტორობის კანდიდატად დ. მ-ის წარდგენაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 29 აგვისტოს #977 ბრძანება #... საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატად დ. მ-ის წარუდგენლობის ნაწილში და მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დ. მ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 18 იანვრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 11 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი