Facebook Twitter

#330310115774561

#ბს-60-59(3კს-17) 9 მარტი, 2017 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრების ავტორი (მესამე პირი) _ შპს „...“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) _ დ. ბ-ი, ნ. კ-ე, ნ. ხ-ი, დ. ფ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების კანონიერება

გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9, 16 და 26 დეკემბრის განჩინებები

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2015 წლის 8 აპრილს დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიმართ, ხოლო მესამე პირად მიუთითეს - შპს „...“.

მოსარჩელეებმა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №624827 და 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. ამასთან, მოსარჩელეებმა გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე იშუამდგომლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №624827 და 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანებების მოქმედების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე; დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ის შუამდგომლობა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 16 აპრილის №624827 ბრძანების მოქმედების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ის და დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

2016 წლის 29 ნოემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერებით შპს „...“ უკვე მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით დ. ბ-ისთვის, ნ. კ-ისთვის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ისთვის სასამართლოს ანგარიშზე 276 469 ლარის განთავსების დავალება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეჩერებული იქნა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 17.02.2015 წლის №1739376 ბრძანების მოქმედება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება, არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–ე მუხლის საფუძველზე (სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე) აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებების და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებულ ნორმაში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, მოპასუხე მხარის უფლება გაასაჩივროს განჩინება კერძო საჩივრით, მოითხოვოს შეჩერების გაუქმება და ა.შ; ამასთან, მითითებული ნორმა არ უშვებს აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას სასამართლოს მიერ მხარის მოთხოვნის საფუძველზე დავის დასრულებამდე; სააპელაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ აღნიშნული არ ართმევს მხარეს უფლებას დავის დასრულების შემდეგ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საერთო საფუძველზე მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ არის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2. მუხლის საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199–ე მუხლის გამოყენების წანამძღვრები; შესაბამისად, შპს „...“ მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ არ ეფუძნება საპროცესო კანონმდებლობას და დაუსაბუთებელია.

2016 წლის 13 დეკემბერს შპს „...“ კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო

კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებულია მხარის უფლება მოითხოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების გაუქმება მხოლოდ 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეჩერებულია აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29–ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წანამძღვრები; შესაბამისად, შპს „...“ მოთხოვნა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის №3/2552-15 განჩინების გაუქმების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

2016 წლის 21 დეკემბერს შპს „...“ კვლავ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, სადავო აქტის გაუქმების მოტივად დამატებით მიუთითა ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების შეცვლა ან გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის დასახელებული ნორმით გათვალისწინებული პირობის არსებობა, ვინაიდან მხარის მიერ მითითებული გარემოება (სასამართლომ სარჩელზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებამდე დააკმაყოფილა სარჩელში დაყენებულ შუამდგომლობა) არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ახლად აღმოჩენილად და განჩინების გაუქმების ან შეცვლის საფუძვლად.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი უშვებს შესაძლებლობას, რომ მხარის შუამდგომლობა აქტის შეჩერების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს სარჩელის აღძვრამდეც, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებით აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს სარჩელის წარმოებაში მიღებამდე, მათ შორის ხარვეზის შევსებამდე შეაჩეროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება. შუამდგომლობის ავტორი უთითებს აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ ზიანზე. სააპელაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს, რომ აღმჭურველი აქტის მოქმედების შეჩერება როგორც წესი იწვევს დაინტერესებული მხარისთვის ზიანის მიყენებას, თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება ჩაითვალოს მოცემულ შემთხვევაში ახლად აღმოჩენილი გარემოებად. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას. სწორედ ამ ნორმის საფუძველზეა შეჩერებული სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის №3/2552-15 განჩინებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდიანრე, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის №3/2552-15 განჩინების გაუქმების წინაპირობები, ამდენად, შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9, 16 და 26 დეკემბრის განჩინებები კერძო საჩივრებით გაასაჩივრა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერებით შპს „...“ ადგება ზიანი, კერძოდ, შპს „...“ მშენებლობის განხორციელება 1683 კვ.მ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ... ქუჩა №31/... ქუჩა №10 (ს/კ ...) დაუკვეთა შპს „...“, რომელმაც გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერების გამო ვერ განახორციელა სამუშაოების დასრულება სამშენებლო სამუშაოების შესახებ 2015 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რის გამოც, შპს „...“ შპს „...“ წარუდგინა პრეტენზია, რომლითაც აღნიშნული ხელშეკრულების მოშლა და პირგასამტეხლოს ანაზღაურება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „...“ მოუწევდა შპს „...“ პირგასამტეხლოს ანაზღაურება აუთვისებელი თანხის 5%-ის ოდენობით. ასევე, კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სადავო აქტის მოქმედების შეჩერებით ვერ მოხერხდა სამუშაოების დაწყება და შესაბამისად, ვერ დაიწყო მშენებარე ბინების გაყიდვები, რამაც წარმოშობილი ამოცანების გადასაწყვეტად შპს „...“ იძულებული გახადა სხვა გზით მოეპოვებინა ფინანსები და აეღო კრედიტი. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე და აღნიშნვს, რომ რამდენადაც გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება ზიანს აყენებს შპს „...“, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და დ. ბ-ს, ნ. კ-ეს, ნ. ხ-სა და დ. ფ-ეს უნდა დაევალოთ შპს „...“ უკვე მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს ანგარიშზე 276 469 ლარის განთავსება. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივს და მიუთითებს, რომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით შეუძლებელია იმის გარკვევა, თუ რომელი მუხლით შეაჩერა სასამართლომ ადმინისტრაციული აქტი. მაშინაც კი, თუ ჩავთვლით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით შეაჩერა, მაინც შესაძლებელია 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენება, რადგან 29-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონი აჩერებს ადმინისტრაციულ აქტს და თუ სასამართლოს უფლება აქვს ასეთი შეჩერება გააუქმოს 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით, მაშინ მას მითუფრო აქვს უფლება, რომ გააუქმოს 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით გამოყენებული შეჩერება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, თუ ასეთი დასკვნა პირდაპირ არ გამომდინარეობს 29-ე მუხლიდან, მაშინ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა კანონის ანალოგიით და დაეკმაყოფილებინა მათი მოთხოვნა.

ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ ზიანზე და ასევე იმ ფაქტზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება შეაჩერა იმ პირობებში, როდესაც სარჩელზე ხარვეზი იყო დადგენილი. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობს არა სარჩელის აღძვრამდე შუამდგომლობა, არამედ სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა ბრძანების შეჩერების თაობაზე, შესაბამისად, მოსამართლეს მანამ არ უნდა ემსჯელა შუამდგომლობაზე, სანამ არ გამოსწორდებოდა ხარვეზი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ასევე კანონის და სამართლის ანალოგიის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს მათი საჩივარი და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრისა და 20 თებერვლის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...“ კერძო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრების საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ის შუამდგომლობის საფუძველზე შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება შპს „...“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ის და დ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

2016 წლის 29 ნოემბერს შპს „...“ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომლითაც სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერებით შპს „...“ უკვე მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით დ. ბ-ისთვის, ნ. კ-ისთვის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ისთვის სასამართლოს ანგარიშზე 276 469 ლარის განთავსების დავალება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „...“ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

2016 წლის 13 დეკემბერს და 21 დეკემბერს შპს „...“ კვლავ განცხადებებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილების საფუძველზე სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის და 26 დეკემბრის განჩინებებით შპს „...“ შუამდგომლობები თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 31-ე მუხლებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში უფლების დროებითი დაცვის სამართლებრივი საშუალებები ამავე კოდექსით განსაზღვრული სარჩელის სახეების მიხედვით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებული უფლების დროებითი დაცვის ღონისძიება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე, ამავე კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას წარმოადგენს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განჩინება, როგორც უფლების დროებითი დაცვის საშუალება, გამოიყენება ყველა სხვა სახის სარჩელთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებები ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველყოფას ემსახურება და მხარეთა შორის დავის დასრულებამდე ახდენს მოსარჩელის უფლებებისა და ინტერესების დროებით დაცვას და უზრუნველყოფს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებების თავიდან აცილებას.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა თავად არეგულირებს სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ისეთ ორ სახეობას, როგორიც არის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი) და დროებითი განჩინების მიღება (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლი).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“ საქართველოს სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლზე მითითებით მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერებით შპს „...“ უკვე მიყენებული და მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით დ. ბ-ისთვის, ნ. კ-ისთვის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ისთვის სასამართლოს ანგარიშზე 276 469 ლარის განთავსების დავალება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დ. ბ-მა, ნ. კ-ემ, ნ. ხ-მა და დ. ფ-ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მოითხოვეს არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე და შუამდგომლობა სადავო აქტების მოქმედების შეჩერების თაობაზე ეფუძნებოდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას; ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით სწორედ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე დააკმაყოფილა დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ის შუამდგომლობა და შეაჩერა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლში რეგლამენტირებულია როგორც ის პირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო უფლებამოსილია მოახდინოს გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება, ასევე მოცემულია ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რომელიც უკავშირდება სასამართლოს მიერ აქტის მოქმედების შეჩერებას, მათ შორის, სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივრის დაშვება, აქტების მოქმედების შეჩერების გაუქმება და ა.შ. ამასთან, მითითებული ნორმა არ უშვებს აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, რაც გამორიცხავდა მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე შპს „...“ სასარგებლოდ დ. ბ-ის, ნ. კ-ის, ნ. ხ-ისა და დ. ფ-ისთვის უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის დავალებას.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. როდესაც ესა თუ ის საკითხი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით არ არის მოწესრიგებული იგი შეიძლება გადაწყდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით, თუმცა, აუცილებლად ადმინისტრაციული საპროცესო ნორმების დაცვით. ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი საერთოდ არ იცნობს აქტის მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში 29-ე მუხლთან მიმართებაში აღნიშნული ღონისძიების გამოყენება დაუშვებელია.

ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე და 199-ე მუხლებით გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ სახეზე გვაქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული აქტების მოქმედება შეჩერდა ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა მოცემული ვითარება, როდესაც არ დააკმაყოფილა შპს „...“ შუამდგომლობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გასაჩივრებული აქტების მოქმედების შეჩერების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „...“ კერძო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 16 და 26 დეკემბრის განჩინებების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განჩინებებით შპს „...“ უარი ეთქვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედების შეჩერების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმების შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება ავტომატურად არ ჩერდება, ანუ სარჩელის სასამართლოში შეტანა არ ატარებს სუსპენზიურ ეფექტს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „...“ თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილების საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინების გაუქმება, რომლითაც შეჩერდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ითვალისწინებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შემთხვევებს, კერძოდ, 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც მხარის მოთხოვნით, სასამართლოს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში გააუქმოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერება, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის გადაუდებელი აღსრულების აუცილებლობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან (არსებით) ზიანთან ან ზღუდავს მხარის კანონიერ უფლებას ან ინტერესს; ხოლო 29-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულია შემთხვევა, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოების არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეცვალოს ან გააუქმოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგლამენტირებულია მხარის უფლება მოითხოვოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის მოქმედების შეჩერების გაუქმება 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი შეჩერებულია ავტომატურად 29-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 17 თებერვლის №1739376 ბრძანების მოქმედება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, შესაბამისად, სახეზე არ გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წანამძღვრები.

ამასთან, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითა აქტის მოქმედების შეჩერებით გამოწვეულ ზიანზე და ასევე, იმ ფაქტზე, რომ საქალაქო სასამართლომ სარჩელზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორებამდე დააკმაყოფილა სარჩელში დაყენებული შუამდგომლობა აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ახლად აღმოჩენილ გარემოებად და განჩინების გაუქმების ან შეცვლის საფუძვლად, რაც გამორიცხავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „...“ კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 29-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „...“ კერძო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 9, 16 და 26 დეკემბრის განჩინებები;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე

ვ. როინიშვილი